31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია.
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები თუ ინდივიდები აქტიურ პოლიტიკურ კამპანიას ახორციელებენ. გამონაკლისი არც მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდია. პოლიტიკური პარტიები იყენებენ ყველა ბერკეტს, რაც ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია – მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, პოლიტიკური გეგმის წარდგენა, მასმედიაში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება და სხვა.
თუმცა, ის, რაც ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად დასაშვებია წინასაარჩევნო პერიოდში, შესაძლოა კანონის დარღვევა აღმოჩნდეს არჩევნების დღეს.
„ფორტუნა“ გთავაზობთ იმ ქმედებების ჩამონათვალს, რომელიც დაუშვებელია არჩევნების დღეს როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე მასმედიის მხრიდან.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით:
• კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია;
• ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს უფლებამოსილ პირებს, არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანზე პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო-სააგიტაციო ატრიბუტებით;
• თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად;
• არჩევნების დღეს ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში;
• დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა;
• აკრძალულია კენჭისყრამდე 8-საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა;
• აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.
• აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყება კენჭისყრის დასრულებამდე;
• დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება;
გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს აკრძალულია პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო და საუბნო კომისიების წევრების გამოწვევა. იკრძალება საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის დანიშვნა, გამოწვევა, შეცვლა.