მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა სერიალში – „სიყვარულს მიღმა“ – კასპერას დედის როლზე ვიხილეთ. ემოციურმა სცენარმა, სადაც დედას შვილი, რომელიც გარდაცვლილი ეგონა, მოულოდნელად გამოეცხადება, გულგრილი არავინ დატოვა. ჟურნალი „თბილისელები“ მსახიობთან ინტერვიუს გვთავაზობს.
რა გამოცდილება დააგროვეთ თეატრში და ეკრანზე?
დიდ სცენას ქალაქ რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვეზიარე. ძალიან კარგ რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად მიმუშავია. თუმცა, ახლა მთავარი რეჟისორი ვერ მხედავს. იცის, რომ მისი დასის წევრი ვარ და კარგ გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს, მეტი არაფერი. პირველად სერიალ „ცხელ ძაღლში“ მოვხვდი. შემდეგ იყო „თენდება გვიან“, პარალელურად, „27 დრაკონი“. მერე – „ყავა და ლუდი“, რის შემდეგაც ზაზა ურუშაძემ დამიძახა ფილმში, ვითამაშე ლევან თუთბერიძის მხატვრულ ფილმშიც. „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ მაქვს ნათამაშები, იყო რეკლამები და მერე უკვე სახლში ჩავჯექი. დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ყველაფერზე უარი ვთქვი, ტელევიზორი გამოვრთე, ვაკეში სახლი გავყიდე და გლდანჰეტენში ვიყიდე, ანუ გლდანში (იცინის). გიორგიწმინდა არის ულამაზესი პატარა სოფელი, აქ ვიყიდე სახლი და მიწა. ულამაზესი ყვავილები გავაშენე, ბევრი ფრინველი მოფრინავს ჩემთან, მყავს ძაღლები, მეზობლების კატებიც მსტუმრობენ. პატარა ბოსტანი მაქვს, რომელზეც ვგიჟდები და ჩემს გემოზე ვცხოვრობ.
სერიალმა შეცვალა თქვენი ყოველდღიურობა?
არ მეგონა, თუ ასეთი გამოხმაურება ექნებოდა ჩემს გმირს და პირადად მე. ეს არის უხერხული სიამოვნება, თან, ძალიან დიდი. ხალხი გეფერება, გწერენ, გგულშემატკივრობენ. მანქანა გამიფუჭდა და ფეხით მომიხდა გავლა, მაჩერებდნენ, ბავშვები გამოცვივდნენ სკოლიდან, ფოტოების გადაღება მთხოვეს. „მაკდონალდსში“ შევედი და იქაც იგივე. მეუბნებიან, რომ ეტირებათ გახსენებაზეც კი. ერთი ქალი მეტროში მოვიდა ჩემთან და ემოციებს ვერ მალავდა. მერე გაოცდა, ცხოვრებაში რა უშუალო ყოფილხართო. ზოგი მომაძახებს ხოლმე, ჯიგარი ხარო (იცინის).