თიბისი კაპიტალმა რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის განახლებული ანალიზი გამოაქვეყნა. უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარება გრძელდება და თიბისი კაპიტალის წინა პუბლიკაციაში განხილული სწრაფი გადაწყვეტის სცენარი არ ვითარდება. ასეთ ემოციურ ფონზე, ეკონომიკური სცენარების განხილვა საკმაოდ რთულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ისეთი მკაცრი მაინც არაა, როგორც ეს თიბისი კაპიტალის გადავადებული გადაწყვეტის სცენარით იყო დაშვებული. გრძელდება ენერგო-რესურსების ექსპორტი, უფრო მაღალი ფასებით და ასევე საგადახდო სისტემების მხრივ შეფერხება მხოლოდ ნაწილობრივია. ამდენად, საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენაც შედარებით ნაკლებია.
რუბლში გადარიცხვებში მნიშვნელოვანი შეფერხება არ იკვეთება და ასევე, რუბლი კონვერტირებადია. უფრო მეტიც, შესაძლოა, რუბლის გაუფასურებამ უკვე მიაღწია თავის მაქსიმუმს, ვინაიდან მთლიანობაში დაწესებული სანქციები და რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები ნეგატიურად უფრო რუსეთიდან ვალუტის გადინებაზე მოქმედებს, ვიდრე მის მიღებაზე. სავარაუდოა, რომ რუსეთის მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი სალდო კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რადგანაც საქონლის ექსპორტის შემცირების მოლოდინი არ არის და ამავდროულად, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების კლებაა მოსალოდნელი. ასევე ნაკლები იქნება რუსეთიდან კაპიტალის გადინებაც, რაც შემოდინებას ყოველთვის აჭარბებდა. ამდენად, მართალია გაურკვევლობა კვლავ მაღალია, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უფრო პირველი სცენარით გათვალისწინებულ 3.5-4.0%-თანაა ახლოს, ვიდრე მეორე სცენარში არსებულ ნეგატიურ 1.5% – პოზიტიურ 0.5%-ის მაჩვენებლებთან. ამ შეფასებას ასევე აძლიერებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე პერიოდში, საქართველოში არარეზიდენტების ჩამოსვლის, ძირითადად რუსეთიდან და ბელარუსიდან, მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება. თიბისი კაპიტალის დღეს არსებული შეფასებით, წლიურ ჭრილში ეს დაახლოებით 100 მლნ ან მეტი აშშ დოლარის დამატებითი სავალუტო შემოდინების ტოლფასია. ტურიზმისა და უძრავი ქონების ბაზრის უფრო დეტალური მიმოხილვა თიბისი კაპიტალის სექტორულ კვლევებში იქნება ხელმისაწვდომი.
ასევე აღსანიშნავია, რომ საუბარია საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის შესაძლო ზრდაზე, ვინაიდან ჩრდილოეთის მარშრუტი უფრო რისკიანი გახდა. ეკონომიკის ფაქტობრივი ზრდის მხრივ, ჯერჯერობით, მხოლოდ იანვრის მაჩვენებელია ხელმისაწვდომი, რომლის მიხედვითაც ზრდა როგორც წლიურ ჭრილში, ასევე პანდემიის ეფექტის გამორიცხვითაც მოსალოდნელზე მაღალი იყო.
მართალია მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, მაგრამ შედარებით ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ლარის ასევე ნაკლებ გაუფასურებაში უნდა აისახოს. მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარი დოლართან, ნეგატიური მოლოდინების გამო, მნიშვნელოვნად გაუფასურდა. არაა გამორიცხული, რომ გაუფასურებამ უკვე პიკს მიაღწია. ტრადიციულად, ლარის კურსი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ფასდება:
-
სავალუტო შემოდინება-გადინების ბალანსი;
-
ლარის საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან;
-
ინფლაციის პროგნოზი.
ერთი კვირის წინ, თიბისი კაპიტალის დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარში, 2022 წელს წმინდა სავალუტო შემოდინებების დანაკლისი დაახლოებით 550 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, რაც ძირითადად საქონლით სავაჭრო ბრუნვის, ტურიზმის, გზავნილებისა და ასევე დეპოზიტების უფრო მეტად ვალუტაში განთავსების და სესხების უფრო მეტად ლარში აღების შეფასების შედეგს წარმოადგენდა, ვინაიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ აქტივობა ისედაც დაბალ დონეზე იყო მოსალოდნელი. ასევე, ვალების გადახდის მხრივ, რაიმე მნიშვნელოვანი საჭიროება თუ პრობლემა სახეზე არ იყო და სადღეისოდაც არ არის. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ეს დანაკლისი ლარის მხოლოდ 3.15-მდე ან მცირედით უფრო მეტად გაუფასურებას გულისხმობდა. ახლა, მხოლოდ შედარებით, მაგრამ მაინც უკეთესი მაკროეკონომიკური სცენარისა და ლარის კურსის 3.35 ნიშნულის გათვალისწინებით, რაც იმპორტს, თუმცა ასევე თიბისი კაპიტალის აზრით, ეკონომიკის ზრდას ამცირებს, დანაკლისი როგორც ჩანს სულ მცირე განახევრებულია და ეროვნული ბანკისა და მთავრობისათვის გაცილებით უფრო მართვად ოდენობას შეადგენს. ამდენად, ამ არგუმენტის გათვალისწინებით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი. ასევე, ლარის საშუალო კურსის მხრივ, თურქული ლირის გარეშე, მისი გამყარება არ იკვეთება და თიბისი კაპიტალის აზრით, კონკურენტუნარიანობის – საქართველოს კონტექსტში ზოგადად სუსტი არგუმენტი – ძალაში არ არის. ინფლაციის მხრივ კი, რისკები ცალსახად მკვეთრადაა გაზრდილი.
ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების გამო ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაღალი ყოველთვიური ინფლაცია უკვე თებერვალში დაფიქსირდა. ბუნებრივია, ამას დაემატება ლარის კურსის გაუფასურების ეფექტიც. თიბისი კაპიტალი შორსაა იმ აზრისგან, რომ თუ საერთაშორისო მასშტაბით ინფლაცია მაღალი იქნება, წელს 3%-იან ნიშნულთან ახლო ინფლაციის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ამასთან, განსაკუთრებით წინა წლის 13.9%-იანი ინფლაციის შემდეგ, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, სამიზნე მაჩვენებლის კვლავ ძალზედ მაღალი გადაცილების აპეტიტი შედარებით ნაკლებია. ამდენად, არსებული მაკროეკონომიკური სცენარის გათვალიწინებით, ლარის კიდევ უფრო მეტი გაუფასურება ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ მისი არსებული დონე უკვე ზედმეტად გაუფასურებულად შეფასდეს და ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციებს, ლარში საპროცენტო განაკვეთების აწევას, საჯარო კომუნიკაციასა და ლარის კურსის მხარდამჭერი სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას ჰქონდეს ადგილი.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 7 მარტის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.