გვესმის ამ საკითხის სენსიტიურობა და ხისტ მოქმედებებს ვერიდებით, თუმცა ეტაპობრივად ვახორციელებთ ღონისძიებებს, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებში ზღუდავს გარევაჭრობის მოწყობას, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. ლექვინაძე დღეს თბილისის სხვადასხვა ბაზრის მოვაჭრეს შეხვდა და მათგან გარევაჭრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები მოისმინა.
„თბილისის მერიას დაწყებული აქვს თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციებში გარევაჭრობის შეზღუდვა. პირველ ეტაპზე დავიწყეთ ბორბლებიანი სავაჭრო ობიექტების შეზღუდვა, რომლებიც საპარკინგე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ გარევაჭრობას. ასევე, უკვე შეიზღუდა გარევაჭრობა რიყის პარკის ტერიტორიაზე, ლესელიძეზე, რუსთაველზე. ამიტომ, ბუნებრივია, ის მოთხოვნა, რომელიც დადგა დღეს თბილისის მერიის წინაშე სამართლიანია და მერია შეზღუდავს ამ ტიპის გარევაჭრობებს “, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე განცხადებით, ყველაზე რთული ლოკაციები გარევაჭრობის მხრივ არის სადგურის მოედნის ტერიტორიაზე, ვარკეთილში, ახმეტელსა და დელისზე.
ცნობისთვის, თბილისში არსებული ბაზრების მოვაჭრეებმა დღეს თბილისის მერიასთან აქცია გამართეს.