ვერ ვიქნებით გამონაკლისი იმ პროცესებიდან, რაც მსოფლიოშია – კონკრეტულ მექანიზმს შევიმუშავებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კითხვას, რა გეგმა აქვს მთავრობას პურის ფასის კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში.
როგორც შამუგიამ განმარტა, იმპორტირებულ პროდუქტებთან მიმართებით, საქართველო მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებიდან მოწყვეტილი ვერ იქნება.
„პროდუქტებთან მიმართებით, რაზეც იმპორტზე ვართ დამოკიდებული (ხორბლის და ფქვილის უდიდესი ნაწილის იმპორტს ვახორციელებთ), რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზრებიდან მოწყვეტილი ვერ ვიქნებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში მარცვლეულის, ხორბლის და სხვა პროდუქტების ზრდას, რათა გავზარდოთ ქვეყანაში წარმოება. წინასწარი მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ხორბლის წარმოება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, დაახლოებით 35%-ით, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტი საშუალება გვაქვს, რისთვისაც კონკრეტულ მექანიზმსაც შევიმუშავებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას და მივაღწიოთ იმ მაჩვენებელს, რომ თვითუზრუნველყოფის, დაახლოებით, 50% მაინც დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.