LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემებს შეუქმნის საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ბიზნესს

99

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც  ბიზნესს საპოლიციო გამოსახლების გაუქმების შემდეგ შეექმნება.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი საკმაოდ ”დამაზიანებელია” და ქვეყნის ეკონომიკას ბევრ პრობლემას შეუქმნის.

ასლანიშვილის განმარტებით, პრობლემები შეექმნებათ იმ დარგებსაც, რომლებიც უძრავი ქონების ბაზარზე მუშაობენ და არ მისცემს მათ განვითარების საშუალებას.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამ მიმართულებით რამდენიმე გართულებას ასახელებს, კერძოდ, მისი აზრით, როცა რთულდება ქონებაზე საკუთრების რეალიზება, ავტომატურად ეს იწვევს უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული ადამიანების პრაქტიკის გადახედვას, საფასო პოლიტიკის შეცვლას, ზოგადად გაძვირებას.

„ამასთან, საბანკო სექტორი, რომელიც აფინასებს უძრავი ქონების ბაზარს, ქმნის ახალი რისკების შეფასების სისტემას, რაც საბოლოო ჯამში აისახება საპროცენტო განაკვეთების ზრდაში, იმიტომ რომ მომატებული რისკების პირობებში ავტომატურად იზრდება საპროცენტო განაკვეთები,“- აღნიშნა ასლანიშვილმა.

მისივე თქმით, ის იურიდიული კომპანიები, რომლებიც დაკავებული არიან კომერციული საოფისე ფართების გაქირავებით, შეცვლიან ასევე გაქირავების სტანდარტებს და გაძვირებული პირობებით შესთავაზებენ მომხმარებლებს აღნიშნული ფართების ხელმეორედ გაქირავებას.

„შესაბამისად, ეს გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას, ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის პოტენციურად შემოსავლების კლებას და გლობალურად ინვესტორების ქცევის შეცვლას, რომლებიც ფიქრობენ ამ ბიზნესში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაზე,” – აღნიშნა ასლანიშვილმა.

საქართველოში საპოლიციო გამოსახლება გაუქმდა. პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 11 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილებები პოლიციისა და სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონებში, ასევე, სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით, პოლიციის მეშვეობით არის შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g