საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა.
მთავრობამ საფეხმავლო ბილიკების შესახებ რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტი ეფუძნება და ითვალისწინებს სალაშქრო ტურიზმის სფეროში მოწინავე ქვეყნების – შვეიცარიის, საფრანგეთისა და პოლონეთის გამოცდილებასა და სტანდარტებს.
რეგლამენტი ასევე შეესაბამება ევროპის სალაშქრო ფედერაციის მიერ დადგენილ, საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ზოგად საფუძვლებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოსადმი სულ უფრო მზარდი ტურისტული ინტერესის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის საფეხმავლო მარშრუტების დაპროექტება და მონიშვნა მოხდეს გეგმაზომიერად, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, რათა განვითარდეს ლაშქრობის კულტურა და შეიქმნას საფეხმავლო მარშრუტების ერთიანი ქსელი.
ბილიკების მოწყობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განახორციელებს, თუმცა საფეხმავლო ბილიკების შექმნა და მონიშვნა ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ კერძო პირს შეუძლია, გარკვეული ნებართვების და პროცედურების დაცვით.
აუცილებელია, ეს პროექტები ეს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის ქართული სტანდარტის შესაბამისად იყოს მომზადებული.
როგორც ”ფორტუნას” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბილიკების მონიშვნა და ინფრასტრუქტურული მოწყობა ტურისტის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია.
”ველურ ბუნებაში, განსაკუთრებით კი რთულ რელიეფზე მოგზაურობისას იზრდება გზის აბნევის და დაკარგვის საფრთხე, რასაც გამართულად მონიშნული და მოწყობილი ბილიკი მინიმუმამდე ამცირებს. თავის მხრივ გამართულად მონიშნული ბილიკი მოგზაურობასაც უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. ის მოგზაურს აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაცის ბილიკის კატეგორიის, სირთულის, ხანგრძლივობის, მოსანახულებელი ობიექტების შესახებ და ა.შ”, – განაცხადეს ტურიზმის ადმინისტრაციაში.
საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის პროცესი უკვე დაწყებულია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაახლოებით 2 კვირაში სრულად დაასრულებს სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 (ამჟამად მონიშნულია ორი ხანგრძლივი მარშრუტი), სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის მარშრუტების მონიშვნას და ინფრასტრუქტურულ მოწყობას. მომავალ წელს ამ რეგიონს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მარშრუტი შეემატება.
ბილიკები მომავალში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოინიშნება.
”ეს საბოლოდ მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში შეიქმნას ბილიკების ფართო ქსელი, რომლებიც ერთმანეთს დააკავშირებს ყველა რეგიონს. ამჟამად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ექვს რეგიონში მოკვლეულია 160-მდე ბილიკი, რომელთაგანაც გამოირჩა 105 რეკომენდებული/პერსპექტიული ბილიკი. უახლოეს წლებში მოხდება მათი უდიდესი ნაწილის მონიშვნა. ამ ეტაპზე მოკვლეულია შემდეგი რეგიონები: სამეგრელო ქვემო სვანეთი; მცხეთა-მთიანეთი; რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი; სამცხე-ჯავახეთი; გურია; იმერეთი”, – განუცხადეს ”ფორტუნას” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს მისი რელიეფისა და ბუნებრივი ღირებულებების წყალობით უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ბილიკების მონიშვნა, ამ დრომდეც ხორციელდებოდა, თუმცა, ერთიანი სტანდარტი არ არსებობდა. შემუშავებული რეგლამენტის თანახმად, ახალი ბილიკები ტურისტების მოგზაურობას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.