გია ბაღაშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთ საინტერესო შემოქმედზე, ლელა თათარაიძეზე ვრცელ ნარკვევს აქვეყნებს.
„ნაფიქრალი ლელა თათარაიძეზე
ლელა თათარაიძეზე პირდაპირ შეგვიძლია ითქვას, რომ ის არის საუკეთესო წარმომადგენელი, ნამდვილი ეტალონი თუშური მუსიკალური შემსრულებლებისა.
ისტორიულად, სწორედ მისი დარი დიდოსტატები ახდენდნენ ხოლმე დიდ გარღვევებს, აკეთებდნენ იმ აღმოჩენებს ხალხურ შემოქმედებაში, რომელთაც შემდგომში სხვები ითვისებდნენ. ეს აღმოჩენები ხალხის კოლექტიური ცნობიერების ნაწილად იქცეოდა და საერთო, ეროვნულ, ფოლკლორულ მემკვიდრეობად ყალიბდებოდა.
ლელას მსგავსი კორიფეები, ხალხის ნაწილნი და ხალხის შემოქმედებიდან ამოზრდილნი, იპყრობდნენ საოცარ სიმაღლეებს და მწვერვალზე მდგომნი, სხვებს ეხმარებოდნენ ამ სიმაღლისკენ სავალი გზის დაძლევაში.
მოგეხსენებათ, ძველ რომაელებს ეკუთვნით ცნობილი გამონათქვამი: “არს ლონგა, ვიტა ბრევის” – სიცოცხლე ხანმოკლეა, ხელოვნება კი მარადიულიო. ლელა თათარაიძე მთელი ცხოვრება თავდადებით ემსახურება მარადიულობასთან წილნაყარ ხელოვნებას – ქართულ ფოლკლორს. და მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლორის ერთ-ერთი ცნობილი განსაზღრება ასეთი გახლავთ – “ხელოვნება-არახელოვნება” (რაც მის შინაგან ამბივალენტობას წარმოაჩენს და ეს ორბუნებოვნება გულისმობს იმას, რომ ფოლკლორი ბოლომდე არასოდეს წყდება ყოფას და გარკვეული დოზით მაინც ინარჩუნებს საკუთარ თავში უტილიტარულ ხასიათს), ამისდა მიუხედავად, იმდენად რაფინირებულია ლელა თათარაიძის შემოქმედების ესთეტიკური ბუნება, რომ იგი სწორედ მაღალი, ნატიფი ხელოვნების ნიშან-თვისებებით ხასიათდება.
ერთი ფრაზით რომ ეთხოვა ვინმეს ლელას საშემსრულებლო სტილის დახასიათება, ასე ვიტყოდი: ღრმა ტრადიციულობასთან შერწყმული ელვარე ინდივიდუალიზმი. ამასთან, ლელა თათარაიძის შემოქმედებას შინაგანი მრავალფეროვნება და ფართო სახეობრივ-ემოციური დიაპაზონი გამოარჩევს. მისი ნამღერი რბილი, დახვეწილი, ქალურია და იმავდროულად, შინაგანად დამუხტული, გაუტეხელი, ძალმოსილი… თანაც, ეს ყოველივე ბუნებრივად, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე თავსდება განუმეორებელ საშემსრულებლო მანერასა და ბგერათწარმოქმნაში. ლელასთან ერთი სიმღერის მანძილზე ისე იცვლება ემოციური შეფერილობა ინტონაციური ქსოვილისა, როგორც ამინდი მთის ხეობაში; ისეთივე ელვარე და გამომსახველია მისი ხმის ტემბრი, როგორც მთის კალთებზე არეკლილი მზის სხივებით შექმნილი ფერთა უმდიდრესი გამა.
ლელა თათარაიძე დიდი მომღერალია, პირველ რიგში იმიტომ, რომ თავად ის ხელოვნებაა დიდი, რომლის უბადლო ინტერპრეტატორი და თანაშემოქმედიცაა, როგორც ფოლკლორული ქმნადობის უწყვეტი, მრავალსაუკუნოვანი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი. გარდა ამისა, იგი იმ ნიშნითაც არის დიდი მომღერალი, რაც მხატვრული აზრის განზოგადებისა და მუსიკალური ხორცშესხმის შინაგან მასშტაბურობას გულისხმობს. ამ მხრივაც ლელას ბადალი არ ჰყავს. ერთი შეხედვით უბრალო, ლირიკულ თუშურ მელოდიას ისე იმღერებს რომ, თავად შენ შეიცვლები და აღარასდროს იქნება შენი ლირიკული სამყარო ისეთი, ამ მელოდიის მოსმენამდე რომ იყო. იგი გცვლის, გაკეთიშობილებს, სულს გილამაზებს, ისე როგორც ეს მხოლოდ დიდ შემოქმედთ ძალუძთ… და კიდევ ერთი, სადაც არ უნდა ააჟღერო ლელას ნამღერი, ნებისმიერი ეპოქის, ნებისმიერი ჟანრის, მსოფლიო სახელის მქონე მომღერლის ჩანაწერის გვერდით, იგი არ გაფერმკრთალდება, არ დაკარგავს მხატვრულ ღირებულებასა და თვითმყოფადობას.
არაერთხელ მაქვს ჩემი თვალით ნანახი, თუ როგორ მომაჯადოებელ ზემოქმედებას ახდენს ლელა თათარაიძის შესრულება უცხოელ მსმენელსა და მაყურებელზე. ჩემს საზღვარგარეთულ ლექციებში, როგორც წესი, საილუსტრაციოდ ყოველთვის ვრთავ ხოლმე რამდენიმე ფოლკლორულ ნიმუშს ლელა თათარაიძის შესრულებით. არასოდეს დამავიწყდება ის აღტაცება, რომლითაც მას ხვდებოდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტში, სტენფორდის უნივერსიტეტში, ბერკლიში, ჰელსინკის სიბელიუსის აკადემიაში, ოსლოს კონსერვატორიაში, მადრიდის სამეფო კონსერვატორიაში. იქაური პროფესურა და სტუდენტები ერთხმად აღნიშნავდნენ ლელას უბადლო ოსტატობასა და თვიმყოფადობას.
ერთი იდუმალება აქვს კიდევ ჩემთვის ლელას შემოქმედებას. ეს არის დროსთან მიმართება. დიდი ფრანგი მკვლევარი, კლოდ ლევი-სტროსი აღნიშნავს, მითოსის მსგავსად მუსიკაც დროის განადგურების უნივერსალური ინსტრუმენტიაო. როცა უსმენ ლელა თათარაიძეს, დრო თითქოს კარგავს ჩვეულ, ქრონოლოგიურ ბუნებას და სულ სხვა, გაცილებით დიდ მნიშვნელობას იძენს. ამასთან, ვერ ხვდები რომელი ეპოქაა შენს წინაშე… ის, რა დროშიც ეს ჰანგი თავდაპირველად შეიქმნა და აჟღერდა, თუ – დღევანდელობა… სიმღერის პირველქმნილობისა და თანამედროვე შეფერილობის, ერთდრულად, ასეთი შინაგანი ორგანულობით წარმოჩენა მხოლოდ ლელა თათარაიძის დონის ოსტატს შეუძლია. ამიტომაც, რაც უფრო ხშირად ვისმენ ხოლმე ლელას ნამღერს:
“მეკითხა დილა-ცისკარ-საღამოს,
მყოლოდა ლელა, ბაკური, ჩონთა,
რომ ვყვარებოდი მწყემს და სალამურს,
იქნება ჯობდა, იქნება ჯობდა…”
სულ უფრო მეტად ვფიქრობ, რომ არ ჯობდა. თუ ასეთი შედევრები აღარ უნდა შექმნილიყო, მაშინ ძალიანაც კარგი, თუ მწყემსმა და სალამურმა სხვა შეიყვარა და გაუხუნარი მხატვრული ღირებულების მქონე ეს მარგალიტები ჩვენ დაგვრჩა. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნისთვის ნამდვილად ასე სჯობდა. ეს, ცხადია, ხუმრობით. სერიოზულად კი ის მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის, არა მხოლოდ როგორც ეთნომუსიკოლოგისთვის, არამედ როგორც ინსტრუმენტალისტისთვის, დღემდე ამოუცნობია ის მაგია, რომლითაც ლელა სიცოცხლეს შთაბერავს ხოლმე გარმონს. საოცარია, როგორი სინატიფით გრძნობს იგი იმ იდუმალ მომენტს, როდესაც მუსიკალური ფრაზა დასასრულს უახლოვდება და მხოლოდ მას, როგორც ნამდვილ მუსიკალურ დემიურგს, ძალუძს გაუხანგრძლივოს ამ ფრაზას სიცოცხლე და განუმეორებელი იერი შესძინოს, ან პირიქით – უმალ ჩააქროს და ახალი ფრაზა მოუნაცვლოს. გასაოცარია, რა ფაქიზად გრძნობს ის ამ ძნელად შესამჩნევ წყალგამყოფს და განსაცვიფრებელი ოსტატობით წარმოაჩენს ხოლმე ტემპო-რიტმულ თუ ინტონაციურ ნიუანსებს!
ლელა იმ ნიშნითაც უნივერსალურია, რასაც ინსტრუმენტული და ვოკალური შესრულების შინაგანი ერთიანობა ჰქვია. ვერავინ ახერხებს, მასავით „აამღეროს“ თუშური გარმონი და ვერც იმას ახერხებს, ინსტრუმენტული ფაქტურა ასე ბუნებრივად მოარგოს საკუთარ ვოკალს. როცა ლელა თათარაიძის განუმეორებელ ვიბრაციას ისმენ, თითქოს თვალწინ გიდგას “… გარმონზე აცეკვებული თითები თუში ქალისა…” იმდენად მკაფიო და გამომსახველია ვოკალური ფრაზის დასასრულს მისეული მიმქრალი ვიბრაციით მოხაზული მუსიკალური ინტერვალები, რომ ლამის გარმონის ხის კლავიშების ხმაც კი მოგესმას, ლელას ბაგეთაგან აჟღერებული.
რა ბედნიერებაა, რომ ამქვეყნად ლელა თათარაიძე ცხოვრობს და გვაქვს საშუალება ცოცხლად მოვუსმინოთ, დავტკბეთ და ვეზიაროთ ქართული ჰანგის იდუმალებას… „რა ლამაზია თუშეთი და ლაშარობა თუშური…“
გია ბაღაშვილი, ეთნომუსიკოლოგი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი“.