LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პოტენციალი აქვთ სოციალურ საწარმოებს ტურიზმში – როგორ ცდილობს საქართველო ფეხდაფეხ მიჰყვეს თანამედროვე ტენდენციებს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

55
საქართველოს ტურიზმი

„სოციალური მეწარმეები ტურიზმისთვის“ – ასე ჰქვია სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მიერ  განხორციელებულ პროექტს, რომელიც სოციალური საწარმოების ტურისტული პოტენციალის შესწავლასა და ათვისებას ისახავს მიზნად.

პროექტი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ლატვიის სოციალური მეწარმეობის ასოციაციის ჩართულობით განხორციელდა. ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად ქართულმა და ლატვიურმა სოციალურმა საწარმოებმა შეძლეს გამოცდილებისა და ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარება.

პროექტს საქართველოში სამი ძირითადი სამიზნე რეგიონი ჰქონდა: თბილისი, კახეთი და ქვემო ქართლი.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ანასტასია ჩხენკელი გიორგი ხიდაშელი – რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ტურიზმის ხელშეწყობის  მიმართულების ხელმძღვანელი და თამარ გეგელაშვილი – სოციალურ საწარმოთა ალიანსის წარმომადგენელი და პროექტის ასისტენტი საუბრობენ.

– გიორგი, როგორ დაიბადა პროექტის იდეა? ჩვენთან წარმოდგენა აქვთ, რომ როდესაც გქვია საწარმო მაინცდამაინც რამეს უნდა აწარმოებდე. მაგრამ კარგად ვიცით, რომ მომსახურების სფეროშიც შეიძლება, არსებობდეს სოციალური საწარმო..

– დასავლეთში  პასუხისმგებლიანი ტურიზმი აქტუალური ხდება. მაქსიმალურად ცდილობენ ტურისტული ჩართულობების შეთავაზებას, რაც შეიძლება გამოიხატოს ტურისტებისთვის ტრადიციული რეწვის მასტერკლასების ჩვენებაში, ან საინტერესო ნაწარმის დამზადების დათვალიერებაში. მოგზაურების მიერ დახარჯული თანხა უნდა ხმარდებოდეს ადგილობრივი ბაზრის გაძლიერებას. ეს არის თანამედროვე ტურიზმის საერთაშორისო ტენდენცია. ტურიზმის ინდუსტრიაში ისეთი წამყვანი ქვეყნები,  როგორებიცაა ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და სხვა, აქტიურად იწყებენ სოციალური საწარმოების ჩართვას ტურიზმსა და სამოგზაურო პროგრამებში. ჩვენი იდეაც აქედან გაჩნდა, გვინდოდა, ფეხდაფეხ მივყოლოდით თანამედროვე ტენდენციებისთვის და სტანდარტებისთვის.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში სოციალურ საწარმოებს კარგი პოტენციალი აქვს. საქართველოს გაცნობის სურვილის მქონე ტურისტებს, შეუძლიათ, დაანახვონ ისეთი საინტერესო კულტურული საქმიანობები, რომლებიც ერთის მხრივ მათ აღფრთოვანებას გამოიწვევს და მეორეს მხრივ მათ გაუჩნდებათ სურვილი, რომ ადგილობრივ საზოგადოებას დაეხმარონ ფინანსურად, ცოდნის გაზიარებით და ა.შ.

– თამარ, სოციალური საწარმოების პოტენციალი როგორია ტურიზმის მიმართულებით?

– ჩვენი პროექტი პირველი იყო, რომელმაც სოციალურ მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა, ტურიზმის სფეროში განვითარებულიყვნენ. სოციალური საწარმოები მანამდე, სანამ ტურიზმის სფეროში აღმოჩნდებოდნენ, სერვისპროვაიდერები იყვნენ.

ჩამოყალიბებული ჰქონდათ სოციალური პასუხისმგებლობები და კარგად ესმოდათ, პასუხისმგებლიანი ქცევა როგორ მუშაობს და როგორია პასუხისმგებლიანი ადამიანის მიდრეკილებები, საჭიროებები და ინტერესები.

შესაბამისად სოციალური მეწარმეებისა და პასუხისმგებლიანი ტურიზმის ინტერესთა კვეთა საკმაოდ დიდი იყო. აქედან გამომდინარე სოციალურ მეწარმეებს მარტივად შეეძლოთ ადაპტირება ტურიზმის სფეროზე.

– თავად თუ მოეწონათ და თუ ხვდებიან, რომ ამ მიმართულებითაც არის განვითარების პოტენციალი?

– სოციალური მეწარმეებისგან საკმაოდ დიდი ინტერესი მივიღეთ საპასუხოდ. ამ ეტაპზე მხოლოდ რვა სოციალურ საწარმოს გავუწიეთ ინდივიდუალური კონსულტაცია. თუმცა მათ გარდა მრავალმა  გამოთქვა სურვილი, მსგავსი ტიპის აქტივობაში ჩართულობის.

მათთვის ტურიზმი არის კიდევ ერთი შემოსავლის წყარო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობისთვის. რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებული იქნება შემოსავლები, მათ დაეხმარებათ, რომ უფრო მდგრადები გახდნენ და ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ, რაც საბოლოო ჯამში მათ ბენეფიციარებზე ახდენს გავლენას.

– გიორგი, როგორ დაეხმარა ეს პროექტი სოციალურ საწარმოებს? რა გაიგეს მათ ახალი? რა თქმა უნდა, დივერსიფიცირებაც მნიშვნელოვანია. მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებელზე დამოკიდებულება რთულია. კრიზისების დროს ამის გადალახვა ჭირს ხოლმე.

რა დაინახეს და რა ისწავლეს ამ პროექტისგან?

– სოციალურ საწარმოებს აქვთ კონკრეტული პოტენციალი ტურიზმში. ქმნიან საინტერესო პროდუქტს, რომელიც ტრადიციებთან არის დაკავშირებული, თავად პროდუქტის შექმნა არის ის ტურისტული სერვისი, რომელსაც სტუმრებს სთავაზობენ. მაგალითად როგორ დავამზადოთ თიხის, ან თექის ნაწარმი, რომელსაც აქვს ორმაგი ღირებულება.

პირველი –  სტუმარს შეუძლია ნახოს ერი რა ტრადიციებით სუნთქავს და მეორე, თავად ჩაერთოს ამ ყველაფერში.

ჩვენ ამ ადამიანებს პირველ რიგში დავეხმარეთ იმით, რომ თავიანთი საქმიანობა ტურისტულ პროდუქტად გადაექციათ. ზუსტად გაეწერათ, როდის რას აკეთებენ. თითოეულ აქტივობას რამდენი წუთი შეიძლება, რომ დაეთმოს. რა სიტყვით შეიძლება წარდგნენ სტუმრებთან და როგორ უნდა გააცნონ ეს ყველაფერი.

საბოლოო ჯამში ამ ადამიანებმა სრულყოფილად გაითავისეს თუ რა სახის სერვისს სთავაზობენ და რა ფასი შეიძლება, ეს დაჯდეს, რამდენი ხანი გრძელდება მოგზაურობა და რამდენად კავშირშია საგზაო ინფრასტრუქტურასთან.

მნიშვნელოვანია თემაა, როგორ შეიძლება,  გავიდნენ ტურისტულ სააგენტოებთან კონტაქტზე. ტურისტული სააგენტოები ძალიან კარგი ბიზნესპარტნიორები არიან, რომლებიც შუამავალ როლს თამაშობენ უცხოელ ვიზიტორებსა და სოციალურ საწარმოებს შორის. თუ ტურისტულ სააგენტოებთან კონკრეტული შეთავაზებით მისვლას შეძლებენ, საბოლოო ჯამში შეიძლება დაიწყოს თანამშრომლობა, რომელიც ორივე მხარისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება.

ტურისტულ სააგენტოებსაც, რა თქმა უნდა, სჭირდებათ სოციალური საწარმოები. თუ სურთ, რომ ჰქონდეთ პასუხისმგებლიანი ტურიზმის მიმართულება, მაშინ სოციალური საწარმოები, როგორც ერთ-ერთი კომპონენტი, ძალიან კარგად იმუშავებს.

ვასწავლეთ, რა შეიძლება გააკეთონ ინდივიდუალური ტურისტის მოსაზიდად. ანუ იმ ადამიანების მოსაზიდად, რომლებიც თავისით ჩამოდიან საქართველოში და არ საჭიროებენ ვიღაცის დაგეგმილი ტურით სარგებლობას.

მათ საკმაოდ კომპლექსურად მივუდექით. ტურიზმში სოციალური საწარმოების ჩართულობა, დამატებითი ფინანსების წყარო შეიძლება, რომ გახდეს, თუ ჩვენ მიერ მათთვის მიცემულ უნარებს გამოიყენებენ და პრაქტიკაში სწორად გამოიყენებენ, ბიზნესმოდელი უფრო ეფექტიანად იმუშავებს და უფრო დივერსიფიცირებული შემოსავლის წყაროები ექნებათ.

– თამარ, როგორ ფიქრობთ, რა გრძელვადიანი შედეგი ექნება ამ პროექტს და მომავალში თუ ფიქრობთ მსგავსი პროექტების განხორციელებას?

– ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, დაინტერესება რომ ამ ტიპის პროგრამები მომავალშიც განვახორციელოთ.

გარდა იმ უნარ-ჩვევებისა, რომელიც სოციალურ მეწარმეებს გავუზიარეთ არის ტურისტული მეწარმეობის ტურისტული კატალოგიც, რომელიც განახლებადი რესურსია.

ჩვენს მიერ გაცემულ ყველა ინფორმაციას თავი მოვუყარეთ ერთ ონლაინ სივრცეში, მისი საშუალებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

რესურსი ძალიან მარტივად გამოსაყენებელია სოციალური მეწარმეებისთვის.

– ნამდვილად მნიშვნელოვანია აქტივობებზე დაფუძნებული ტურიზმი და როდესაც საზღვარგარეთ ვმოგზაურობთ, მსგავსი საწარმოების გაცნობა საინტერესო იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g