LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ცვლილებების გამოწვევა შეუძლია სტრესულ გარემოს ორგანიზაციებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1499
ლიკა-კაპანაძე

რა ცვლილებების გამოწვევა შეუძლია სტრესულ გარემოს ორგანიზაციებში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლიკა კაპანაძემ ისაუბრა.

რა ცვლილებების გამოწვევა შეუძლია სტრესულ გარემოს ორგანიზაციებში?

სწრაფი ცვლილებები ჩვენი საუკუნის თანმდევია. თითოეული თაობა არსებობის განმავლობაში რამდენიმე სახის გლობალური ცვლილების მომსწრე და მონაწილეა. სწრაფი და ნაკლებად პროგნოზირებადი ცვლილებები ცხადია აისახება მოსახლეობის მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2023 ანგარიშგების მიხედვით, სტრესს და სტრესით შექმნილი ჯანმრთელობის რისკებს მსოფლიოს ეკონომიკებისთვის 7 ტრილიონი ზარალის შექმნა შეუძლია.

ორგანიზაციებში ნელ-ნელა ჩნდება ინტერესი ჯანმრთელ სამუშაო გარემოზე, რომ სტრესით გამოწვეულმა ქცევებმა ბიზნესის უწყვეტობის რისკი არ გაზარდოს. სტრესის გავლენაზე მენეჯერების ქცევა და გადაწყვეტილებები განსაკუთრებით საყურადღებოა.

რა შეიცვალა ამ კუთხით ბოლო წლებში?

კოვიდის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ორგანიზაციებში. კოვიდამდე თანამშრომლებისთვის ძირითადი სტრესფაქტორები იყო ზედმეტი სამუშაო საათები, დიდი ოდენობით სამუშაოს შესრულება, რუტინული სამუშაო, პირადი და სამსახურებრივი ცხოვრების ბალანსი, შიდა კონკურენცია და სხვა ფაქტორები.  თუმცა, კოვიდის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და გართულდა კიდეც. კოვიდის პერიოდში სწრაფმა ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინა თანამშრომლების, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ მდგომარეობაზე. მაშინდელმა გაურკვევლობამ, გამოიწვია მაღალი შფოთვა, რომელსაც ბევრი ადამიანი ვერ გაუმკლავდა და შესაბამისად, გაუჭირდათ ადაპტაცია ახალ გარემოსთან, რამაც შემდგომში კვალი დატოვა მათ ფსიქიკაზე.

თუ გადავხედავთ ტენდენციას საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა თავისი მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც ცხადია, პანდემიის მიერ გამოწვეულ სტრესთან გამკლავების მცდელობის შედეგია.

დღევანდელ დღეს ორგანიზაციებში სტრესფაქტორების ყველაზე დიდი წილი ფინანსურ ნაწილზე მოდის და გავლენას ახდენს თანამშრომლის, როგორც ზოგად კეთილდღეობაზე, ასევე ჩართულობაზე და სამუშაოს შესრულებაზე. მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციისა და რეცესიის პირობებში, ადამიანებს თავიანთი შემოსავლით ხშირად უჭირთ ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც ცხადია შფოთვის დონეს მაღლა წევს. ასევე მათ აწუხებთ არასტაბილური გარემო, რის შედეგადაც იზრდება სამსახურიდან გათავისუფლების, შემცირების ალბათობა. ხშირია დატვირთვის ზრდა და ახალი უნარების სწრაფად ათვისების მოთხოვნა.

როგორ აისახება მენეჯერებზე სტრესი?

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი და განუწყვეტელი ცვლილებების ფონზე ცხადია, რომ არსებული სტრესის დიდი წილი სწორედ მენეჯერებზე მოდის. მათთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა სწრაფად მოერგონ ცვლილებებს, აითვისონ ახალი უნარები, შეინარჩუნონ თავისი და თანამშრომლების სამუშაო ადგილები. სტრესი სამუშაო ადგილზე გარდაუვალია და მეტსაც ვიტყვი, ის მოტივატორია თანამშრომლისა და ორგანიზაციის ზრდისა და განვითარებისთვის. მაგრამ ძლიერი სტრესს და დაძაბულობას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება პროფესიულ გადაწვამდე მივყავართ.

მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანები სამ სტადიას გავდივართ ძლიერი და ხანგრძლივი სტრესის დროს. პირველი შეტყობინება, რასაც ჩვენი ორგანიზმი გვაძლევს ეს არის შფოთვა. ამ დროს გვაქვს გახშირებული ტკივილები კუნთებში, მადის დაქვეითება ან პირიქით გაძლიერება და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. მეორე სტადია არის წინააღმდეგობა, როცა ეს სიმპტომები ქრება და ორგანიზმი მობილიზდება, რომ გაუმკლავდეს ხანგრძლივ სტრესს. ამ დროს ორგანიზმის იმუნიტეტი მცირდება იმუნიტეტი და შესაბამისად, ხშირია ავადობა. თუ სტრესი ძალიან დიდ ხანს გრძელდება და მისი ინტენსივობა არ იკლებს, მაშინ დგება პროფესიული გადაწვის საშიშროება. ორგანიზმში აღარ ხდება საჭირო რაოდენობით ჰორმონების გამოყოფა და ადამიანი ვეღარ უმკლავდება სტრესულ სიტუაციას, რასაც ხშირად ისევ შფოთვისკენ მივყავართ. აქ უკვე ვლინდება მუდმივი დაღლილობა, წარუმატებლობის შეგრძნება და ემოციური სიცარიელე, რაც ცალსახად უარყოფითად აისახება მენეჯერის ეფექტურ მუშაობაზე.

ხანგრძლივ ძლიერ სტრესს მძიმე შედეგებამდე მივყავართ. ამიტომ რა თქმა უნდა აუცილებელია მენეჯერმა გუნდში შექმნას გამჭვირვალე გარემო, სადაც თანამშრომლები ღიად შეძლებენ გამოხატონ თავიანთი აზრი და დაასახელონ ის სტრესფაქტორები, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს მათზე და ხელს უშლის მათ სამუშაოს ეფექტურად შესრულებაში. თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია, დაინახონ, რომ ორგანიზაცია ზრუნავს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე და ითვალისწინებს მათ გამოთქმულ მოსაზრებებს.

სტრესი იმდენად ხშირი და თანმდევი გახდა ჩვენი ცხოვრებისთვის, რომ ლიდერები თითქოს მიეჩვივნენ მასთან ერთად ცხოვრებას და აღარ ხდება ხშირად ყურადღების გამახვილება სტრესფაქტორის შემცირებაზე. ჩემი ხედვით, ახლა ლიდერები განიცდიან სწორედ წინააღმდეგობის ფაზას, სადაც უნდა მოხდეს არსებულ ცვლილებებთან ადაპტაცია, რისთვისაც სჭირდებათ რესურსების სრული მობილიზაცია. ცხადია, ამ დროს ნაკლები ყურადღება ექცევა არსებულ სტრესფაქტორების შემცირებას და პროაქტიულ ქმედებებს ამ მიმართულებით. ახლა ლიდერების ძირითადად კონცენტრირებულნი არიან რომ ფეხი აუწყონ ამ სწრაფად ცვალებად გარემოს და გადაარჩინონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

magti 5g