დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ ქვეყანა სატრანსპორტო დერეფანში გაზრდილ ტვირთბრუნვას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, რის გამოც საექსპორტო პროდუქცია მათ შორის, მალფუჭებადი სურსათი, დღეების განმავლობაში საბაჟო გამშვებ პუნქტებზეა გაჩერებული. საკითხზე მან გადაცემაში „საქმის კურსი“ ისაუბრა.
როგორც ჭყონია ამბობს, ეს ყველაფერი ცუნამივით მობრუნდება და დაარტყამს ყველა იმ ფერმერსა და მწარმოებელს, რომელთაც მალფუჭებადი პროდუქტი გააქვთ ექსპორტზე.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამჟამად, წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ასეულობით ტრაილერია გაჩერებული. „ჩემი ინფორმაციით, წითელ ხიდზე, ამ დროისთვის, 600 მანქანაა გაჩერებული, ლარსზე საუბარიც არ არის, იქ უარესი მდგომარეობაა.ზოგადად, მოზღვავებულია სატვირთო მანქანები, რადგან ერთ-ერთი სატრანზიტო გზა ვართ. ეს ვითარება რეალურად გვაჩვენებს თუ რამდენად მოუმზადებლები ვართ. რაზე ვსაუბრობთ, რა ლოგისტიკური ჰაბი?! ინფრასტრუქტურულად სრულად მოუწესრიგებლები ვართ. სარკინიგზო გადაზიდვები ჩვენ არ გვაქვს, ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენებულიყო, გზები… ძალიან მძიმე ვითარებაა.“, – აღნიშნა ივა ჭყონიამ „საქმის კურსში“ .