LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გამოარჩევს პრეპარატ ფლუკონაზოლს და რა უნდა ვიცოდეთ მის მიღებამდე

630
ფლუკონაზოლი

ინფექციურ დაავადებათა შორის სოკოვანი დაავადებები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს – ისინი განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენენ მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზით (ქიმიოთერაპია, ორგანოების გადანერგვა, აივ ინფექცია და ა.შ.) იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს.

ბაქტერიული ინფექციებისგან განსხვავებით, რომლებიც, უმრავლეს შემთხვევაში, ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარებიან, სოკოვან ინფექციას ბევრად კომპლექსური დაბრკოლებების წარმოქმნა შეუძლია – რეზისტენტულობა მკურნალობის მიმართ, ქრონიკული გვერდითი ინფექციები და ზოგჯერ მკურნალობასთან დაკავშირებული მძიმე გვერდითი ეფექტებიც კი.

საბედნიეროდ, არსებობს არაერთი პრეპარატი, რომელიც სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანი იარაღია. მიუხედავად ამისა, სწორი მედიკამენტის შერჩევას დიდი ყურადღება სჭირდება – ფლუკონაზოლი კი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რადგან მოქმედების ფართო არეალს ფარავს და ხელსაყრელი ფარმაკოკინეტიკური თვისებებით გამოირჩევა. მისი შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.

რა უნდა ვიცოდეთ ფლუკონაზოლის მიღებამდე?

როგორც წესი, ფლუკონაზოლი ინიშნება ტვინის სოკოვანი ინფექციის კრიპტოკოკური მენინგიტის, სოკო კანდიდას (Candida) მიერ გამოწვეული ინფექციების, გენიტალიური კანდიდოზის, კანდიდოზური სტომატიტის, კოკციდიომიკოზისა და კანის სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ. ის საკმაოდ ძლიერმოქმედი პრეპარატია, შესაბამისად, მის მიღებამდე დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.

უპირველესად, ზედოზირების შემთხვევებში შესაძლოა დაფიქსირდეს ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევა. ასეთ დროს საჭიროა სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება და, საჭიროების შემთხვევაში, კუჭის გამორეცხვა.

ფლუკონაზოლის გამოყენებას, უკიდურესი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში, ორსულები უნდა მოერიდონ. ფლუკონაზოლი გადადის  დედის რძეში, თუმცა ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს ფლუკონაზოლის ერთჯერადი ჩვეულებრივი დოზის გამოყენების შემდეგ, რაც შეადგენს 200 მგ-ს ან უფრო ნაკლებს.  ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის მრავალჯერადი ან მაღალი დოზებით მიღებისას.

ფლუკონაზოლი არაერთი წამლის მოქმედებაზე ახდენს არასასურველ გავლენას. ამიტომ, თუ პარალელურად იღებთ სხვა მედიკამენტებს, თქვენმა მკურნალმა ექიმმა ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს, რათა დოზა კორექტირდეს და ყველანაირი გართულება თავიდან აირიდოთ.

მოერიდეთ ფლუკონაზოლის მიღებას ციზაპრიდის (გულძმარვის სამკურნალო პრეპარატი) მიღების პარალელურად, რადგან არსებობს ცნობები გულის ფუნქციონირებისათვის სახიფათო გვერდითი რეაქციების შესახებ. ამავე მიზეზით მოერიდეთ მაღალი დოზებით ფლუკონაზოლის მიღების პარალელურად ტერფენადინითა და ამიოდარონით მკურნალობას.

კატეგორიულად მოერიდეთ ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულ გამოყენებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს კარდიოტოქსიკურობის განვითარების რისკი, რამაც კრიტიკულ შემთხვევებში, შესაძლოა, გულთან დაკავშირებული პრობლემით უეცარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ეს ეხება გალოფანტრინსაც.

ისევე, როგორც სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროული გამოყენების დროს არსებობს ცნობები სისხლდენის განვითარების შესახებ –  ეს შეიძლება იყოს ჰემატომა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ჰემატურია და ა.შ.

განსაკუთრებით ყურადღებით იყავით პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან (აასს) ერთად მოხმარებისას. ასეთი საშუალებებია ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი და ა.შ.

თუ ასთმა გაწუხებთ და თეოფილინს მოიხმართ, გაითვალისწინეთ, რომ 200 მგ დოზით 14 დღის განმავლობაში ფლუკონაზოლის პარალელურად მიღება სისხლის პლაზმის თეოფილინისგან გასუფთავებას 18%-ით ანელებს. თუ ტოქსიკურობის ნიშნები გამოვლინდება, თერაპიის ფორმა უნდა შეიცვალოს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს დიდი სიფრთხილით. ფლუკონაზოლის გამოყენებას, იშვიათ შემთხვევაში, ჰეპატოტოქსიკურობის განვითარება შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის ლეტალური შედეგების ჩათვლით – თუმცა ეს ძირითადად იმ პაციენტებს ეხებათ, რომლებიც მძიმე დაავადებებს ებრძვიან.

ჩამოთვლილი სიფრთხილის ზომები სრული არ არის, არსებობს კიდევ მრავალი გვერდითი ეფექტი, რომელიც, შესაძლოა, ფლუკონაზოლის არასწორი მოხმარებით გამოიწვიოთ, ამიტომ, როგორც უკვე აღინიშნა, ნუ მიიღებთ მედიკამენტს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ასეა თუ ისე,  სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ ფლუკონაზოლი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა – თუ მას პროფესიონალის დახმარებით სწორად მიიღებთ, მკურნალობა, უდიდესი ალბათობით, წარმატებული იქნება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g