LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჯდება სკოლის დამთავრება? – იქნებ ჯობდეს სკოლაში დარჩნენ ეს ბავშვები

1047
BANKETEBI

მალე საქართველოს ქუჩებში უამრავი თეთრპერანგიანი მოზარდი გამოჩნდება, სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება, რაც ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას ნიშნავს და კიდევ ერთ რამეს – გამოსაშვებ საღამოს, იგივე „ბანკეტს“.

ლამაზი კაბები, შარვალ-კოსტუმი, ძვირადღირებული თუ დაბალფასიანი რესტორნები – ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში ფინანსებამდე მივყავართ.

თუ წინა წლებში ბავშვები შეგროვებულ თანხას ქველმოქმედებაში ხარჯავდნენ, წელს ახალი ტენდენციაა – სკოლის დამთავრების ქალაქგარეთ არსებულ სასტუმროებში აღნიშვნა და ადგილზევე დარჩენა. ეს კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახების უმეტესობა თანხების დიდ ნაწილს ამ წელს რეპეტიტორებისთვის ხარჯავს.

კაბა, შარვალ-კოსტუმი, ფეხსაცმელი, ცნობილ დიზაინერებთან, უცნობ მკერავებთან ან მაღაზიებში; მაკიაჟი, ვარცხნილობა, სამკაულები; ვიდეო-ფოტო გადაღება; რესტორნის ხარჯები; მუსიკა – ეს ის დანახარჯია, რაც ბანკეტისთვის სტანდარტულად საჭიროა. თუმცა, ხარჯები მაინც ინდივიდუალურია გემოვნების, მოთხოვნისა და შესაძლებლობის მიხედვით.

 

ფილმების გავლენა

სასტუმრო, წვეულება, ორდღიოანი გართობა – წლევანდელი ტრენდი საკმაოდ ძვირადღირებულია.

კერძო სკოლის „ოპიზის“ მეთორმეტეკლასელები სწორედ ასეთ გრანდიოზულ გამოსაშვებ საღამოს გეგმავენ. როგორც ჩვენთან ერთ-ერთი მოსწავლე მარიტა დარასელია ამბობს, კლასი საბოლოოდ სასტუმროში 2-დღიან გართობაზე შეთანხმდა. ეს ყველაფერი თითო მოსწავლეს 600 ლარი უჯდება, ამას ემატება ის ხარჯები, რაც უკვე ჩამოვთვალეთ. კაბა, ფეხსაცმელი და ა.შ.

ასე რომ, ხარჯები მეთორმეტეკლასელების მშობლებისთვის ნამდვილად კოლოსალურია.

„ბანკეტი, როგორც ასეთი, არ გვინდოდა. გვინდოდა წვეულება Prom ამერიკულად როგორც არის, უფრო კოქტეილის წვეულების მსგავსი. რადგან ვამთავრებთ, გრანდიოზული აღნიშვნა გვინდოდა და ექსკურსიაც გამოვრიცხეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სასტუმროში, თან 2-დღიანი იქნება. კლასელების ნაწილს მოგზაურობა ერჩივნა, მაგრამ საბოლოოდ ასეთ განსხვავებულ გამოსაშვებზე შევჯერდით.

2 დღე სასტუმროში დავრჩებით მშობლებთან ერთად. ერთი საღამო გამოსაშვები გვექნება, მცირე გასართობი პროგრამით, მასწავლებლებით, ცეკვებით, მეორე საღამოს კი სასტუმროს ავითვისებთ – აუზი, სპორტული კომპლექსი“, – ამბობს „ფორტუნასთან“ მარიტა.

ასეთ გრანდიოზულ საღამოს შესაფერისი კაბაც სჭირდება, რომელსაც მარიტა ცნობილ ქართველ დიზაინერთან შეიკერავს. ეს დაახლოებით იმდენივე დაუჯდება, რამდენიც 2-დღიანი გართობა.

ასეთი გრანდიოზული გამოსაშვები საღამო 1000 ლარზე მეტი ჯდება. მარიტა ამბობს, რომ მისი მეგობრები (სხვა სკოლიდან) ამდენივეს მხოლოდ თბილისში რესტორანში გაკეთებულ “სტანდარტულ ბანკეტზე“ ხარჯავენ, ამიტომ მათი კლასის გადაწყვეტილება და გაღებული თანხები გონივრულად მიაჩნია. თუმცა, მას ბოლომდე მისი მშობლები ვერ ეთანხმებიან.

„ამ ბანკეტების, კაბების და გაპრანჭვის გადამკიდე ზოგჯერ მგონია, რომ იქნებ ჯობდეს სკოლაში დარჩნენ ეს ბავშვები და პროგრამა თავიდან უფრო კარგად გაიარონ“, – ხუმრობს მარიტას მამა ამ თემაზე საუბრისას. ისე კი, სამოგზაუროდ წასვლას უფრო ემხრობა. 

ტრადიციული ბანკეტით სკოლის დამთავრება ბავშვებს დაახლოებით 500 ლარი უჯდებათ. თუმცა აბიტურიენტების ნაწილმა, სკოლის დამთავრების უფრო „იაფიან“ გზასაც მიაგნო.

 

„ბანკეტს ექსკურსია ვარჩიეთ“

გამოკითხულთაგან რეგიონში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეების უმეტესობა ამას გვპასუხობს.

მიზეზი დიდი ხარჯები და კლასში ბავშვების სიმცირეა.

მაგალითად, ხობის კერძო სკოლის „არეას“ ყველა დამამთავრებელმა კლასმა გადაწყვიტა სკოლის დამთავრება ბუნებაში გასვლით აღნიშნოს.

„ვფიქრობთ, უბრალოდ სადმე ბუნებაში გავიდეთ და ასე აღვნიშნოთ სკოლის დამთავრება. ნაკლები ხარჯიც გვექნება“, – განაცხადა მეთორმეტეკლასელმა „ფორტუნასთან“.

 

მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი გამოსაშვები საღამოს ნაცვლად ექსკურსიას გეგმავენ კაბადოკიაში. ეს მათ 270 ლარი უჯდებათ (კაცზე):

„ბანკეტს ექსკურსია ვამჯობინეთ კაბადოკიაში, თითქმის 270 ლარი გვიჯდება,“ – განაცხადა “ფორტუნასთან” ზურა ბაგრატიონმა.

 

ბანკეტიც და ექსკურსიაც უკვე ჰქონდათ ქობულეთის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებს. როგორც მარია ბასილაძემ „ფორტუნას“ უთხრა, კლასმა კაბადოკიაში იმოგზაურა და ბანკეტიც იქვე გადაიხადა, თან მინიმალური ხარჯებით.

„მაკიაჟი და ვარცხნილობა გოგონებმა ჩვენით გავიკეთეთ, რადგან გრანდიოზული ბანკეტი არ გვქონია, ხოლო კაბა და ფეხსაცმელი 150 ლარი დამიჯდა“, – აღნიშნა მან „ფორტუნასთან“.

 

ბათუმის #16 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი შორენა „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ მისი შვილის კლასის დამრიგებელმა ბავშვებს ბანკეტის ნაცვლად ექსკურსია შესთავაზა, რაზეც ბავშვების უმეტესობა დათანხმდა.

„ბანკეტი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ექსკურსია. ამიტომ აპირებენ ტაო-კლარჯეთში ან ფშავ-ხევსურეთში წავიდნენ, ხარჯი დაახლოებით 400 ლარია მთლიანობაში, მაშინ, როცა მეორე შვილის ბანკეტი შარშან 800 ლარი დამიჯდა. ბავშვებმა ასე გადაწყვიტეს და ექსკურსიაზეც შეძლებენ სადმე რესტორანში დაჯდომას. მშობლების ჯიბეაც უფრთხილდებიან, როგორც ჩანს“, – გვითხრა შორენამ.

 

მოკლედ ტენდენცია ყველა შემთხვევაში „სადღაც წასვლაა“. ზოგი ისე მიდის, რომ თან თანხები დაზოგოს, ზოგის წასვლა კი პირიქით, საბანკეტო ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის.

P.S. სტატიის მომზადების პერიოდში რეგიონებსა თუ თბილისში უამრავ აბიტურიენტს ვესაუბრეთ, თუმცა წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ბანკეტის თანხის ქველმოქმედებაში დახარჯვის გეგმა, არც ერთ მათგანს არ აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g