LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოვირგოთ ახალი წლის ღამეს – „სადღესასწაულო გაპრანჭულ სამოსზე მოთხოვნა არ შემცირებულა…“

2328
nanamelqadze201215

დიზაინერი ნანა მელქაძე და მისი მოდის სახლი ამჟამად მხოლოდ ონლაინშეკვეთებზე მუშაობს. სოციალურ ქსელში ნანას გვერდი Nana Melkadze Fashion House ხშირად ანებივრებს საკუთარ მომხმარებელს ფოტოსესიებით, სადაც სამოსის ყველანაირი დეტალი კარგად ჩანს.

ახლახან გიორგი ცაავას მიერ გადაღებულ ახალ ფოტოსესიაში, სადაც საახალწლო კოლექცია წარადგინა, ნანა მელქაძემ თავად მიიღო მონაწილეობა. რატომ გამოიყენა ჭარბად თეთრი ფერი და რატომ გაიზარდა მოთხოვნა სადღესასწაულო სამოსზე ამ კარჩაკეტილობის პირობებშიც კი, ამაზე დიზაინერი საინტერესოდ გვესაუბრა.

ნანა, თავად გახდი საკუთარი კოლექციის სახე…

უცებ გადაწყდა ასე. 5 დეკემბერს დაგეგმილი გვქონდა ფოტოსესია, მაგრამ ჩვენს მოდელს დაემართა კორონავირუსი და უნდა გადაგვეწია გადაღება. ჩემი მომხმარებელი კი სულ ელოდება ახალ კოლექციას, მით უმეტეს ახლა, როდესაც ონლაინშეკვეთებზე ვმუშაობთ. ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ შემომთავაზა და მანამდე არაერთხელ უკითხავთ ჩემს მომხმარებლებსაც, თავად რატომ არ იღებ მონაწილეობას ახალი კოლექციის ფოტოსესიაშიო. გიორგისთან თარიღი შეთანხმებული მქონდა და ახალი საახალწლო კოლექცია ჩემი მონაწილეობით გადავიღეთ. გადაღებამდე ცოტა დაძაბული ვიყავი, თუმცა პროცესში უკვე ღელვა მომეხსნა. თავად გიორგი მეუბნებოდა, რომ ფოტოებს დიდად დამუშავებაც არ დასჭირდა და უკვე მეორე დღეს მქონდა ყველა ფოტო. ჩვენს სოციალურ ქსელში ორი ალბომი განვათავსეთ.

მოგეხსენებათ, ჩემი ხელწერა უკავშირდება სადღესასწაულო, გაპრანჭულ, გამოსასვლელ სამოსს. წარმოვადგინეთ ბლუზები, შარვლები, ორეულები, პალტოები, მანტოები, ყელის აქსესუარები, ქუდები. სხვათა შორის, აქსესუარებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ბევრი გამომწერი გვყავს ქუდებსა თუ აქსესუარებზე. სხვათა შორის, ეს იდეა სპონტანურად მომივიდა და გაამართლა. ერთ-ერთ ფოტოზე ნაქსოვი ჟაკეტი მაცვია, რომელიც შინ, კარანტინის დროს, გაზაფხულზე შევიკერე. გადავწყვიტე, რომ ისიც გამომეყენებინა ფოტოსესიაში, თუმცა მხოლოდ ერთი ცალია და არ არის გასაყიდი. ამ ჟაკეტს ითხოვს ყველა (იღიმის), თუმცა ნაქსოვს ახლა ვერ შევთავაზებთ მომხამრებელს, რადგან ბევრი სხვა შეკვეთა გვაქვს.

გამოვიყენე თეთრი ფერი ბლუზებში, პიჯაკებში, პალტოებსა და მანტოებში. ზოგადად ძალიან მიყვარს თეთრი და მისი გრადაციები. თბილი და სასიამოვნო ფერია, ბევრი იხდენს და სადღესასწაულო განწყობასაც უქმნის ადამიანებს. ვინაიდან ახლა მეტალის თეთრი ხარის წელიწადია, საკმაოდ ჭარბად გამოვიყენე ეს ფერი და პლუს სხვადასხვა მეტალის დეტალითაც გავაფორმე, რაც მომხმარებელს ძალიან მოეწონა.

როგორც ვიცი, განსაკუთრებული მოთხოვნაა სადღესასწაულო ჩაცმულობაზე, ამ ჩაკეტილობის პერიოდში.

ბევრი გვწერს სადღესასწაულო კაბებზე, ბლუზებსა და ორეულებზე, ასევე კომბინიზონებზე, რომლებიც ჩვენს კოლექციაში ასევე გვაქვს. ვფიქრობ, ამაში გასაოცარი არაფერია. მეც ვაპირებ, ახალი წლის ღამეს გავიპრანჭო და შევიკერო წითელი კაბა მუხლს ზემოთ, აუცილებლად მანჟეტებით, კაბას რაიმე დეტალით გავაფორმებ. ხალხმა ეს ჩაკეტილობის დეპრესია რაღაცით ხომ უნდა დაძლიოს, აუცილებელია ცხოვრების გახალისება და ვისაც აქვს საშუალება, რატომაც არა?!. თან, მე მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს მომხმარებელს ხელი შევუწყო, „შავ პარასკევს“ 50%-იანი ფასდაკლება გვქონდა, ახლაც გვექნება 30%-იანი – დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. ვსარგებლობთ საკურიერო მომსახურებით და ვაგზავნით შეკვეთებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

საახალწლო ღამისთვის რის მორგებას გვირჩევ?

ახალი წლის ღამეს წითელი ძალიან კარგი არჩევანია, ასევე თეთრი, რადგან თეთრი ხარის წელიწადი მოდის. ბევრი თეთრს ირჩევს 31 დეკემბრის ღამეს, ასევე წითელს, შავს. თავისუფალი სტილის კაბები კარგი არჩევანი იქნება, გაფორმებული სხვადასხვა ლამაზი დეტალით.

მოგვიყევი იმ სიურპრიზის შესახებ, რომელიც ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა თავის საყვარელ ქალს თქვენი მეშვეობით გაუკეთა.

ჩვენს ერთ-ერთ მომხმარებელს, ქალბატონს, ძალიან მოეწონა ჩვენი თეთრი პალტო ახალი კოლექციიდან. მისმა საქმრომ, რომელიც ამჟამად აშშ-შია, მოგვწერა, რომ ეს თეთრი პალტო საჩუქრად თავისი შეყვარებულისთვის უნდოდა. გვთხოვა, მისთვის ეს საჩუქარი ლამაზად შეგვეფუთა და გაგვეგზავნა. კონვერტი მაღაზიაში ვიპოვე და ჩემი ხელით გავაკეთე სადღესასწაულო შეფუთვა. ის ორი დღე, როდესაც ამ შეკვეთაზე ვმუშაობდით, ყველა გავხალისდით და ძალიან პოზიტიურად განვეწყვეთ, – ძალიან კარგი წყვილია. საქმრომ გვთხოვა, რომ კონვერტზე წაგვეწერა – „ზისნახეს“. მოვიძიეთ ამ სიტყვის მნიშვნელობა და გავიგეთ, რომ მეგრულად ის მზეთუნახავს ნიშნავს. ეს ბიჭი აქტიურად იყო ჩართული საჩუქრის მზადებაში, რამაც ძალიან გაგვახარა. მოგვიანებით, გოგონამ დაგვირეკა და ძალიან დიდი მადლობა გადაგვიხადა (იღიმის), ამ მოულოდნელმა საჩუქარმა, თან, მისთვის სასურველმა, ძალიან გაახარა. სხვათა შორის, ამ პალტოსთვის პიჯაკი და შარვალი შეუკვეთა ახალი წლის ღამისთვის.

გაზაფხულზე რა სიახლეები გექნება?

ახლა მეტად მობილიზებული ვარ. კრიზისულ სიტუაციაში უფრო მეტად ვინდომებ ხოლმე. ასე რომ, იანვარში უკვე შემოგთავაზებთ ახალ კოლექციას, საგაზაფხულოდ, ხოლო მარტის ბოლოს – ზაფხულისთვის. ამ ყველაფრის ნახვის საშუალება გექნებათ ჩვენი სოციალური ქსელის საშუალებით. ახალ კოლექციებში პრაქტიკული და იმავდროულად, ორიგინალური სამოსი გვექნება.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g