მანუ მურღულია „ქართული დისკოს“ საერთაშორისო წარმატების მერე („ნიკოს ბენდის“ ამ სიმღერას „იუთუბზე“ ამჟამად 85 მილიონზე მეტი ნახვა აქვს) კარიერას აგრძელებს, როგორც სოლომომღერალი და ინფლუენსერი.
გარდა ამისა, მანუს ჩაფიქრებული აქვს „იუთუბზე“ გააქტიურებაც, ის საკუთარ ბენდთან რეპეტიციებს უკვე გადის და მალე მსმენელს სრულიად ახალ პროგრამას შესთავაზებს.

ახლახან მანუსა და „ფუპოდკასტის“ წამყვანის, სპორტული კომენტატორის გიორგი კალატოზის გარშემო საინტერესო ამბავი განვითარდა მას შემდეგ, რაც მანუმ მისთვის დასმულ კითხვაზე, ვინ არის ყველაზე სიმპათიური „იუთუბერი“, სწორედ კალა დაასახელა. კალამ, საპასუხოდ, მისთვის დასმულ შეკითხვას, ყველაზე ლამაზი ქართველი ინფლუენსერის შესახებ, მანუ მურღულიას სახელითა და გვარით უპასუხა…
მანუ ამ და სხვა თემებზე fortuna.ge-ს ინტერვიუს პასუხობს.
მანუ, შენი სიმღერის ვიდეოები ხშირად გვხვდება სოციალურ ქსელში, სადაც უამრავ კომპლიმენტს იღებ და გეკითხებიან, როდის დაუბრუნდები სრულფასოვნად სიმღერას. რა გეგმები გაქვს?
სხვათა შორის, ძალიან მახარებს, რომ ჩემი გამომწერები ხშირად მისვამენ კითხვას, როდის დავუბრუნდები სცენას ან ტელევიზიას. ახლა აქტიურად ვმუშაობ ჩემს ბენდთან ერთად და აქტიურად გამოვჩნდები მათთან ერთად, საინტერესო რეპერტუარით, ძველი ჰიტების ჩვენი ახლებური ვერსიებით და ასევე არ გამოვრიცხავ საავტორო სიმღერებზე მუშაობასაც, თუმცა ბენდთან ერთად ამჟამად საკონცერტო პროგრამას ვამზადებ – მინდა, კორპორაციული საღამოებისთვის და ივენთებისთვის მზად ვიყოთ.

აქტიური ხარ „ტიკ-ტოკზე“ და „ინსტაგრამზე“ და შენი გამომწერებია რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. რას გწერენ ყველაზე მეტად და როგორ ეხმიანებიან ხოლმე შენს ვიდეოებს? ყველაზე მეტად რისი ნახვა უყვარს შენს გამომწერს და რა კომპლიმენტებს გეუბნებიან ხოლმე ყველაზე ხშირად?
ამბობენ, მეც ხშირად მსმენია და ამ მოსაზრებას ვეთანხმები კიდეც, რომ „იუთუბს“ ჰყავს ძალიან კარგი საზოგადოება, ე.წ. Community, მაგრამ „ტიკ-ტოკსაც“ არანაკლები ჰყავს – ჩემს გულშემატკივარს შორის ყველანაირი ასაკის ადამიანს ნახავთ. უამრავი უცხოელიცაა ჩემს გამომწერებს შორის და მათაც სურთ ჩემი კვლავ ხილვა ტელეეკრანზე. რაც შეეხება კომპლიმენტებს, მწერენ ჩემს გარეგნულ მხარეზე, რაც ძალიან მახარებს, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა ქალბატონს (იღიმის). ასევე ძალიან ხშირად ვიღებ კომპლიმენტებს ჩემს ხმასთან დაკავშირებით, მოსწონთ როგორც ჩემი სასიმღერო, ასევე სალაპარაკო ხმა. ზოგჯერ მეკითხებიან, არის თუ არა ეს ჩემი ბუნებრივი ხმა, ეს კითხვა მაოცებს ხოლმე. ბებიაჩემსაც საკმაოდ დაბალი ხმა აქვს და ვფიქრობ, ეს ხმა მისგან მაქვს…
„იუთუბზეც“ საკმაოდ აქტუალური ხარ ბოლო დროს. რამდენიმე გადაცემას ესტუმრე, რომელთა ნახვები ასი ათასს გადასცდა. ერთ-ერთი სტუმრობისას ვახო ბოლოთაშვილთან დაგისვეს კითხვა, ვინ არის ყველაზე სიმპათიური იუთუბერი და შენ უპასუხე, რომ ეს არის გიორგი კალატოზი. შემდეგ „ფუპოდკასტშიც“ იყავი მახარას და კალას სტუმარი. ამ გადაცემის შემდეგ სოციალური ქსელი ფაქტობრივად ითხოვს შენი და კალას რომანს. გაგვიმხილე, რა ხდება სინამდვილეში?
„იუთუბის“ მომხმარებელი არ ვიყავი და ბოლო ერთი წელია, აქტიურად ვუყურებ. ვიყავი ვახოსთან, ძალიან მომეწონა ლაივში ყოფნა და კომენტარების კითხვა. კითხვაზე, ვინ არის „იუთუბზე“ ყველაზე სიმპათიური, ძალიან გულწრფელად გავეცი პასუხი, რომ ეს არის გიორგი კალატოზი, კალა. „ფუპოდკასტშიც“ წამოიწია ეს თემა და ისევ თავიდან გავიმეორე, რა თქმა უნდა. ხალხი რომ ჩვენს რომანს ითხოვს, ეს მხოლოდ მამხიარულებს.
სიმართლე რომ ვთქვა და არ დაგიმალოთ, კომენტარებს რომ ვკითხულობ, ცუდი რეაქცია არ მაქვს. სულ წერენ, როგორ უხდებით ერთმანეთს და რამე ხომ არ ხდებაო. ერთი მომენტი დავფიქრდი, მანუ, რამე ხომ არ გამოგრჩა-მეთქი. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არაფერი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ დიდი სიმპათიებით ვარ განწყობილი და მისი თამაში მომწონს „მაფიაში“, ჩვენ შორის მართლა არაფერი ხდება. არ მინდა, კალა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო და იმედი მაქვს, რომ არც ჩამიყენებია… ახლახან ვნახე გადაცემა, სადაც თავადაც დამასახელა, როგორც ყველაზე ლამაზი ქართველი ინფლუენსერი და რა თქმა უნდა, ეს შეფასება ძალიან სასიამოვნოა.
მანუ, გაგვიზიარე, როგორ უვლი თავს, თუ სტუმრობ კოსმეტოლოგს და რომელი პროცედურები გიყვარს ყველაზე მეტად? თმა რომ დაიგრძელე, ესეც შეამჩნია შენი გამომწერების ნაწილმა…
კოსმეტოლოგთან სიარულით არ გამოვირჩევი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს თავის მოვლა. მაქვს რუტინა, რომელსაც მივყვები, დილითაც და ღამითაც. რაც შეეხება თმას, მინდოდა, დამეგრძელებინა, ამიტომ წავედი და რაპუნცელივით გრძელი თმა გავიკეთე. შეიძლება, ერთ დღეს შეჭრა მომინდეს. ცვალებადი ხასიათი მაქვს ძალიან (იღიმის).

როგორია ის მამაკაცი, რომელსაც მანუ მურღულიას მოხიბვლა შეუძლია?
მამაკაცი, რომელსაც ჩემი გულის მოგება შეუძლია, უნდა იყოს არაბუნჩულა (იღიმის). მომწონს ძლიერი მამაკაცის ხასიათით ბიჭები, მხოლოდ ქართველები, რადგან უცხოელებში იმ თვისებებს ვერ ვხედავ, რაც მხიბლავს. ზუსტად ვიცი, რომ უნდა ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა, ინტელექტი – ჩემზე მეტი, გარეგნობასაც ვაქცევ ყურადღებას, მოვლილი ბიჭები მომწონს.
როგორც გავიგეთ, ხშირად იღებ საჩუქრებს. ერთ-ერთი კი კენდრიკ ლამარის კონცერტზე დასასწრები ბილეთია. როდის მიემგზავრები კონცერტზე?
ბოლო დროის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როდესაც ჩემი მეგობარი, კაფეში რომ ვისხედით, გამომიტრიალდა და მაჩვენა, აი, შენი დაბადების დღის საჩუქარიო. დაბადების დღე ივლისში მაქვს, მაგრამ საჩუქარი ბევრად ადრე მივიღე – ვარშავაში კენდრიკ ლამარის კონცერტის ბილეთი. საბედნიეროდ, ასეთი მეგობრები მყავს. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, ბევრი მყავს, მაგრამ უცხო ადამიანებისგან საჩუქრების მიღება არ მიყვარს.
„იუთუბზე“ საკუთარი გადაცემის გაკეთებასაც ხომ არ გეგმავ?
„იუთუბზე“ ძალიან დიდი გეგმები მაქვს, მაგრამ ვერ ვისაუბრებ. იმედია, კარგად განვითარდება ყველაფერი. ვნახოთ, რა გამოვა…