LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოუტანა მანიკა ასათიანს პროექტში „ვინ ვინ არის“ გამარჯვებამ: „დღემდე ვიღებ წარმოუდგენელ წერილებს. რაც სცენაზე ვიტირე, ათი იმდენი ვიტირე სცენის გარეთ, სახლში, როცა ამ ყველაფერს ვკითხულობდი…“

1011
მანიკა-ასათიანი1

მანიკა ასათიანი „ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გახდა.

მას თავიდანვე გამარჯვებისკენ ჰქონდა გეზი და თავისი გეგმა შესანიშნავად შეასრულა.

მანიკა ფასკუნჯის პერსონაჟად საინტერესო გარდასახვაზე fortuna.ge-ს ესაუბრა.

მანიკა, გარკვეული პერიოდი გავიდა და ახლა როგორ უყურებ შენს გამარჯვებას პროექტში „ვინ ვინ არის“?

პირველი სეზონი როცა გადიოდა, მით უმეტეს, ბახვას მიჰყავდა, იმდენად ბოლომდე ვიყავი ჩართული, რომ როგორც პროექტზე, შეყვარებული გახლდით. მიფიქრია, მე რომ შემომთავაზონ, რას ვიზამ-მეთქი. ძალიან მინდოდა. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ჩემი პროპორციებიდან გამომდინარე მარტივად გამომიცნობენ-მეთქი. ეს ჩემს ფიქრებში ხდებოდა, მოდი, კაცი ვიქნები და აბა, რას ვიზამ-მეთქი. დადგა მეორე სეზონის დრო და დამიბარა ფანქველამ (ზურა ფანქველაშვილმა). თავიდანვე აღფრთოვანება გამოვხატე, არც მიყოყმანია და დავთანხმდი. მოდი, ვსინჯოთ, რომ იყო მამაკაციო, ანუ ჩვენი მოსაზრება დაემთხვა.

მერე დაიწყო სხვა ეტაპი – შევხვდი სოფო ტოროშელიძეს, ნინა წითლაურსა და ანი ჭუმბურიძეს. მოვსინჯეთ დაბალი ნოტები და გაუკვირდათ, სადამდე ჩავდიოდი. არავინ იცოდა, ვინ სადამდე მივიდოდა, მაგრამ მაინც ჰქონდათ კითხვა, სადამდე დავმალავდით, რომ მამაკაცი არ ვიყავი. მერე შევხვდი დუტას, რომელმაც ისე ამიხსნა მამაკაცის მოცემულობა, სუნთქვა, სიარულის მანერა, იმდენად დანახვა ყველაფერი პრაქტიკაში, რომ ძალიან გამიმარტივდა ამ როლის მორგება. სასცენო დადგმებში დუტა იყო ჩართული. მან მეტ-ნაკლებად იცის ჩემი შესაძლებლობები და მაქსიმალურად გამომავლენინა ყველაფერი, სამსახიობო ნიჭი იქნებოდა თუ ემოციური ნაწილი, ყველაფერი გამაკეთებინა.

ჩემი კოსტიუმი თეა თელიამ შექმნა და სიმბოლური იყო ჩემი ცეცხლოვან კოსტიუმში ყოფნა, ჟღალი თმა და ცეცხლოვანი ფასკუნჯი. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ კოსტიუმში ქალი იყო, რომ არც უფიქრიათ ამ მიმართულებით.

რა სირთულეები ახლდა ამ პროექტს და ყველაზე დიდი ბარიერის გადალახვა როდის მოგიხდა?

მთავარი სირთულე იყო სქესის შეცვლა. მეორე სირთულე იყო, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იმ სივრცეში, სადაც მე ვმუშაობ. თითოეული ადამიანი ჩემთვის კარგად ნაცნობია, ზოგი – უახლოესი მეგობარი. ასმაგად მიწევდა შენიღბვა. იმავე დღეებში იმავე სივრცეებში მქონდა ხან კრება, ხან შეხვედრა. გავიდოდი კარში შენიღბული, გადავჯდებოდი ჩემს მანქანაში, მოვიდოდი ვითომ სამსახურში, თითქოს იქამდე არც ვყოფილვარ. ხათუნა გოჩაშვილი გახლდათ ჩემი პროდიუსერი. ჩემ მაგივრად ფიქრობდა და დამატებით რაღაცებზე საფიქრალი არ მქონდა. გვერდითი სირთულეები, რაც ასეთ დიდ შოუებს ახლავს, ბოლომდე ჰქონდა გათვლილი და ძალიან მადლობელი ვარ მისი.

„იმედის“ თანამშრომელი რომ ვარ, ეს კარგად მქონდა გააზრებული, რომ არავისთვის მიმეცა საბაბი, თუკი გავიმარჯვებდი, ეთქვათ, მანიკა „იმედის“ თანამშრომელია და ამიტომ გაიმარჯვაო. ყველაფერი სამართლიანად უნდა ყოფილიყო, ამიტომ ბოლო შესაძლებლობების ბეწვის ხიდზე ვიარე. რამდენადაც სასიამოვნო იყო პროცესი, იმდენად იყო დამღლელი და სტრესული. კოსტიუმი მძიმეა, როცა სცენაზე იღლები, ადრენალინია, სუნთქვა გიჭირს. მე ცოტა კლაუსტროფობია მაწუხებს და რაღაც მომენტში მეგონა, სცენაზე ხომ არ წავიქცევი-მეთქი. თვალებდახუჭულმა ვიმღერე ორი ნომერი. სხვანაირად ვერ შევძლებდი. ბოლომდე ვაკეთებდი ყველაფერს, რაც ჩაფიქრებული მქონდა, მთელი ძალით.

არ მოვიტყუები და ჩემი მიზანი იყო გამარჯვება. მიზანი ასევე იყო შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა. ისეთი კონკურენტები მყავდა, სავსებით შესაძლებელი იყო, სხვას მოეგო, მაგრამ რაღაცნაირად ისე წავიდა, რომ ფასკუნჯი პროექტის ფავორიტი გახდა. მინდოდა, ეს განწყობა ბოლომდე შემენარჩუნებინა.

ფინალში, გულწრფელად ვიტყვი, მაინც მქონდა შეგრძნება, რომ არ მოვიგო, რა მოხდა-მეთქი, არ მეწყინებოდა… ნუკრიც და თეონაც იმდენად მიყვარს და ისეთი შოუ ანახეს, ნამდვილად არ მეწყინებოდა მათი გამარჯვება, მაგრამ ფასკუნჯმა დააგვირგვინა და საქმე მიიყვანა ბოლომდე.

ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო, რომ იგებდა არა მანიკა, არამედ ჩემი პერსონაჟი, რომელიც გავაცოცხლე და სიცოცხლე შევძინე, ენერგია… ფასკუნჯის პერსონაჟი ხომ მე შევქმენი რეალურად და ეს მომენტი ძალიან მომწონდა. უკვე მოგებულზე გაიგეს, რომ მე ვიყავი. იმიტომ კი არ მოვიგე, რომ მანიკა ვარ და „იმედზე“ ვმუშაობ, იმიტომ მოვიგე, რომ ასე გავაცოცხლე ეს პერსონაჟი. აქ ხალხი გულშემატკივრობს თოჯინას და არა კონკრეტულ ცნობილ სახეს.

შენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გამარჯვებას და როგორ მოახერხე მათთვის დამალვა?

ძალიან რთული იყო ოჯახის წევრებისთვის დამალვა, მაგრამ მათზე მეტად თანამშრომლებთან უფრო გამირთულდა. სახლში მიჩვეულები არიან, რომ გადაღება მაქვს. ერთი კომპანია მოვიგონე, ვითომ მისთვის სარეკლამო სერიებს ვიღებდი. მარტივად გადავაგორე, მაგრამ იყო ორთვიანი მოუცლელობის პერიოდი. „დე, გადაღებაზე ვარ“ – ეს ტექსტი არ დამთავრდა არასდროს, როცა დედაჩემი მირეკავდა. თუმცა შედეგი ძალიან მომწონს. შედეგი ისაა, რაც ჩემს თავს დავუდე. ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა, უფრო კარგად გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები, მათ შორის სასიმღერო. ხალხმა იცის, რომ მანიკა კარგად მღერის, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები ასე არ იცოდნენ. სასცენო ნაწილში ბევრი რამ საკუთარ თავში ამ პროექტით აღმოვაჩინე. მსახიობობაზეც მიოცნებია. ამ პროექტმა გააერთიანა სამსახიობო ნიჭიც, სიმღერაც, სასცენო მოძრაობებიც. ის, რაც ჩემში ღმერთმა ჩადო, შევძელი, მეჩვენებინა მაყურებლისთვის.

უზომოდ მადლიერი ვარ იმ ყველა ადამიანის, ვინც ამხელა სიყვარული და სითბო დამანახვა. ამდენი წელია ტელევიზიაში ვარ, მე-16 წელი, არასდროს დამაკლდა ყურადღება და სიყვარული, სულ ეს შეგრძნება მქონდა, რომ ხალხს ვუყვარვარ, მაგრამ ამ პროექტით ეს სიყვარული გაასმაგდა. დღემდე ვიღებ წარმოუდგენელ წერილებს. რაც სცენაზე ვიტირე, ათი იმდენი ვიტირე სცენის გარეთ, სახლში, როცა ამ ყველაფერს ვკითხულობდი. მთავარი გამარჯვება ეს დადებითი შეფასებები და სიყვარულია და გულწრფელი გაოცება, რომელიც გამოვიწვიე სახლში. ჩემი ოჯახის წევრებიც გავაბედნიერე, იმხელა სიყვარული მივანიჭე თითოეულ მათგანს… განსაკუთრებით ბედნიერი ვარ ამის გამო…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები