LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კავშირია ბურჭულაძესა და ივანიშვილს შორის?

89

ბურჭულაძის გადაწყვეტილებასა და ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას შორის პარალელის გავლებას არასწორად მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. როგორც მან რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა,  ბურჭულაძე ვერ დაიკავებს იმ ნიშას, რაც, თავის დროზე, ივანიშვილმა დაიკავა. ექსპერტი ამას ორი მიზეზით ხსნის.

“როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, მაშინ ხალხში პროტესტი ძალიან იყო მომწიფებული, ახლა სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ვინაიდან პროტესტი საზოგადოებაში არ არის ისეთ დონეზე, როგორზეც 2012 წელს იყო. გარდა ამისა, პაატა ბურჭულაძეს არ აქვს იმხელა ფინანსური რესურსები, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე” – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

რაც ეხება საკითხს, შედგება თუ არა წარმატებულ პოლიტიკოსად პაატა ბურჭულაძე, პოლიტოლოგს, ამ ეტაპზე, შეფასების გაკეთება ნაადრევად მიაჩნია.  მისი აზრით, ამას დრო და ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომლებსაც ახალი პოლიტიკური მოძრაობა მიიღებს. გარდა ამისა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მოძრაობის, “სახელმწიფო ხალხისათვის”,  წარმატება ბურჭულაძის გარემოცვაში მყოფ ადამიანებზე იქნება დამოკიდებული

კითხვაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რომელ  პარტიასთან მოიაზრებს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობის ალიანსს, ცინცაძე პასუხობს, რომ სხვებთან შედარებით, ალბათ, “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ფრთასთან შეიძლება  “სახელმწიფო ხალხისათვის” გაერთიანება. თუმცა პოლიტოლოგი ასევე განმარტავს, რომ ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის ღირებულებებსა და ინტერესებს შორის მსგავსება ძალიან ზედაპირულია. სოსო ცინცაძე, აქვე, გამორიცხავს იმას, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტად იქცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g