პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ სწავლა 26 აპრილს არ განახლდება, შესაძლოა, მთლიანად სასწავლო წლის ჩატარების პროცესი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.
„რა თქმა უნდა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ონლაინ გაკვეთილებით შესაძლებელია სრულფასოვანი განათლების მიცემა“, – აღნიშნა პრემიერმა.
გახარია: ეჭვი მეპარება, რომ სასწავლო პროცესის აღდგენა 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ
"თუ ვერ შევძელით, ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს"
ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც გასულ წელს მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა, „ფორტუნასთან“ საუბარში იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ონლაინ გაკვთილების ჩატარებას მოჰყვება.
„დიდი იმედი მაქვს, მალე სწავლის ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით. სამწუხაროდ, ონლაინ გაკვეთილების ჩატარების გამოცდილება არ გვაქვს. მგონია, რომ სკოლაში ონლაინ კლუბების შექმნა აუცილებელია. მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეები ამ კუთხით საკმაოდ განვითარებულები არიან და აქეთ გვეხმარებიან მასწავლებლებს. ეს არცაა გასაკვირი. მათ ინტერნეტთან ურთიერთობა გაცილებით კარგად გამოსდით, ვიდრე უფროს თაობას. ძალიან განვითარებული და კარგი თაობა მოდის და არ მგონია, რომ მსოფლიოში შექმნილმა სიტუაციამ მათ ცოდნის მიღებას საფრთხე შეუქმნას“, – აღნიშნა აფხაზავამ.
აფხაზავა შექმნილ სიტუაციაში რეგიონში არსებულ ყველაზე დიდ პრობლემაზე საუბრობს, რაც ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას ხელს შეუშლის.
„ინტერნეტის სიხშირე ძალიან დაბალია. ტელეფონით ინტერნეტს ვრთავ, მერე უნდა დავუკავშირდე კომპიუტერს და მხოლოდ ამის მერე ხდება შესაძლებელი მოსწავლეებთან ონლაინ დაკავშირება. ეს ბევრ ხარვეზს იწვევს. რეგიონის მასწავლებლები ამ ხარვეზის წინაშე ვდგავართ“, – აღნიშნა აფხაზავამ.
აფხაზავას თქმით, მოსწავლეების უმეტესობა რეპეტიტორებთან სიარულს მაინც აგრძელებენ.
„სიმართლე უნდა ითქვას, უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით უმაღლესში ძალიან ცოტანი აბარებდნენ. ამ სიტუაციაშიც კი უამრავი ბავშვი დადის რეპეტიტორთან. რამდენიმე მოსწავლეს ვკითხე და მითხრეს, რომ აგრძელებენ მოსამზადებლად სიარულს. არიან მასწავლებლები, რომლებიც შექმნილ სიტუაციას არ ურიგდებიან. ალბათ მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებს შინ იბარებენ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებენ. გაკვეთილზე დისტანციაც დაცულია და სწავლის დაწყებამდე ხელსაც იბანენ“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ლადო აფხაზავამ.
განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, განათლების სამინისტრომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი აუცილებლად უნდა მოძებნოს და სასწავლო წელი არ უნდა ჩავარდეს.
„სასწავლო წელი არ უნდა ჩავარდეს, ამისთვის განათლების სამინისტროს 24-საათიან რეჟიმში მუშობაა საჭირო. “გუგლმა” გამოაცხადა, რომ ყველას უფასოდ აძლევს თავის ახალშექმნილ პლატფორმას ონლაინ გაკვეთილებისთვის. რაც ადრე ფასიანი იყო, ახლა უფასოდაა შესაძლებელი. ყველა სკოლას აქვს ინტერნეტი და კომპიუტერული შესაძლებლობები, რომ ონლაინ გაკვეთილები აეწყოს.
ონლაინ განათლება, რა თქმა უნდა, არ არის ჩვეულებრივი მიღებული განათლების შეცვლა, თუმცა ამ ერთი თვის განმავლობაში, ბავშვებმა დრო რომ არ დაკარგონ, შესაძლებელია მისი გამოყენება. შექმნილი სიტუაცია, ვერც აბიტურიენტებს შეუქნის დიდ პრობლემას, რადგან მე-12 კლასში ცოდნას კი არ იღებენ, გასულ წლებში ნასწავლს იმეორებენ. ამიტომ აბსოლუტურად შესაძლებელია, ამ შემთხვევაში ონლაინ გაკვეთილების ჩატარება და სასწავლო პროცესის გაგრძელება“, – აღნიშნავს შაშკინი ჩვენთან საუბარში.
როგორც „ფორტუნას“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით აბიტურიენტებისთვის არაფერი შეცვლილა და ყველაფერი გაწერილი გეგმის მიხედით მიდის.
„აბიტურიენტების რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტს დამთავრდება. ჯერჯერობით ყველაფერი მიდის ჩვეული რეჟიმით, ანუ როგორც იყო გაწერილი. თუმცა, სამინისტრო სხვა სცენარებსაც განიხილავს“, – განგვიცხადეს განათლების სამინისტროში.