საქართველოში მოქმედი 10 ბიზნეს გაერთიანება პრემიერს 7 მოთხოვნით მიმათავს.
ისინი შეზღუდვების სექტორალური მოხსნის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურაღებას.
აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერის“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ესაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეზღუდვების შემსუბუქების მნიშვნელობას და ამასთან, ისაუბრა ბიზნესომბუდსმენის საჭიროების შესახებ.
“10 ბიზნესგაერთიანება ვართ წარმოდგენილი, აქ საქმე არ არის იმაში, რომ რომელიმე ერთ ასოციაციას აწუხებდეს პრობლემები, გლობალურ ჭრილში გვაქვს ჩვენ საუბარი. სარესტორნო სექტორს, იგივე მთის კურორტების-ეს პრობლემები, რომლებიც დგას ყველა ასოციაციას გვეხება.
მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ ჩვენი ასოციაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ საუბარია ათობით მილიონ ლარზე, დავალიანება აქვს ჰორეკა სექტორს. ანუ თუ დროულად არ აღდგა და ნორმალურად არ გააგრძელეს ფუნქციონირება ეს დავალიანება დარჩება და კიდევ უფრო მეტი პრობლემის წინაშე დადგება ჩვენი სექტორი, ანუ ჯაჭვური ბმა არის და რეაქციაც ჯაჭვური მოჰყვება, ამიტომ ვფირობთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი.
გარდა ამისა ერთ-ერთი მთავარი რაც არის, ეს მე-6 პუნქტია, რომლის გარშემოც არამარტო ბიზნესგაერთიანებები, არამედ სრულიად ბიზნესის წარმომადგენლები ერთსულოვნები ვართ. პრემიერის მხრიდან ბიზნესთან შეხვედრისას გაჟღერებულ იქნა, რომ წარგვედგინა ბიზნესომბუდსმენის კანდიდატურა.
პრემიერი წამოვიდა თვითონ ამ ინიცირებით და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯი იმიტომ, რომ ბიზნესომბუდსმენი ცალსახაა რომ უნდა იყოს წარმოდგენილი ბიზნესისგან, უნდა იყოს ხიდი მთავრობასა და ბიზნესს შორის და გარკვეული მედიატორის როლიც უნდა შეითავსოს რიგ ბიზნეს დავებშიც ორ ბიზნესსუბიექტს შორის მაგალითად.
ბიზნესიდან წამოსული ადამიანის ხედვა, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებული იქნება და მარტივი იქნება პროლემის წარმოჩენა ვიდრე იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც ზოგადად არიან და მოღვაწეობენ სახელმწიფო სამსახურში.
ბიზნესიდან წამოსული ადამიანი გაცილებით მარტივად ერკვევა იმ პრობლემებში, რომლებიც ბიზნესს აქვს და რა პორბლემების წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ახლა ვმუშაობთ ბიზნესასოციაციები და მსხვილი ბიზნესები კანდიდატურებზე.”
ივა ჭყონიამ იმ რეგულაციების შემსუბუქების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რაც ბიზნესს დიდ პრობლემებს უქმნის.
„კომენდანტის საათის გადაწევაა ერთ-ერთი, რითეილერები ითხოვენ, რომ ეს დრო იყოს გადაწეული, რადგან დროში ვერ ეტევიან, შაბათ-კვირას შეზღუდვებიც საკმაოდ მძიმეა მათთვის, ეს პრობლემები რაც არის კარგი იქნება თუ დროულად აღმოიფხვრება, მე ვფიქრობ, რომ დაგვიანებულიც კი არის, ეს კონსულტაციები ნოემბრის თვეში რომ დაწყებულიყო და დეკემბრის დასაწყისში დასრულებულიყო ალბათ უფრო მარტივად იქნებოდა მოგვარებადი.”-აღნიშნა ივა ჭყონიამ “ბიზნესკურიერთან” საუბრისას.
ცნობისთვის, კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, 10-მა ბიზნესასოციაციამ 7-პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს.
1. „კომენდანტის საათის“ დაწყების ვადის გადაწევა 2 საათით, 23:00-დან. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე პიკურ პერიოდში და ასევე, მისცემს საგრძნობ ეკონომიკურ შედეგს ბიზნეს სექტორს
2. შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნა იმ ბიზნესსექტორებისთვის, რომელთა მუშაობაც ნებადართულია სამუშაო დღეებში. ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია საცალო სავაჭრო სექტორისთვის, რომლის ბრუნვის 40% სწორედ დასვენების დღეებში გენერირდება;
3. კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტების დამუშავება დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რეალურად მისცემს საშუალებას ცალკეულ დარგებს, ოპერატიულად ამუშავდნენ. მაგალითად, საუბარია სავაჭრო ცენტრებისთვის შეღავათის მიცემაზე 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების კუთხით;
4. 22 თებერვლიდან სარესტორნო/კვების ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც, შესაბამისი მკაცრი რეგულაციის პირობებში, რაზეც დარგის წარმომადგენლებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული წინადადებები;
5. მთის კურორტების გახსნა 22 თებერვლიდან. მიუხედავად ფაქტიურად დასრულებული ზამთრის სეზონისა, სასტუმროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლონ მინიმალური შემოსავლების გენერირება, სრული კოლაფსის და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით;
6. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშუალო მონაწილეობით. ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნეს სექტორიდან;
7. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნეს კონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით.
ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ითხოვენ, პრემიერ-მინისტრის უშუალო მონაწილეობით, ეპიდემიოლოგებთან, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრას, რათა ერთად მოიძებნოს კრიზისიდან ეკონომიკის სწრაფად გამოყვანის გზები.
მიმართვას ხელს აწერენ: „საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია”, „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“, „საქართველოს რითეილერთა ასოციაცია”, „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია”, „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი”, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია “, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია” და „საქართველოს სასტუმროების ფედერაცია“.