LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დოზით უნდა ჩაერთონ მშობლების გარდა სხვა პირები ბავშვის აღზრდაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1016
თეო-გუბიანური

რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების ერთიანი პოზიცია და რა დოზით უნდა ჩაერთონ მშობლების გარდა სხვა პირები ბავშვის აღზრდაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ისაუბრა.

ბავშვის აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია მშობლებს ჰქონდეთ საერთო შეხედულება და იქცეოდნენ თანმიმდევრულად: არსებობდეს შეთანხმება, თუ როგორ აღზარდონ ბავშვი (მაგალითად: ერთი მშობელი უვითარებს სოციალურ პასუხისმგებლობას „ნაგავს ქუჩაში არ ვყრით“, ხოლო მეორე უგულებელყოფს ამას – „დაყარე, რა მოხდა მერე, მაინც ყველა ყრის“- ეს არ იქნებოდა შეთანხმებული შეხედულება).

აუცილებელია თანმიმდევრულობა, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს მოსალოდნელი შედეგები და ჰქონდეს ნათელი წარმოდგენები იმაზე, თუ რას მოელიან მისგან, რა ქცევას რა შედეგი მოჰყვება. თუ ბავშვი ტირის მაღაზიაში სასურველი სათამაშოსთვის და ჩვენ ერთ დღეს ვაჯილდოებთ და ვყიდულობთ სათამაშოს, მეორე დღეს ვეუბნებით, რომ „რომ ტირი არ გიყიდი“, ბავშვი ვერასდროს მიხვდება რომელი ქცევა არის სწორი მოცემულ სიტუაციაში.

როგორ უვითარდება ბავშვს მშობლების მაგალითზე ემოციური სფერო?

როდესაც მშობლები შეთანხმებულად ცდილობენ, რომ უარყოფითი ემოციები არ გამოხატონ ბავშვის თანდასწრებით, ეს მნიშვნელოვანია მისი ემოციური სტაბილურობისთვის. თუმცა აქ იმასაც ვიტყვი, რომ ემოცია მაინც გადადის ბავშვზე სულ რომ არ გამოვხატოთ მისი თანდასწრებით არაფერი.

ბავშვი სწავლობს სხვებზე დაკვირვებით, მის გარშემო არსებობენ მოდელები, რომელთაც იგი ჰბაძავს. ეს ავტომატური პროცესია, თავისით ხდება. მოდელირებით სწავლობს, მაგალითად, როგორ გადაჭრას პრობლემები, როგორ გამოხატოს ემოციები და ა.შ.

ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი აღმზრდელების შეთანხმებულ ქმედებას, ბავშვთან მიმართ მათ თანმიმდევრულ დამოკიდებულებას და მოთხოვნებს და ემოციურ სტაბილურობას, ასე იქმნება მყარი ფსიქიკისთვის საფუძველი.

უნდა ერეოდნენ თუ არა გარშემომყოფები აღზრდის მოდელში?

ჩვენ გარემოში დამკვიდრებული ქცევაა ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიური ჩარევა/თანამონაწილეობა. ზოგიერთი მშობელი ითხოვს კიდეც ასეთ ჩარევას. როგორც ყველაფერს, აქაც გვაქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. სოციალური გარემოს უარყოფითად ჩარევა მშობლების მიერ ბავშვის აღზრდის პროცესში გულისხმობს: სხვა ადამიანების მხრიდან (როგორი ახლო ადამიანებიც არ უნდა იყვნენ) მშობლის ავტორიტეტის დაქვეითებას.

ბავშვისთვის მშობელი უნდა იყოს ავტორიტეტი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბოლოო სიტყვა მშობლის უნდა იყოს, ეს თუ ასე არ ხდება ითრგუნება მშობლის ავტორიტეტი, რაც თავის მხრივ შეუქცევად სირთულეებს იწვევს ბავშვი-მშობლის და უშუალოდ მშობლებს შორის ურთიერთობაში.

თუმცა, სხვა ადამიანების არსებობას ბავშვის გარემოში დიდი მნიშვნელობაც აქვს. ბავშვი სწავლობს სხვადასხვა სოციალურ უნარს მათი დახმარებით. მშობელი ბავშვს აძლევს ბაზას, ამზადებს სოციუმისთვის, ხოლო ბავშვი თვითონ აყალიბებს ურთიერთობას სხვებთან, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია განვითარებაში, ამიტომ ის ამბავი, რომ ბავშვი სხვადასხვა სტრატეგიას ირჩევს სხვადასხვა ადამიანთან კომუნიკაციის პროცესში ბუნებრივი პროცესია, ასეც უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები