„თეთრი ან ყვითელი ნადები ენაზე შესაძლოა, გარკვეულ დარღვევებზე მიუთითებდეს, ასევე ხშირია პირის ღრუს კანდიდოზი, სოკოს განვითარება, რაც ძალიან მტკივნეულია“, – ამის შესახებ კარდიოქირურგი, ლევან ქარაზანიშვილი და ქირურგი, ორთოპედი, გიორგი ლორია გადაცემაში, „ნამდვილი ექიმები“ საუბრობენ.
სპეციალისტები დეტალურად ხსნიან რა საფრთხეს შესაძლოა წარმოადგენდეს აღნიშნული პრობლემა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
„თეთრი ან ყვითელი ნადები ენაზე შესაძლოა, გარკვეულ დარღვევებზე მიუთითებდეს.
შესაძლოა, უჩვეულო თეთრმა ნადებმა ძალიან შეგვაშინოს კიდეც, თუმცა როგორც წესი, ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია.
ეს პრობლემა მარტივად, კბილების ჰიგიენის დაცვით შესაძლოა მოგვარდეს, თუმცა ამის მიუხედავად თუ მაინც რჩება ნადები – ამ შემთხვევაში შესაძლებელია ექიმის დახმარება დაგვჭირდეს…
ენაზე რჩება საკვების ნარჩენები, ბაქტერია და მკვდარი უჯრედები, სწორედ ეს ქმნის ნადებს ენაზე.
რაც შეეხება აჭრელებულ, ეგრეთ წოდებულ გეოგრაფიულ ენას, ეს არ საჭიროებს მკურნალობას და არის ანატომიურ პიგმენტური აგებულება. უბრალოდ ასეთი ენა ტკივილის მიმართ მგრძნობიარეა.
არ არის გამორიცხული, ამ პრობლემამ თავი იჩინოს ანტიბიოტიკების მიღების ფონზე, ეს შესაძლოა, სოკოვანი ნადები იყოს. ამ დროს მედიკამენტი უნდა შევწყვიტოთ.
ასევე, ხშირია პირის ღრუს კანდიდოზი, სოკოს განვითარება, რაც ძალიან მტკივნეულია, იწვევს ყლაპვის გაძნელებას. როგორც სხვა სოკოვანი დაავადებები, ამასაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით ხდება მკურნალობა.
ამას კი იწვევს არასწორი კვება. ესენია – შაქრის შემცველი საკვები, საკვები რაციონიდან ხილისა და ბოსტნეულის ამოღება, დიაბეტი, იმუნო-სუპრესია და სტრესი… ეს ყველაფერი სოკოს წინა პლანზე წამოწევს.
თუ ენის ზედაპირი თეთრია, არ არის გამორიცხული, რომ ორგანიზმს წყალი აკლია.
კიდევ ერთი დაავადებაა ლეიკოპლაკია, რომელიც ენასა და ლოყის შიდა მხარეს ვითარდება, რასაც ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება ამწვავებს. ამ დროს უნდა მივმართოთ ექიმს.
ასევე არის ბრტყელი ლიქენი, ქრონიკული დაავადება პირის ღრუში – ამ დროს აუცილებელია მივმართოთ სპეციალისტს.
და ბოლოს ბრეკეტით შესაძლოა დაზიანდეს ლოყა ან ენა.
თუ ადამიანი პირის ღრუს ჰიგიენას იცავს, მაგრამ ეს პრობლემა არ გვარდება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს“, – ამბობენ მედიკოსები.
რას ნიშნავს თეთრი ნადები ენაზე
Posted by ნამდვილი ექიმები • The Real Doctors on ორშაბათი, 26 მაისი, 2025