LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს წელის ტკივილს და რა ვარჯიშები დაგვეხმარება ამ დროს – მიხეილ სანდლერის რეკომენდაციები

2122
მიხეილ-სანდლერი

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი – მიხეილ სანდლერი სტუმრობდა, რომელმაც ხერხემლის, წელის, თავის პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.

ბატონო მიხეილ, რა არის წელის ტკივილის უხშირესი მიზეზი?

წონა, უმოძრაობა, გაციება, ტრავმა.

როგორ უნდა მივხვდეთ, წელის ტკივილის დროს რა შემთხვევაშია აუცილებელი კონკრეტული ჩარევა, ექიმის კონსულტაცია?

თუ ტკივილი რამდენიმე დღე გრძელდება და არ ჩერდება იბუპროფენის ან პარაცეტამოლის მიღების შემდეგ, თუ ტკივილი მატულობს და იზრდება ტკივილის არე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.  

თუ ადამიანს წელის ტკივილი დაეწყო გაციების შემდეგ, წაისვა ანტიანთებითი მალამო, მაგრამ არ გაუარა. თუ დალია პარაცეტამოლი ან იბუპროფენი, მაგრამ ტკივილი მაინც არ გაუჩერდა, ესე იგი, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან.

როგორ ხსნით ექიმები ზურგის ისეთი ტკივილს, რომელიც მუდმივად მჯდომარე ცხოვრების წესით არის გამოწვეული?

რა თქმა უნდა. მას, ვინც ჰიპოდინამიის პირობებში ცხოვრობს, ანუ დიდხანს ზის, არ მოძრაობს, კუნთების, მყესების ელასტიკურობა ეკარგება, ჯდება ხერხემალი. გამოთვლილია სტატისტიკა, თუ რამდენად აწვება მალები ერთმანეთს სხვადასხვა პოზიციაში. თუ ადამიანი წევს, მალები ერთმანეთს 100 %-ით აწვებიან. როცა ადამიანი დადის, ფეხებიდან მიდის ამორტიზაცია და მალების ერთმანეთზე ზეწოლა 2-ჯერ იზრდება, ანუ არის 200 %. როცა ადამიანი ზის, ამ დროს ზეწოლა 400 %-ია. ადამიანი მოდუნებული კუნთით ზის, ამ დროს მალები აწვებიან ერთმანეთს, აწვებიან მალთაშუა დისკებს და ირგვლივ არსებულ რბილ ქსოვილს. ჯდომის დროს მალებზე ზეწოლა ოთხმაგდება, მიდის დასუსტება მალთაშუა დისკების, ძვლის, შეიძლება, დასუსტდეს მყესები და ამისგან შეიძლება მოხდეს არა მარტო თიაქრების ფორმირება, არამედ მალების დაცურება. ამიტომაც უნდა იმოძრაოს ადამიანმა, უნდა გაამაგროს კუნთები.

იშვიათია, რომ გამხდარ ადამიანს უმიზეზოდ დაეწყოს ზურგის ტკივილი, ჭარბწონიანი კი შეიძლება, უბრალოდ იჯდეს და დაეწყოს ტკივილი ზურგის არეში.

წელის ტკივილი ცალკე აღებული სიმპტომია, თუ მას შეიძლება თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, შესაძლებელია, რომ ეს ტკივილი გადაეცემოდეს და აღწევდეს თავამდე და ა.შ. ?

ტკივილი შეიძლება იყოს ადგილობრივიც და გადაცემითიც და აგრეთვე წელის ტკივილიც შეიძლება იყოს შინაგანი ორგანოების დაავადებების გამო, კენჭის გავლის დროს, კოლიკის დროს. ტკივილის მიზეზი სხვადასხვაა, ამიტომ აუცილებლად ექიმმა უნდა განსაზღვროს, ის ნევროლოგიურია, თუ რაიმე სხვა დაავადებით არის გამოწვეული. ტკივილი შეიძლება იყოს ადგილობრივი და შეიძლება გადაეცემოდეს მყესის, ნერვის, კუნთის გაყოლებაზე, ის ასევე შეიძლება იყოს შერეული.

მკურნალობა მაშინ იქნება სწორი, როცა ტკივილის ნამდვილ მიზეზს ნახავ. პაციენტი უნდა შეაფასოს ნევროლოგმა და ის მისცემს მას სწორ და ზუსტ დანიშნულებას.

რა ტიპის ვარჯიშებია რეკომენდებული წელის ტკივილის დროს და რა როლი აქვს ამ დროს მანუალურ თერაპიას?

როგორც უკვე ვთქვი, წელის ტკივილი შეიძლება, გამოწვეული იყოს კუნთის, მყესის, ნერვის ან შერეული ტიპის პრობლემის გამო, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ, თუ რითაა გამოწვეული აღნიშნული პრობლემა. წელის ტკივილის მიზეზი სხვადასხვაა და სხვადასხვა მიზეზს მასზე მორგებული ვარჯიში სჭირდება. ადამიანი დარბაზში მზა დიაგნოზით უნდა მივიდეს. მეთოდისტი კი ამ დიაგნოზის მიხედვით მისცემს ისეთ ვარჯიშებს, რომელიც მას არ დააზიანებს.

მანუალური თერაპია ჩვენთან ერთ-ერთი დამატებითი მეთოდია. საზღვარგარეთ მას ძალიან აქტიურად იყენებენ. მანუალურ თერაპევტთან მისვლამდე, უმჯობესია, რომ პაციენტმა ნევროლოგთან გაიაროს კონსულტაცია, რომ ნახოს, რა და როგორ არის. ჩვენთან შეიძლება, ადამიანმა 3-4 თვიანი კურსი გაიაროს და დაიწყოს მანუალურ თერაპიაზე მუშაობა, უცხოეთში კი ამას ადამიანები 4 წელი სწავლობენ. ჩვენთან ბევრი ძალიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ ბევრი არის ცრუ თერაპევტიც.

გამოხატული ხერხემლის ტკივილის დროს, რამდენად აუცილებელია მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება და არის თუ არა ის დიაგნოსტირების ერთადერთი მეთოდი ხერხემლის და წელის ტკივილის დროს?

როცა გამოხატულია ნევროლოგიური დეფიციტი და ეს პროცესი არის ხანგრძლივი, მაშინ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რა თქმა უნდა, საჭიროა. ტკივილის პირველივე გამოვლინებაზე ის, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უნდა დაინიშნოს ექიმის და არა პაციენტის გადაწყვეტილებით. ნევროლოგის კონსულტაცია აუცილებელია.

აკუპუნქტურა, იოგა – ის ალტერნატიული მეთოდებია, რასაც ხშირად მიმართავენ ადამიანები. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ეფექტურია აღნიშნული მეთოდები?

აკუპუნქტურა მთელს მსოფლიოში მიღებული მკურნალობის მეთოდია. იოგა კი ნამდვილად ალტერნატიული მეთოდია. ზოგადად, ჯობია, რომ სამკურნალო ფიზკულტურით დაკავდნენ, ვიდრე იოგით. სამკურნალო იოგა სამკურნალო ფიზკულტურის ერთ-ერთი ტიპია.

რას გულისხმობს სამკურნალო ფიზკულტურა, რა ტიპის ვარჯიშები მოიაზრება მასში?

ეს არის ის ვარჯიშები, რომლებიც პაციენტმა მეთოდისტთან ერთად უნდა ისწავლოს, რადგან ერთი და იმავე კუნთის გამაგრება სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა ილეთით შეიძლება. ვარჯიშისას მეთოდისტი კონტაქტშია პაციენტთან, პაციენტი აწვდის ინფორმაციას, რას ვერ აკეთებს, რა არ შეუძლია, რა დროს აქვს ტკივილი და ამის მიხედვით, მეთოდისტი ალტერნატიულ მოძრაობას აძლევს. სწავლის შემდეგ, შერჩეული ვარჯიშების გაკეთება პაციენტს უკვე სახლის პირობებში შეუძლია. ვისაც მარტო ვარჯიში ეზარება, ის მუდმივად მეთოდისტთან დადის, მაგრამ ეს ყველაფერი დროსა და ფინანსებს უკავშირდება.

ხშირად აღნიშნავენ მენოპაუზის დროს დამდგარ წელის ტკივილს, რა არის გამოსავალი ამ დროს?

მენოპაუზა არის დისჰორმონალური დარღვევები, ემოციები, ფსიქო-სომატიკა. რა თქმა უნდა, იცვლება გარეგნობაც. ამ დროს საჭიროა ვარჯიშები, ვინც ვარჯიშობს, ის უფრო მარტივად გადაიტანს ამ ცვლილებებს.

ძვალ-სახსროვანი სისტემა და მასთან დაკავშირებული კვებითი დანამატები რომ განვიხილოთ, რამდენად მოგწონთ და ნიშნავთ მსგავს კვებით დანამატებს?

ძალიან პოპულარულია გლუკოზამინი ქონდროიტინი. გლუკოზამინი, ანუ გლუკოზა, შაქარი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის არ შეიძლება. მიღების რეკომენდაცია აუცილებლად ექიმმა უნდა გასცეს, ეს თავად პაციენტმა არ უნდა გადაწყვიტოს.

ბევრი სვამს D ვიტამინს თავისი ინიციატივით, მაგრამ არ იცის, რამდენი უნდა დალიოს, არის თუ არა დეფიციტი, დოზირება…

ვთვლი, რომ უმჯობესია, კვებითი დანამატები ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ მიიღონ.

რა ძირითადი მიზეზი შეიძლება ვეძებოთ თავბრუსხვევის დროს და რა უნდა გვითხრას ნევროლოგმა?

პირველ რიგში, ექიმმა კარგად უნდა გაიგოს, ეს არის შეგრძნება, გაბრუება თუ თავბრუსხვევა. ხშირად, პაციენტი ამბობს, რომ აქვს თავბრუსხვევა, მაგრამ ჩვეულებრივი გაბრუება აქვს. თავბრუსხვევის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგალითად, რკინის დეფიციტი, სისხლძარღვების შევიწროება ან გაფართოება, ვესტიბულარული აპარატის პრობლემები. მდგომარეობა ნევროლოგმა უნდა შეაფასოს. გამომწვევი მიზეზის გასაგებად აუცილებლად უნდა გაკეთდეს დოპლერი. ექსტრა და ინტრაკრანიალური დოპლერი მშვენივრად ტარდება ჩვენთან, ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს. აუცილებლად უნდა ინახოს ვესტიბულარული აპარატი. არსებობს სპეციალური სინჯები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია გავიგოთ, პრობლემა გამოწვეულია სისხლძარღვოვანი თუ ვესტიბულარული აპარატით. თუ თავბრუსხვევა ძალიან ძლიერია, დამატებით აუცილებლად უნდა ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ანგიო რეჟიმში, რომ ინახოს, რა დღეშია სისხლძარღვები, რა დღეშია თავის ტვინი, ხომ არ არის რაიმე სხვა დაავადება, რომელიც აღნიშნულ პრობლემას იწვევს.

თავბრუსხვევები ძალიან ხშირია რკინადეფიციტური ანემიის დროს, მაგრამ რკინადეფიციტური ანემია მარტო თავბრუსხვევას არ იწვევს, ამ დროს შეიძლება სხვა ადგილებშიც იყოს ტკივილი, მაგალითად ნეკნების.

სწორი დიაგნოზი ნევროლოგმა უნდა დასვას და მან ჩაატაროს სწორი მკურნალობა, მან უნდა მისცეს პაციენტს დანიშნულება, წამლები, ვარჯიშები. თუ აღნიშნული პრობლემა ვესტიბულარულია, მას არანაირი წამალი არ სჭირდება, არის სპეციალური ვესტიბულარული ვარჯიშები. ეს ვარჯიშები იმდენად ელემენტარულია, რომ მეთოდისტთან სიარული აუცილებელი არ არის, თავად ექიმსაც შეუძლია პირდაპირ კაბინეტში ასწავლოს პაციენტს ეს ვარჯიშები.

მთავარია მიზეზის გაგება, თუ რითაა გამოწვეული თავბრუსხვევა და თუ ამ მიზეზს მოვერევით, თავბრუსხვევაც გაივლის.

რა თქმა უნდა, თავბრუსხვევის შეგრძნება შეიძლება იყოს ფსიქოსომატურიც და ამ დროს შესაძლოა, რომ ექიმმა ანტიდეპრესანტი დაუნიშნოს პაციენტს და ამან გაუჩეროს მას აღნიშნული შეგრძნება.

სტრესი, ნერვიულობა, დაძაბულობა რამდენად არის კავშირში თავის ტკივილთან? თქვენი დაკვირვებით, რა არის თავის ტკივილის უხშირესი მიზეზი?  

თავის ტკივილი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის და ჰემატოლოგიურმა პრობლემებმაც, ჰორმონალურმა დარღვევებმა. შეიძლება იყოს დაძაბვის, შაკიკის, ნევრალგიური თავის ტკივილი… აუცილებლად კარგად უნდა გამოიკითხოს პაციენტი, რის შემდეგ ეწყება თავის ტკივილი, რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები