LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პოლიტიკას გაატარებს ჯო ბაიდენი საქართველოს მიმართ – ექსპერტების შეფასება მოსალოდნელ შედეგებზე

120
აშშ და საქართველო

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით, 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა. პრეზიდენტის ინაუგრაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ჯო ბაიდენმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება მის პრიორიტეტებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ აშშ მზადყოფნას გამოხატავს – გააძლიეროს ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფოებთან.

მის ამ მნიშვნელოვან სიტყვას კი, წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება უძღოდა, რომელმაც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა და თუ ქვეყანა  შეძლებს დააკმაყოფილოს გაწევრიანებისათვის სავალდებულო მოთხოვნები, მაშინ ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

ბაიდენის საერთო პოლიტიკისა და განცხადებების ფონზე, რომელიც მან საქართველოსთან მიმართებაში წარსულშიც არაერთხელ გააჟღერა, ექსპერტები მოვლენების დადებით განვითარებას პროგნოზირებენ. ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს გაცილებით დიდი გზა ეხსნება – მოახერხოს აშშ-სთან ახალი, სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება.

პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, საქარველოს მხრიდან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხებზე უფრო მეტ მუშაობაა საჭირო. მითუმეტეს ახლა, როდესაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტის პოზიციები გაცილებით უფრო მკაფიოა, ვიდრე ეს მისი წინამორბედის შემთხვევაში იყო.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურება, ახლა კიდევ უფრო მოსალოდნელია, ვინაიდან თავად ბაიდენს საგარეო პოლიტიკის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

მითუმეტეს, რომ ბაიდენი დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს სენატის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკა იყო.

„2009 წელს, იმ დროს, როდესაც ბარაკ ობამა მოსკოვს ეწვია, ბაიდენი საქართველოში ჩამოვიდა და ქართველ ხალხს უთხრა, რომ  რუსეთთან დაახლოების მიუხედავად, აშშ-ს პრიორიტეტად საქართველოს ტერიტორიული აღდგენისა და სუვერენიტეტის პატივისცემა რჩებოდა. გარდა ამისა, მისი განცხადებები – აშშ-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ, მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ს სურს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს გლობალურ პოლიტიკაში და ბუნებრივია, აშშ-ს გააჩნია პოტენციალი, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს მნიშვნელოვანია“ – განუცხადა „ფორტუნას“ ნიკა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი 21 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება და აშშ-ს მიერ სხვადასხვა ქვეყნებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად მიიჩნევა. მათ შორის, იმის გათვალისწინებითაც, რომ აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი 740 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

„შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენი აშშ-ს მნიშვნელობას გლობალურ დონეზე აცნობიერებს. მან მის საინგურაციო სიტყვაში ისაუბრა იმაზე, რომ აშშ მზადყოფნას გამოხატავს – გააძლიეროს ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევრომოკავშირეებთან ტრანსატლანტიკური კავშირების ფარგლებში,“- აღნიშნავს პოლიტოლოგი და დასძენს, რომ ამ მოცემულობაში, საქართველო ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

გარდა ამისა, ჩიტაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი თავის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ არა ჩინეთს, არამედ რუსეთს მიიჩნევს. მთავარი საფრთხე კი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წინაშე ასევე რუსეთია.

„ჩემი აზრით, მოსალოდნელია, რომ ბაიდენი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. თავისი ასაკის მიუხედავად, ახალმა პრეზიდენტმა თავისი ენერგიულობაც აჩვენა და პირველივე დღეს მუშაობას შეუდგა, განიხილა 18 დოკუმენტი და ხელი მოაწერა,“ – გვითხრა პოლიტოლოგმა.

ჩვენს კითხვაზე კი – რამდენად მნიშვნელოვანია, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, პოლიტოლოგმა ასე უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ აშშ, როგორც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პირობებში, ისე ობამას დროს, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერდა. თუმცა, მთავარი პრობლემა მოგეხსნებათ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის კონსესუსის არარსებობა იყო. ვიცით, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხს, არა ერთი, რომელიმე ცალკეული სახელმწიფო, არამედ ჩრდილოატლანტიკური საბჭო განიხილავს და გადაწყვეტილების მთავარი მიმღებიც საბჭოა. აღნიშნული საბჭო კი ნატოს წევრი ქვეყნებისგან შედგება და გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღება,“ – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება მისასალმებელია, თუმცა მეორე მხრივ, ფიქრობს, რომ რიგი ევროპელი ქვეყნების პოზიციის გამო, ეს გართულდება.

„რაკი ისინი ნატოში საქართველოს არათუ გაწევრიანებას, არამედ, გაწევრიანების გეგმის, მაპის მინიჭებასაც კი არ უჭერენ მხარს, საქართველომ ორიენტაცია აშშ-სთან ორმხრივი სამუშაოების განვითარებაზე უნდა აიღოს, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით და მაქსიმალური უნდა გააკეთოს, რომ აშშ-ს ქოლგის ქვეშ იყოს,“ – დასძენს ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგი „ფორტუნასთან“ საქართველოს მხრიდან გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, დიდწილადაა დამოკიდებული იმ ფაქტზე, თუ რამდენად და როგორ განვითარდება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები.

„მოგეხსენებათ, აშშ-ს დემოკრატიული პარტია უფრო დიდ ყურადღებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებს უთმობს, ამიტომაც საქართველოს აშშ-სათან შემდგომი დაახლოება, თუნდაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, დიდწილადაა დამოკიდებული იმ ფაქტზე, თუ რამდენად და როგორ განვითარდება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორ იქნება დაცული ჩვენს ქვეყანაში ადამიანი უფლებათა ფუნდამენტალური ღირებულებები. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ დემოკრატიის განძლიერება აშშ-სათან დაახლოების ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უნდა იყოს,“- აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მისი აზრით, გარდა ამისა, საქართველომ უნდა დაარწმუნოს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, აშშ-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მათ შორის, რეგიონში სამხედრო ბაზების გააქტიურებისა და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ჩათვლით. ეს კი იმ დროს, როდესაც ნატოში გაწევრიანების პროცესი ფერხდება.

„მითუმეტეს, აშშ-სთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს საქართველოს სტაბილურობის უზრუნველყოფა, რადგან საქართველო მთავარ სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენს – დამაკავშირებელ ხიდს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ენერგეტიკულ და სატრანპორტო პროექტებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აკისრია. საქართველო უნდა შეეცადოს და ამ გეგმებისა თუ მიზნების აღსრულებაში, ამერიკის ხელისუფლება დაარწმუნოს. აშშ-ს უფრო მეტი სამხედრო დასწრებაც კი საქართველოს ტერიტორიაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტისთვის, რომლის მთავარ საფრთხეს, რუსეთი წარმოადგენს, არამედ, აშშ-სთვისაც გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე,“- გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

“ევროპული კვლევების ცენტრის” დირექტორი და „რონდელის“ ფონდის უფროსი მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი კი ფიქრობს, რომ ბაიდენის მიდგომები ცნობილია და  პირველ რიგში, ეს შესაძლოა განვიხილოთ ფართომასშტაბში, მთლიანად შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების ცვლილებასთან დაკავშირებით.

„აქ ორი მნიშვნელოვანი რამაა: პირველი – აშშ ამბობს, რომ ძველ ალიანსებს აღადგენს, კონკრეტულად კი, ევროპასთან მეტი, უფრო მჭიდრო კავშირი ექნება, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან. იქნება უფრო მჭიდრო კონსულტაციები და ურთიერთობა ყველა საკითხებზე. აქედან  გამომდინარე, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება ნატოს შავი ზღვის პოლიტიკა და, რა თქმა უნდა, ეს ამერიკის სრული ჩართულობით მოხდება,“- გვითხრა კახა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რეგიონი ბევრად უფრო მეტად გააქტიურდება, რადგან ევროპის უსაფრთხოება, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ჩართვის გარეშე შეუძლებელია, აქ კი საქართველოს როლი კიდევ უფრო წინ წამოიწევს და აშშ-ს ადმინისტრაციის პრიორიტეტები საქართველოთან მიმართებაში კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ეს ურთიერთობები უფრო ინტენსიური და მიზანდასახული გახდება. მიზანდასახულობა ალბათ უფრო იმაში გამოიხატება, რომ აშშ-ს ადმისტრაციაში უკვე ღიად  საუბრობენ იმაზე, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა. როდესაც ასე საუბრობენ, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ წევრობის საკითხიც განიხილება. ალბათ დააკვირდებიან პროცესში ყველაზე კარგი მომენტი როდის შეიძლება გაიხსნას ამისთვის, როდის შეიძლება იყოს ყველაზე ნაკლებად სარისკო მომენტი და რა ვითარება უნდა ჩამოყალიბდეს, რა სიტუაცია უნდა შეიქმნას გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისა, რომ ამ პროცესში საქართველოს გაწევრიანება, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს. მგონია, რომ ჩვენ ახლა ბევრად მეტი პერსპექტივა გაგვეხსნა, ვიდრე ეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გვქონდა,“- განუცხადა“ ფორტუნას“ გოგოლაშვილმა.

იგი ფიქრობს, რომ ახლა უპირველესი ამოცანა პოლიტიკური კრიზისის მოგვარება  და ქვეყნის კონსოლიდაციის გაღმავებაა. როგორც გოგოლაშვილმა გვითხრა ის, რომ ყველა თანახმაა ევროინტეგრაციაზე, ეს ყველასთვის გასაგებია, თუმცა ვერბალური თანხმობა საკმარისი არაა, ამიტომ პოზიციების მკაფიო თანხვედრაა საჭირო.

„საჭიროა ძალიან მკაფიო მზადყოფნა, რომ ყველა ძალებმა ამისთვის ითანამშრომლოს. პირველ რიგში კი  საჭიროა შეთანხმდნენ და პოლიტიკური კრიზისი დაძლიონ. არ ვიცი, ეს მომდევნო 2 თუ 4 წელში მოხდება, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობა უნდა იყოს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,“- უთხრა „ფორტუნას“ გოგოლაშვილმა.

თუ რამდენად აქვს ქართულ მხარეს აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების მზაობა, ამ კითხვაზე კახა გოგოლაშვილმა გვითხრა, რომ  ახლა კრიზისი უფრო მეტად ჩანს და ეს საკითხი პოლიტიკური სპექტრის დაქსაქსულობითაა გამოწვეული. ფიქრობს, რომ ეს გარკვეულწილად ტრამპის პოლიტიკის შედეგია, რადგან შეერთებული შტატების მონიტორინგი და კონტროლი ჩვენს პოლიტიკაზე შესუსტდა, ამან კი ძალების მეტად დაქსაქსულობა გამოწვია. ამ ყველაფრის დალაგებას კი, კახა გოგოლაშვილის აზრით, აუცილებლად სჭირდება გარე ძალები, რათა დაპირისპირება დროულად მოგვარდეს.

„ვიღაცამ რაღაც უნდა დათმოს, მაგრამ ერთიანი მიზანი უნდა ჰქონდეთ, ამას კი პარტნირების ჩართულობა სჭირდება. მხოლოდ ელჩების მოდერაცია შეხვედრებისთვის საკმარისი არაა, სადაც მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ნება არ ჩანს. ახალი ადმინისტაციის პირობებში ეს ნება უნდა გამოჩნდეს, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს საკითხი არაა, ესაა აშშ-ს, ევროპის ქვეყნების, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხი.

პატარა საქართველოში პოლიტიკური სტაბილიზაცია, ამხელა რეგიონის უსაფრთხოების საკითხია, ამიტომ აქ დიდი ძალები უნდა ჩაერთოს. მგონია, რომ ყველაფერი მაშინ დალაგდება, რადგან ჩვენ, ქარველები მარტო ამას ვერ შევძლებთ. როგორც ჩანს, საამისოდ პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს, თუმცა შესაძლოა არც არავის ჰქონდეს თუ ფართო კონტექსტში ქვეყანაზე გარე ძალების ზემოქმედება არაა“ – განუცხადა „ფორტუნას“ კახა გოგოლაშვილმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g