LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ცვლილებებს გეგმავს სოციალური სააგენტო – ინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან

socsaagento

სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა, მათი რესურსების სწორად განაწილება, ანაზღაურებადი ტრანსპორტი, – ეს ის საკითხებია, რომლის მოწესრიგებასაც სოციალური მომსახურების სააგენტო რეორგანიზაციის შედეგად გეგმავს. ამ თემებთან დაკავშირებით „ფორტუნას“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ესაუბრა.

მინისტრის მოადგილეს ბოლო პერიოდში სოციალური მუშაკების მიერ დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებითაც ვკითხეთ. კერძოდ, საქმე ეხება გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრში შექმნილ პრობლემას, სადაც თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. ისინი ამბობენ, რომ 4 სოციალური მუშაკის გათავისუფლების შემდეგ, მათი ახალი კადრებით ჩანაცვლება არ მომხდარა, რამაც მომატებული მიმართვიანობის ფონზე, სამუშაო პროცესის პარალიზება გამოიწვია. თამარ ბარკალაიას ესმის, რომ მათ რთულ და სტრესულ ვითარებაში უწევთ მუშაობა, თუმცა ამბობს, რომ სამუშაო პროცესის პარალიზება რომ არ მომხდარიყო, მათ თბილისის სხვა რაიონებიდან, დროებით დაამატეს ამ ორ სერვის-ცენტრში სოციალური მუშაკები, მათ შორის, დაემატათ უფროსი სოციალური მუშაკიც. 

 

“გარდა ამისა, მიმდინარეობს დანიშვნის პროცედურები 5 ახალი სოციალური მუშაკისა, რომელიც გადანაწილდება სწორედ ამ ორ სერვის-ცენტრში. თუ არ ვცდები, კვირის დასაწყისში უნდა დასრულდეს ეს პროცედურა. გარდა ამისა, ამ დროისთვის უკვე გამოცხადებულია 25 ვაკანსია. ხოლო ჯამში, 2019 წლისთვის, სოც მომსახურების სააგენტოში 50 სოციალური მუშაკის ვაკანსიაა განსაზღვრული,” – განმარტავს “ფორტუნასთან” საუბარში თამარ ბარკალაია.

რომ დავაზუსტოთ, ამ ეტაპზე არის 239 სოც მუშაკი, ჯამში 2019 წელს რამდენი სოც მუშაკი ეყოლება სოც სააგენტოს?

ჯამში 300 იქნება. 250 ისედაც იყო, დავამატეთ 50 და 300 იქნება. თუმცა, სოც მუშაკის პოვნა რთულია და განსაკუთრებით რეგიონებში.

ამასთან დაკავშირებით, სოც მუშაკები აღნიშნავდნენ, რომ მათი მუშაობა არ მოითხოვს განსაკუთრებულ კვალიფიკაციას და აიყვანენ თუ არა სოც მუშაკს, ეს უფრო სააგენტოს სურვილზეა დამოკიდებული და არა კვალიფიკაციის პრობლემაზე. კონკრეტულად, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სოც მუშაკი?

ზოგადად და საერთაშორისო სტანდარტი არის, რომ მას ბაკალავრიატი უნდა ჰქონდეს სოციალურ მუშაობაში დამთავრებული. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ვინაიდან სოციალური მუშაკი არის ახალი პროფესია საქართველოში, ამიტომ მომიჯნავე პროფესიებიდანაც იყო საშუალება და ახლაც არის, რომ დავასაქმოთ.

რაც შეეხება პრობლემას, ეს ნამდვილად არის, რადგან საქართველოში არსებობს მხოლოდ 2 უნივერსიტეტი, რომელსაც ეს ფაკულტეტი აქვს და ჯამში, წელიწადში 40 კურსდამთავრებული ჰყავს, ისიც მხოლოდ თბლისში. შესაბამისად, თბილისშიც კი, რთულია მათი აყვანა და რეგიონებში განსაკუთრებით. ამიტომ არსებობს სეტიფიცირების კურსიც, რომელიც ამ სფეროში დასაქმების მსურველს შეუძლია გაიაროს.

გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი

ამ მხრივ ასევე საინტერესოა, სააგენტოში არსებულ სამუშაო პირობებთან ერთად, ხომ არ ქმნის პრობლემას ანაზღაურებაც, რის გამოც, შესაძლოა, ეს პროფესია არ არის პოპულარული?

სოციალურ სააგენტოში ანაზღაურება არ არის იმაზე მეტი ან იმაზე ნაკლები სოციალური მუშაკისთვის, რაც არის სოციალური სააგენტოს სხვა ანალოგიური ტიპის თანამშრომლებისთვის. კერძო სექტორს ვერ შევედრებით, თუმცა, სხვა სახელმწიფო დაწესბულებებს მეტ ნაკლებად შეესაბამება. ნამდვილად არ არის მაღალი ხელფასი, ნამდვილად დაბალია იმასთან შედარებით, რაც სტრესი მოყვება ამ სამუშაოს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მითუმეტეს, რეგიონებში ეს არის რომელიმე სხვა დაწესებულებაზე ნაკლები ხელფასი.

ჩვენ ვიცით, რომ პრობლემაა ტრანსპორტირებაც. არა ერთხელ ითქვა იმის თაობაზე, რომ რაც უფრო კარგად მუშაობს სოციალური მუშაკი, მით ნაკლები ხელფასი რჩება. ამ მხრივ თუ იგეგმება რაიმეს შეცვლა და როდის?

აი, ამაში ნამდვილად დაგეთანხმებით. კი, იგეგმება ამის შეცვლა და ეს იმ რეფორმის ნაწილი იქნება, რომელიც უკვე დაანონსებულია და რომლის განხორციელებაც დაწყებულია. რეორგანიზაცია მიმდინარეობს სოც სააგენტოსი და ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის, ამ საკითხზეც. რეორგანიზაცია დასრულდება მარტში და გადაწყვეტილებები იქნება უკვე ამ დროისთვის მიღებული.

ერთ-ერთმა მუშაკმა განაცხადა ჩვენთან საუბარში, რომ თითო სოც მუშაკს თვეში დაახლოებით 100-110 შემთხვევაზე უწევს რეაგირება. ამასთან, ვიცით, რომ  ერთ შემთხვევაზე, ხშირად, საჭიროა რამდენიმე ვიზიტის განხორციელება. როგორ ფირქობთ, თუნდაც 300 სოც მუშაკი რამდენად ეყოფა ამას?

საკმარისობა ძალიან პირობითი რამეა და საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც კვოტირება დააწესა სოციალურ მუშაკზე. კანონმა დაგვავალდებულა, რომ დროთა განმავლობაში გავზარდოთ სოც მუშაკთა რაოდენობა და კვოტირება მოვახდინოთ, რომ თითო მათგანზე 50 ქეისზე მეტი არ მოდიოდეს. გაკეთდა კვლევა, თუ რაში იხარჯება სოც მუშაკების დრო რეალურად. მაგალითად, არის საკითხები, სადაც სოც მუშაკის კომპეტენცია არ არის საჭირო და ადმინისტრაციული კომპეტენციაც საკმარისია. ეს რეკომენდაციები უკვე გაანალიზებულია და შესაბამისად, ხდება სოც მუშაკის სამუშაო პირობების შეცვლა, რომ სოც მუშაკი გარდა რაოდენობრიობისა, ხარისხობრივადაც გაუმჯობესდეს.

გლდანი ნაძალადევის სერვის-ცენტრი

კვოტირების დაწესებას როდის გეგმავთ?

ეს კანონში გაწერილი ვალდებლებაა, რომელიც სრულად ამოქმედდება 2021 წლიდან. შესაბამისად, ჩვენ მანამდე გვაქვს ვადა, რომ გავზარდოთ რაოდენობა, ხარისხობრივად დავხვეწოთ მათი მუშაობა და სისტემაში შემოვიყვანოთ სხვა მომიჯნავე პროფესიებიდან ადამიანები, სერტიფიცირება ამაში დაგვეხმარება.

აქვე მინდა გკითხოთ ფსიქოლოგებზეც. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ნებისმიერი ძალადობის მსხვერპლი უზრუნველყოს ფსიქოლოგიური მომსახურებით. რამდენად აკმაყოფილებს არსებული რესურსი – 11 ფსიქოლოგი არსებულ მოთხოვნებს?

გეთანხმებით, რომ ეს არ არის საკმარისი და იგეგმება მათი დამატება. ჩვენ გვაქვს მეტად პრობლემური და ნაკლებად პრობლემური რეგიონები მომართვიანობის მიხედვით და ვიცით, სად არის ყველაზე მეტი საჭიროება. თუმცა, ჩვენი შიდა რესურსი არ არის ერთადერთი ამ მხრივ. გაძლიერდება მანდატურის სამსახურთან, სადაც ფსიქოლოგიური სამსახური არსებობს, ამასთან, ჩვენს უწყებაში არის ტრეფიკინგით დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც კრიზისულ ცენტრებს კურირებს საქართველოს მასშტაბით. ახლა ხდება მათი გადამზადება, რომ ბავშვთა ფსიქოლგიური მომსახურების მიმართულებით გამოვიყენოთ მათი ფსიქოლოგების რესურსი.

ამ ცვლილებებს როდის უნდა ველოდოთ?

რეორგანიზაციის შემდეგ გვეცოდინება, როგორი იქნება სოციალური მომსახურების სააგენტო. კომისია შექმნილია და პროცესი დაწყებულია.

საინტერესოა იმის გარდა, რაზეც ვისაუბრეთ, კიდევ რა პრობლემები გამოიკვეთა და თუნდაც, ბოლო შემთხვევამ რამდენად დაგვანახა არსებული სისტემური პრობლემები?

ბოლო შემთხვევა, რომელიც მოხდა იყო ტრაგედია, მათ შორის თითოეული ჩვენგანისთვის და დარწმუნებული ვარ იმ სოციალური მუშაკებისთვის, რომელსაც ქონდათ ეს ქეისი. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის სისტემურ პრობლემასთან დაკავშირებული. ნამდვილად იყო გულგრილობა და არრეაგირება შემთხვევაზე იმ სოციალური მუშაკებისგან, რომლებსაც უნდა ქონოდათ რეაგირება. სისტემური პრობლემის არსებობა არ არის ამ შემთხვევაში განმაპირობებელი იმ ფატალური შემთხვევისა.

გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი

თქვენ ამბობთ, რომ გადატვირთულობის პრობლემამ არ იმოქმედა იმაზე, რომ დროული რეაგირება არ მოხდა?

თქვენ მეუბნებით, რომ სოციალური მუშაკი, რომელიც გამოძახებული იქნა საავადმყოფოს მიერ, რომელიც მივიდა და ნახა რა მდგომარეობაში იყო ბავშვი, არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება, იმიტომ რომ მას ჰქონდა 100 ქეისი? მე ამაში ვერ დაგეთანხმებით. ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ დღეს არსებობს პროცედურები, რომლის მიხედვით მას შეეძლო და უნდა გაკეთებინა რეაგირება. დაგეთანხმებით ერთ რამეში – იმიტომ რომ გადატვირთული იყო სოც მუშაკი, შესაძლოა, მას არ მოეხდინა მაგალითად, ოჯახის გაძლიერება, პრევენცია და ნამდვილად გვაქვს პრობლემა ამ კუთხით, მაგრამ ძალადობის მსხვერპლი რომ დაიცვას, ამის სისტემა ნამდვილად არსებობს.

თუმცა, ძალადობის სტატისტიკაც მზარდია და თითოეულ სოც მუშაკს შეიძლება ჰქონდეს ძალიან ბევრი შემთხვევა, რომელიც ძალადობასთან არის დაკავშირებული.

კი, გეთანხმებით, სწორედ ამიტომაც ვაპირებთ ჩვენ სოციალური მუშაკების რაოდენობრივ ზრდას და ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული იანვარში იმ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, არამედ ეს იყო გადაწყვეტილება 2018 წელს, როცა ჩვენ დავგეგმეთ, შესაბამისად, ბიუჯეტში ავსახეთ და ახლა უკვე გამოვაცხადეთ.

თქვენ ახსენეთ, რომ პრევენციის კუთხით არის გარკვეული პრობლემები, რა არის ამ კუთხით დასახვეწი და როგორ უნდა განხორციელდეს ძალადობრივი შემთხვევების პრევენცია?

პრევენცია პირველ რიგში ოჯახის გაძლიერებით, სოციალური ინტეგრაციით, ინფორმირებით, საზოგადოებასთან აქტიური და პროაქტიური მუშაობით უნდა ხდებოდეს, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება, რა თქმა უნდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g