LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დროს არის ხმის ჩახლეჩა და ხველა საგანგაშო – ექიმი ფონიატრი ირინა ქაცარავა

565
stumradeqimtan17jl

როგორ გავუფრთხილდეთ ხმას, რა დროს ხდება ხმის ჩახლეჩვა საგანგაშო და რა ტიპის ხველას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  ფონიატრთა და ფონოპედთა ასოციაციის პრეზიდენტმა, საქართველოს აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ფონიატრიური განყოფილების ხელმძღვანელმა,  ირინა ქაცარავამ ისაუბრა.

– ქალბატონო ირინა, მოგესალმებით და მადლობას გიხდით სტუმრობისათვის. მინდა საუბარი დავიწყოთ აქტუალური პრობლემით, რომელიც ძირითადად შემოდგომაზე გვაწუხებს. მაშინ, როდესაც იწყება სიცივეები და რესპირატორიული ინფექციების სეზონი, თუმცა მან შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს იჩინოს თავი. ეს პრობლემაა ხმის ჩახლეჩა. ერთის მხრივ ხმის ჩახლეჩა დისკომფორტს ქმნის, მეორესმხრივ კი შეიძლება მიუთითებდეს რაიმე პრობლემაზე. რა დროს უნდა ჩავთვალოთ ეს ჩივილი საყურადღებოდ ან საგანგაშოდ?

მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისათვის. ხმის ჩახლეჩას მრავალი ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს, ის შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მარტივი ვირუსით, ასევე სერიოზული დაავადებით. გამომწვევი შეიძლება იყოს გაციება, სეზონური გრიპი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, რომელიც შემდეგ რთულდება ხორხის ანთებით და ლორწოვანი გარსის შეშუპებით. მიზეზი შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები და კიბოსწინარე დაავადებებიც. გარდა ამისა, შეიძლება საქმე გვქონდეს სახმო აპარატის ფუნქციურ დარღვევებთან, როდესაც ვიზუალურად ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ხმის იოგების ფუნქცია დარღვეულია. გასათვალისწინებელია არაერთი სხვა ფაქტორიც. ეს არის ფარისებრი ჯირკვალი, ცენტრალური ნერვული სისტემა, ასევე სტრესი, ნერვიულობა. საკმაოდ ხშირია ეს ჩივილი მენოპაუზის ასაკის ქალბატონებში, ასევე პუბერტატულ ანუ გარდატეხის პერიოდში მამაკაცებშიც, მათთან პროცესი საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს. საერთო ჯამში ეს პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია.

-მისაღებია თუ არა ამ პრობლემის არსებობა მაშინ, როდესაც ის მცირე დროით გრძელდება და არ საჭიროებს ექიმის ჩართულობას? თუ რაღაც ეტაპის მერე აუცილებელია მივმართოთ ექიმს?

როგორც აღვნიშნე, გააჩნია გამომწვევ მიზეზს. თუ გამომწვევი ბანალური, სეზონური ვირუსია, რასაკვირველია შესაძლებელია სახლში მკურნალობა. როგორც წესი, ვირუსი 3-7 დღე მიმდინარეობს და მას არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, გარდა სიცხის დამწევებისა და სითხის მიღებისა. მაგრამ თუ ხმის პრობლემები ვირუსს არ უკავშირდება და ორ კვირაზე დიდხანს გრძელდება, ეს უკვე საყურადღებოა და აუცილებლად გამოსაკვლევია. ამ დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და გავითვალისწინოთ მისი რეკომენდაციები.

-მინდა გკითხოთ ხალხური მედიცინის მეთოდებთან დაკავშირებით, რომელსაც ადამიანების გარკვეული ნაწილი ძალიან ენდობა. ყველას გვსმენია არაერთი ხალხური საშუალება, იქნება ეს ნაყენები, უმი კვერცხი, თბილი რძე თაფლით თუ სხვა. მინდა გკითხოთ რომელიმე ეს საშუალება რეალურად ეხმარება თუ არა ადამიანს ე.წ. „ხმის წასვლასთან“ ბრძოლაში?

მოდით საბოლოოდ დავანგრიოთ მითი იმის შესახებ, რომ უმი კვერცხი ხმის მოსვლას უწყობს ხელს. არ ვიცი ეს მითი საიდან მოდის. ვივარაუდებ რომ ადრე, როდესაც არ არსებობდა მედიკამენტები, კვერცხს ყელის ლორწოვანის დასატენიანებლად იყენებდნენ, თუმცა დღეს ამდენი მედიკამენტის არსებობის პირობებში უმი კვერცხი არ უნდა გამოვიყენოთ, მითუმეტეს, რომ თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის მიღება საშიშია. კვერცხი მივირთვათ მოხარშულ ან შემწვარ მდგომარეობაში.

რაც შეეხება სხვა ხალხურ საშუალებებს, მაგალითად გვირილის ნაყენს, ბებოს მიერ დამზადებულ მურაბას ან კომპოტს, ასკილის ჩაის თუ სხვადასხვა საშუალებებს, ისინი კარგია გრიპის ვირუსის დროს, თუმცა ხმის აღდგენასთან არანაირ კავშირში არ არის. ამიტომ კიდევ გავიმეორებ, თუ არ ხართ გაციებული ან არ გაქვთ გრიპი, ხოლო თქვენი ხმის ჩახლეჩა გახანგრძლივდა და ორ კვირაზე დიდხანს გაგრძელდა, ნუ მიიღებთ უმ კვერცხს ან კონიაკს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მისი დანიშნულების მიხედვით იმოქმედეთ.

-მინდა დაგისვათ საინტერესო შეკითხვა ე.წ. „ყელიდან წამოსული ხველის“ შესახებ, რომელიც განსაკუთრებით მჭახე მოსასმენია. ექიმებს არ უყვართ ეს ტერმინი, ისევე როგორც ყელიდან წამოსული ვირუსი ან სიცხე, თუმცა ფაქტია, რომ ეს არის ხველა, რომელიც არ მოდის ქვედა სასუნთქი გზებიდან. რა ტიპის ხველაა ეს?

დიახ, მედიცინაში ტერმინი „ყელიდან წამოსული ხველა“ არ არსებობს, თუმცა არსებობს ხველა, რომელიც არ არის გამოწვეული ბრონქების ან ფილტვების დაზიანებით. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით, მაგალითად პოსტნაზალური წვეთის სინდრომით, როდესაც გვაქვს ქრონიკული რინიტი და ლორწო მუდმივად გადადის ცხვირ-ხახაში, რაც იწვევს მექანიკურად ხველას. ხშირად ხდება ისეც, რომ ხველა, რომელსაც „ყელისმიერს“ ეძახიან, გამოწვეულია ყელის ქრონიკული სიმშრალით ან გასტროეზოფაგალური რეფლუქსით. რეფლუქსის დროს კუჭიდან შიგთავსის ამონატყორცნი შეიძლება ხორხის ან ხახის ლორწოვან გარსზე მოხვდეს, რაც ხველას იწვევს. ეს ძალიან შემაწუხებელი პრობლემაა. ხშირად პაციენტები წლობით იტანჯებიან, თუმცა  არ იციან მიზეზი. ისინი იყენებენ ხველის საწინაარმდეგო მედიკამენტებს, რომლებიც არ შველის, რადგან საჭიროა ჯერ მიზეზის დადგენა და მასთან ბრძოლა. ხველა შეიძლება ლარინგიტმაც გამოიწვიოს, თუმცა იშვიათად.

-ყველა ეს ხველა გავს ერთმანეთს თუ განსხვავდება? შეუძლია თუ არა ადამიანს, რომელსაც სამედიცინო განათლება არა აქვს, დაინახოს განსხვავება?

მაგალითად გასტროეზოფაგალური რეფლუქსის დროს სახეზეა მშრალი ხველა და პაციენტებს აქვთ შეგრძნება, რომ თითქოს ყლაპვის დროს რაღაც ბურთივით ეჩხირებათ. იგივე შეგრძნება აქვთ მათ პოსტნაზალური გადანადენის დროსაც, თუმცა გრძნობენ, რომ რაღაც ჩადის ყელში. ორივე შემთხვევაში სახეზეა მშრალი ხველა და მათი ერთმანეთისაგან განსხვავება პაციენტს არ შეუძლია.

-თქვენ ლარინგიტი ახსენეთ, რომელიც ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ დიფერენციაცია? როდესაც ბავშვი ხმას კარგავს, ეს ყოველთვის ცრუ-კრუპია თუ რაიმე ვირუსის ფონზე ან გახანგრძლივებული ხველის ფონზე შეიძლება ბავშვმა ხმა დაკარგოს? თუ ეს ლარინგოტრაქეიტზე ან ლარინგიტზე მიუთითებს?

ცრუ-კრუპს ახასიათებს სამი ძირითადი ნიშანი, რომელიც მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ. ეს არის ხმის ჩახლეჩა, სუნთქვის გაძნელება და ხველა, რომელიც ძალიან გავს ყივანახველას ხმაურის გამო. მაღალი ტემპერატურა ცრუ-კრუპს არ ახასიათებს, სიცხე ამ დროს სადღაც 38-მდე იწევს. თუ ყველა სიმპტომი ერთდროულად არის სახეზე, საქმე გვაქვს ცრუ-კრუპთან, რომელსაც აქვს ადვილი, საშუალო და მძიმე ფორმები. რასაკვირველია, პირველი შეტევის დროს მშობელი იბნევა, იმიტომ რომ ეს მარტივი საყურებელი არ არის, მით უმეტეს, რომ შეტევა შესაძლოა  ღამის საათებში მოხდეს. ამ დროს ბავშვს სჭირდება წამოჯდომა, არ ჰყოფნის ჰაერი. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვს მსგავსი შეტევები შესაძლოა გარკევულ ასაკამდე გაუგრძელდეს, რადგან მის ხორხს ანატომიური თავისებურებები ახასიათებს, ხორხი და ხორხსარქველი ვიწროა და როდესაც ხდება შეშუპება, ჰაერი არ გადის ისე, როგორც საჭიროა. ამიტომაც ხდება ეს შეტევები. ასაკთან ერთად ეს პრობლემა თავისით იხსნება.

რაც შეეხება ლარინგიტს, ლარინგიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ლარინგიტი ძირითადად ვირუსულია და მას ანტიბიოტიკოთერაპია არ სჭირდება, თუმცა თუ ლარინგიტს ბაქტერიული ტოზილიტი ერთვის, ასეთ დროს საჭიროა მკურნალობა. ქრონიკული არის ლარინგიტი, რომელიც 3 კვირაზე მეტხანს გრძელდება. ის შეიძლება დაკავშირებული იყოს რეფლუქსთან, სიგარეტის მოწევასთან, სხვადასხვა მავნე ნივთიერებების ინჰალირებასთან. პრინციპში ამ დროს სიმპტომები იგივეა, თუმცა მკურნალობა ცოტა განსხვავებულია.

-როგორც ბრძანეთ, ცრუ-კრუპი შეიძლება იყო მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ფორმის. თუ არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი სახლის პირობებში ვმართოთ გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებით? თუ სუნთქვის გაძნელებისას სასწრაფოდ უნდა მოხდეს ბავშვის ჰოსპიტალიზება?

რასაკვირველია, მსუბუქი ფორმის ცრუ-კრუპი შეიძლება ვმართოთ სახლის პირობებში თუ გვაქვს ინჰალაციის საშუალება. ამ დროს ძირითადად კორტიკოსტეროიდების ინჰალაცია გამოიყენება. თუ ინჰალაცია ბავშვს შეტევას უხსნის, ესე იგი საქმე გვაქვს მსუბუქ ფორმასთან. თუმცა თუ შეტევა გახანგრძლივდა, აუცილებელია ბავშვის სტაციონარში გადაყვანა.

 

მინდა გკითხოთ კვლევებთან დაკავშირებით. რა ტიპის კვლევები უნდა ჩატარდეს ხმის და ყელის პრობლემების დროს იმისათვის, რომ დავადასტუროთ ან გამოვრიცხოთ ამა თუ იმ პრობლემის სერიოზულობა?

პირველ რიგში უნდა ჩატარდეს ხორხის ენდოსკოპია, ხორხის ვიდეოსტროპოსკოპიული კვლევა. ეს მტკივნეული არ არის, ერთადერთი დისკომფორტი რაც არ კვლევას შეიძლება მოჰყვეს, ღებინების გაძლიერებული შეგრძნებაა. ასეთ დროს ჩვენ ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებებს მივმართავთ. პაციენტები ხშირად მეკითხებიან, ჰგავს თუ არა კვლევა გასტროსკოპიას. მინდა გითხრათ რომ არა, რადგან ხორხის ენდოსკოპიის დროს  მხოლოდ ხორხის დათვალიერება ხდება. ეს კვლევა ხორხის ნებისმიერი დაავადების შეფასების საშუალებას იძლევა. თუ პაციენტს სამ კვირაზე მეტ ხანს უგრძელდებოდა ჩივილები, საჭიროა ხმის აკუსტიკური ანალიზის გაკეთება, რომელიც ხმის პარამეტრებს განსაზღვრავს.

-ვისაუბროთ ოპერაციების შესახებ. რა ტიპის ოპერაციები ტარდება თქვენს ცენტრში და რა დროს არის საჭირო ოპერაცია? როგორია ოპერაციის შემდეგომი პერიოდი და რას ვასწორებთ მისი  საშუალებით?

ოპერაციით ხდება იმის გამოსწორება, რაც ვერ სწორდება თერაპიული და მედიკამენტოზური გზით. ძირითადად ეს ხდება მაშინ, როდესაც პაციენტები უკვე დაგვიანებულ სტადიაზე მოგვმართავენ. მაგალითად დღეს ხმოვანი იოგის ორმხრივი პოლიპოზის ოპერაცია გვქონდა. აუცილებელია ეს ოპერაცია გაკეთდეს ხმის კონტროლის ქვეშ. რასაკვირველია წინასწარ კეთდება ვიდეოსტროპოსკოპია და ხმის აკუსტიკური ანალიზი იმიტომ, რომ ოპერაციის შემდეგ პარამეტრები შევაფასოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტისათვის მაინც ხმის რეაბილიტაციის კურსია, რომელიც ოპერაციიდან გარკვეული ხნის შემდეგ უნდა გაიაროს იმისათვის, რათა მისი ხმის სრული აღდგენა მოხდეს. ეს კურსი მოიცავს ხმის სპეციალურ სავარჯიშოებს, ხმის თერაპიას. ჩვენ გვაქვს შეხება ლორწოვან გარსთან და ხმის იოგების სახით ისეთ ორგანოსთან, რომელიც მუდმივად ვიბრირებს და კონტაქტშია ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე ალბათობა დიდია იმისა, რომ ოპერაციის შემდეგ ნაწიბური ისე არ შეხორცდეს, როგორც საჭიროა. ამისთვისაა აუცილებელი სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც ხელს უწყობს ლორწოვანის აღდგენას.

-თქვენ ბრძანეთ, რომ ოპერაცია საჭირო ხდება მაშინ, როდესაც მედიკამენტებით და თერაპიით მკურნალობა უკვე შეუძლებელია. მაინც სადამდე შეიძლება ამ პრობლემამ მიიყვანოს ადამიანი?

პრობლემას გააჩნია. არსებობს ბევრი პათოლოგია, რომელიც შეშუპებით იწყება. არის ასეთი დაავადება, რეინკის შეშუპება, რომელიც მწეველების დაავადებაა. მსუბუქ ფორმაში მისი მკურნალობა მედიკამენტებით შესაძლებელია, პარალელურად გაიცემა რეკომენდაცია, რომ პაციენტმა მოწევას თავი დაანებოს. მსუბუქი ფორმა კარგად ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, მაგრამ დაგვიანების შემთხვევაში ლორწოვანი გარსის გადაგვარება და პოლიპის წარმოქმნა ხდება, შემდეგ კი აუცილებელია  ქირურგიული ჩარევა. ასევე არის პათოლოგია – „მომღერლის კვანძები“. საინტერესოა, რომ ეს პათოლოგია მომღერლებს ყველაზე ნაკლებად ემართებათ, თუმცა სახელი ამ დაავადებას დაერქვა იქიდან გამომდინარე, რომ ის იოგების ტრავმის შედეგად ვითარდება. იოგები ერთმანეთს ეჯახებიან წამში მინიმუმ 200-ჯერ. ქალის სასიმღერო ხმის, სოპრანოს იოგები 1000-დან 1500-მდე შეჯახებას ახდენენ წამში. თუ მომღერალმა არ იცის ტექნიკა, თუ როგორ მართოს საკუთარი ხმა, შეიძლება იქ გაჩნდეს კვანძი. თუ ეს კვანძი პატარა ზომისაა, მედიკამენტოზური მკურნალობით გაქრება, საჭირო იქნება „ხმის დაზოგვაც“, რეკომენდირებულია, რომ პაციენტმა რამოდენიმე დღე არ ილაპარაკოს. მაგრამ თუ კვანძი ზომაში დიდია, საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

-არსებობენ ადამიანები, ვინც ისედაც მიდრეკილია ხმამაღალი საუბრისაკენ, არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად ყვირიან. როგორც ცნობილია, ყვირილი ხმას ძალიან ვნებს. რას გვეტყვით ამაზე? ასევე მინდა გკითხოთ ცხელი სასმელების მოყვარულებზეც. რამდენად სწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ძალიან ცხელი საკვები ან სასმელი მავნებელია ყელის და ხმისთვის?

ძალიან ცხელი, ცხარე ან ცივი სასმელი ან საკვები ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. შეიძლება ამის გამო ადამიანმა პირდაპირ ხმა არ დაკარგოს, თუმცა ლორწოვანი გარსი გაუღიზიანდეს და ამას თუ რეგულარული ხასიათი ექნა მივიდეთ იქამდე, რომ ხახის შეშუპება გადავიდეს ხორხის შეშუპებაში. რასაკვირველია ხმამაღალი საუბარი პირდაპირ კავშირშია ყელის და ხმის პრობლემებთან იმიტომ, რომ როდესაც ხმამაღლა, ემოციურად ვსაუბრობთ და ვძაბავთ კისრის და ხორხის კუნთებს, ტრავმირების რისკი იმატებს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ვისაუბროთ ჩვენთვის კომფორტული ხმის ტემბრით. თუ ეს არ გამოგვდის, უნდა ვისწავლოთ კონტროლი, ამისათვის არიან ხმის პედაგოგები, სპეციალისტები, რომლებიც გვასწავლიან როგორ გამოვიყენოთ ხმის აპარატი ისე, რომ  მას ზიანი არ მივაყენოთ.

-თქვენ ახსენეთ თამბაქოს მომხმარებლები. რატომ ვნებს თამბაქო ყელს და ხმის აპარატს? ლორწოვან გარსს აშრობს თუ რაიმე სხვა, დამანგრეველი ეფეტი აქვს?

აქ საუბარი არ არის მხოლოდ თამბაქოზე, არამედ ნებისმიერი მავნე ნივთიერების ინჰალირებაზე ანუ შესუნთქვაზე. იქნება ეს შხამ-ქიმიკატები, სხვადასხვა საღებავის სუნი, თამბაქო კი განსაკუთრებით. თამბაქო შეიცავს ბევრი მავნე ნივთიერებას, რომელიც ცუდად მოქმედებს ლორწოვან გარსზე და რეგულარული მოხმარება იწვევს უკვე ქრონიკულ პროცესს, ეპითელიუმის დაზიანებას და საბოლოო ჯამში ამას ძალიან ცუდ შედეგამდე, ხორხის კიბომდეც კი მივყავართ. ჩემი რეკომენდაციაა დავანებოთ თავი თამბაქოს მოხმარებას, ვინც ბევრს მოიხმარს, მან ჯერ სასურველია შეამციროს, შემდეგ კი თავი დაანებოს თამბაქოს მოწევას.

-მედიცინაში ყველაფერს სჭირდება პრევენცია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ძალიან არაპროგნოზირებად გარემოში ვცხოვრობთ. რა ტიპის რეკომენდაციების გათვალისწინებას გვირჩევთ იმისათვის, რათა ყელის და ხმის პრობლემები თავიდან ავიცილოთ?

პირველი რეკომენდაციაა ჯანსაღი ცხოვრების წესი. მიიღეთ რაც შეიძლება ცოტა ალკოჰოლი. უნდა ვიკკვებოთ ჯანსაღად, მოვერიდოთ ღამის საათებში კვებას. ბოლო კვება  დაძინებამდე 3-4 საათით ადრე უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთების პრევენცია. როდესაც დაგვეწყება ხმის პრობლემები და გახანგრძლივდება 1-2 კვირაზე დიდხანს, აუცილებლად მივმართოთ ექიმს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g