LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კოზირს ინახავს ანა უზნაძე: „ცოტა ხანს ტელევიზიებში გამოჩენისგან თავს შევიკავებ…“

692
ანა უზნაძე

ანა უზნაძე განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული. გოგონას ხმას ნოსტალგიური ელფერი აქვს და მისი შესრულება მუდმივად ხდება აღფრთოვანების მიზეზი. ქართული სიმღერის სიყვარული ანას ღრმა ბავშვობიდან მოჰყვება.

ანა, პატარა ასაკში მოსულ პოპულარობას როგორ შეხვდი?

პირველ რიგში, ახლაც პატარა ასაკის ვარ და მით უმეტეს, რამდენიმე წლის წინ როცა დაიწყო ეს ყველაფერი, მაშინ საერთოდ 13 წლის ვიყავი. შეიძლება, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვიცოდი, რომ რაღაც ეტაპზე გამოვჩნდებოდი ამ კუთხით და ხალხს გავაცნობდი თავს, თუმცა არ ველოდი იმ ვიდეოს საშუალებით  და იმ პერიოდში, როცა მოხდა.

ერთი ძალიან ჩვეულებრივი ვიდეო გადავიღე, ინოლა გურგულიას სიმღერაზე „შენთან“ და დავდე ფეისბუქზე. ეს ვიდეო ჩემი მეგობრების საშუალებით, რომლებმაც გადააზიარეს, უამრავმა ადამიანმა ნახა. მეორე დღეს გავიღვიძე სხვა რეალობაში. ერთ ღამეში მოხდა ეს ყველაფერი. იმ დღიდან დაიწყო ჩემი სხვანაირი ცხოვრება, რომელიც არის დიდი ბედნიერებაც და პასუხისმგებლობაც. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ასე. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ასე მომიწევდა… ვცდილობ, გავუფრთხილდე და შევინარჩუნო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს.

ყველაზე მეტად ხალხის მხრიდან როგორი შეფასებები გახარებს?

ჩემთვის ყველაზე ძვირფასი შეფასება არის ის, როცა ხალხი ხედავს, რომ მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი. როცა ადამიანი არის ინდივიდუალური, ეს არის ხელოვნებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. პიკასოს გადახატულ ნახატს იგივე ფასი ხომ არ აქვს? ხელოვნება ისეთი სფეროა, სადაც ახალი სიტყვა თუ არ თქვი და შენებურად თუ არ გააკეთე, ძალიან რთულია თავის გატანა. მიხარია, რომ ხალხი ხედავს, როგორიც ვარ შინაგანად, როგორი პერსონაც ვარ, მუსიკაშიც ვცდილობ, ეს ყველაფერი გადმოვიტანო.

ქუჩაში რომ კომპლიმენტებს მეუბნებიან, ძალიან მიხარია. პირველად რომ გამოვჩნდი, შედარებით ძველი თაობის ხალხი მაჩერებდა. ალბათ, ნოსტალგიური იყო მათთვის. მერე შუა თაობაც წამოვიდა, დედაჩემის თაობა. გაახსენდათ ბავშვობა ალბათ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქუჩაში მაჩერებენ 16-17 წლის ადამიანები, ჩემი ტოლები, არა მხოლოდ ქუჩაში, სკოლაში ან რაიმე სხვა დაწესებულებებშიც, მეუბნებიან, ქართული სიმღერა კი ვიცოდით, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ასეთი კარგი შეიძლებოდა ყოფილიყო, სხვა თვალით დაგვანახვე, რომ შეიძლება ასეც შესრულდესო. შესაძლოა, იგივე სიმღერები ჩემზე უფროსმა მომღერალმა უფრო კარგად იმღეროს, მაგრამ როცა ჩემი თაობის ადამიანები ხედავენ, რომ 15-16 წლის გოგონა მღერის, ალბათ, მათთვის უფრო ახლობელია. მინდა, ქართული სიმღერა უფრო მეტად გავავრცელო. ვცდილობ და მართლაც გამომდის მგონი. გულწრფელად მეუბნებიან, ძალიან მოგვწონსო.

სხვა ენაზე სიმღერების შესრულება გიცდია?

ძალიან მიყვარს ინგლისური, ფრანგული და იტალიური სიმღერები, მაგრამ არ ვმღერი ჯერჯერობით საჯაროდ. ამ ეტაპზე ვფიქრობ, მხოლოდ ქართული უნდა ვიმღერო. ეს ჩვენს ქვეყანასაც სჭირდება და ჩვენს თაობასაც, რომ არ დაიკარგოს, რადგან ძვირფასი და ჩვენი ისტორიის ნაწილია. როგორ შეიძლება, გიყვარდეს სხვისი შექმნილი ხელოვნება და არ გიყვარდეს შენი განძი? მინდა, ეს ყველაფერი არ დაიკარგოს, იცოდნენ მაინც… მერე უკვე შეიძლება, სხვაენოვანი სიმღერებიც შევასრულო. როგორც განგება მოინდომებს, ისე მივყვები. როგორც დრო და სიტუაცია მიჩვენებს, ვთქვათ, კონცერტზე შეიძლება შევასრულო. ჯერჯერობით არ მიცდია და ამ კოზირს ვინახავ.

საკუთარ სიმღერებს წერ და ალბომის სახით ხომ არ აპირებ შეკვრას?

თავად ვწერ ლექსებს აქტიურად, სიმღერებსაც, – არა მხოლოდ ჩემს ლექსებზე. ვერ გავბედე, რომ ჩემს თავს კომპოზიტორი დავუძახო. ბევრი წლის, შრომისა და გამოცდილების შემდეგ, ალბათ, შედეგს მივიღებ. ჯერ ეს ჩემთვის უნდა დავიტოვო, წლების შემდეგ უნდა გადავხედო და გავაანალიზო, ჰქონდა თუ არა განვითარების პერსპექტივა. არ მიყვარს ხელოვნებაში სიჩქარე. შეიძლება, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, აღარ მოგეწონოს. საავტორო სიმღერებს ახლაც ვწერ. ყოველ ჯერზე უფრო დახვეწილი გამომდის არა მხოლოდ ჩემი გადასახედიდან. რამდენიმე ადამიანიც ნახულობს და გულწრფელ აზრს მეუბნება.  ჩავწერ ალბათ ჩემს პირად ალბომს მაშინ, როცა ფეხზე მყარად მდგომი მუსიკოსი ვიქნები.

სხვა პროფესიაზე არ ფიქრობ?

რთულია ამ კითხვაზე პასუხი, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ, მუსიკოსები, ხელოვანები არ არიან დაფასებულები. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში რთულია ცხოვრება ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მაგრამ არ ვიქნები ბედნიერი, სხვა პროფესიას რომ გავყვე. მინდა, მომავალშიც მუსიკოსი ვიყო.

როგორი მომავალი წარმოგიდგენია? კონსერვატორიაში აპირებ ჩაბარებას?

მირჩევნია, რომ ჩემით მოვიძიო ინფორმაცია, რუტინა არ მიყვარს და არც რუტინული შესწავლა, ამას ვფიქრობ სასწავლებლებზეც, მგონია, რომ ადამიანებს ჩარჩოებში აქცევს. შეიძლება, კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ჩარჩოებში მოექცე და დაკარგო ინდივიდუალიზმი, არ გქონდეს ის, რაც ამას უკავშირდება. ძალიან გამიჭირდება ამ გადაწყვეტილების მიღება, კონსერვატორიაში ჩავაბარო თუ არა, ამას ალბათ, დრო გვიჩვენებს…

ისეთ სიმღერებს მღერი და ისეთი დიდი გრძნობით, არ შემიძლია არ გკითხო, ხომ არ გყავს ინტერესის ობიექტი?

მუსიკოსი ადამიანი ყოველთვის შეყვარებულია. მაინცდამაინც ადამიანურ სიყვარულზე არ მიიღოთ, თუმცა მაგაზეც მიიღეთ, რა პრობლემაა (იღიმის). თუ გატაცებული არ ვიქნები, ვერ ვიმღერებ იმ სიმღერებს, რომლებსაც ვასრულებ. სიმღერა ადამიანისგან უდიდეს ემოციებს მოითხოვს, ეს ემოციები შენ უნდა გქონდეს, რომ მერე მსმენელს გადასცე, ამიტომაც აუცილებელია, შენში ემოციები ტრიალებდეს. არ არის აუცილებელი, რომ ეს სიყვარული იყოს, შეიძლება, იყოს სევდა…

რაიმე საინტერესო გეგმა ხომ არ გაქვს, რასაც გაგვიზიარებ?

მაქვს გეგმა, თუმცა გამხელისგან თავს ვიკავებ, თუ არ მიწყენთ. ზოგადად კი, თუ არ გამიბრაზდება ჩემი მსმენელი, სულ ცოტა ხნით ალბათ მოვუკლებ გადაცემებში სიარულს. პირველ რიგში, მე ვარ სკოლის მოსწავლე, მეათე კლასში ვსწავლობ. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკაში სწრაფად გამეკვალა გზა, ვფიქრობ, რომ ადამიანს კარგი განათლება სჭირდება, რომ კარგი მოქალაქე იყოს. მინდა, სკოლის ბოლო წლებში ჩემი თავი სკოლას და სწავლას დავუთმო, მაგრამ ამასთან, მუსიკაშიც უფრო მეტი შემართებით მოვემზადო. მინდა, შესვენებასავით ავიღო, რომ მეტი ინსპირაცია მომივიდეს, მეტი მუსიკა დავწერო. „მოგონება“ – ჩემი სიმღერა „აკუსტიკაში“ ჩავწერეთ და მართლა არ ველოდი, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა, ხალხს მოეწონა და მიიღო. არადა, ველოდებოდი კრიტიკას. ვფიქრობ, რომ დრო მჭირდება, რომ მეტი ვიშრომო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აბსოლუტურად ყველას, ვინც ხელს მიწყობს, რომ ხალხმა მნახოს, თუმცა ცოტა ხნით ჩემს თავთან მინდა დავრჩე მარტო. როცა დრო დადგება, უფრო სერიოზულად შევუდგები მუსიკალურ კარიერას. ეს არის ჩემი სამომავლო გეგმა – კარგად ვისწავლი, მუსიკასაც უფრო მეტი ენერგია  უნდა დავუთმო და შემდეგ დავიწყო მუსიკალური კარიერის შექმნაზე სერიოზული ფიქრი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები