LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაუჯდება ბიუჯეტს წინასაარჩევნო კამპანია?

120

ზუსტად იმის განსაზღვრა, თუ რა დაუჯდება ქვეყნის ბიუჯეტს წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია, ამის შესახებ, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტმა, ნინო რიჟამაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ჯერჯერობით, ცნობილია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციის ხარჯების გასაწევად 32 მილიონი ლარი გამოყო, რაც, სავარაუდოდ, გაიზრდება, ვინაიდან ეს თანხა 2-თვიან ვადაზე იყო გათვლილი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პარტიების საბაზო დაფინანსება და წინასაარჩევნო კამპანიისათვის გათვალისწინებული სარეკლამო ხარჯები, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს.

”საარჩევნო კოდექსით, წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები იღებენ გაორმაგებულ ხელფასს იმ ვადით, რა ვადითაც მიმდინარეობს საარჩევნო პერიოდი. კერძოდ,  წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, ანუ ნოემრბის შუა რიცხვებამდე” – განაცხადა ნინო რიჟამაძემ.

რაც ეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტის განმარტებით, საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, პარტიები საწევრო შენატანებსა და შემოწირულობებსაც იღებენ. ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, პარტიის სახელზე, წლის განმავლობაში 60 ათასი ლარი შეიტანონს, ხოლო იურიდიულ პირებს – 120 ათასი ლარი. გარდა ამისა, პარტიები ვალდებული არიან, შექმნან საარჩევნო კამპანიის ფონდი და ფინანსური საქმიანობის ანგარიში, პერიოდულად, წარუდგინონ აუდიტის სამსახურს.

”პარტიები დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც სპეციალური ფორმულით გამოითვლება და გაწერილია ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით. გარდა საბაზისო დაფინანსებისა, ისინი იღებენ დაფინანსებას პარლამენტში არსებული ფრაქციებისა და დეპუტატების რაოდენობის შესაბამისად. ზოგადად,  ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,  პროპორციულ ნაწილში, ამომრჩეველთა ხმების 3%-ზე მეტი მიიღეს” – განაცხადა ნინო რიჟამაძემ.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g