რა კეთდება დედაქალაქში საცობების განტვირთვისთვის – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ჯაიანმა ისაუბრა.
რა კეთდება დედაქალაქში საცობების განტვირთვისთვის?
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა ემსახურება ქვეითისა, უმოტორო ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფასა და ინდივიდუალურ ტრანსპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. ამ მიზნის გათვალისწინებით კი პრიორიტეტულია ქვეითთათვის მოწესრიგებული და უსაფრთხო სავალი გზის შექმნა, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მისი სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილებისათვის საუკეთესო გარემო-პირობებს შექმნის.
გარდა ამისა, 18 მეტრიანი ავტობუსების დამატებით მოსახლეობისთვის შეიქმნება კომფორტული ალტერნატიული სამგზავრო არჩევანი.
სამგზავრო ალტერნატიული არჩევანის შექმნა საცობების პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი, საერთაშორისოდ აღიარებული, საშუალებაა.
რას გულისხმობს ჭკვიანი ქალაქის სისტემა?
ჭკვიანი ქალაქის სისტემა გულისხმობს , ეფექტურ და მაღალფუნქციურ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქალაქის პროგრესულ დაგეგმარებას , შეამცირებს მათ ხარჯებს, ასევე ხელს შეუწყობს ქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგზაო მოძრაობის განტვირთვას. ჭკვიანი ქალაქის მთავარი დანიშნულებაა მოქალაქეების უკეთ მომსახურება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება სენსორული მოწყობილობები, მათი ქსელები და სპეციალური პროგრამული აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც ქალაქის მმართველობა ახერხებს რეალურ დროში აკონტროლოს და მართოს ისეთი საქალაქო სისტემები როგორებიცაა: შუქნიშნები, გარე განათება, ელექტრომომარაგების ქსელები, წყალმომარაგების სისტემები, ნარჩენების გატანის სერვისი, პარკინგი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გარემოს დაბინძურების ხარისხი და ა.შ.