17 წლის ნიკა კუბლაშვილი ლაგოდეხიდან, შეიძლება ითქვას, ინტერნეტვარსკვლავი წამებში გახდა. „თუ ასე ტურფა იყავი“ მისი შესრულებით ასი ათასობით ადამიანმა ნახა და მოიწონა. მას თავისი გულშემატკივარი სთხოვდა, რომ „რუსთავი 2“-ის პროექტში „საქართველოს ხმა“ აუცილებლად მიეღო მონაწილეობა. სწორედ ამ პროექტის გადაღებებზე შევხდით ნიკას და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
ნიკა, ელოდებოდი, როცა პირველ სიმღერას წერდი სოციალური ქსელებისთვის, ასეთ დიდ გამოხმაურებას?
პირველად ჩავწერე „თუ ასე ტურფა იყავი“. საღამო იყო, როცა დავდე. დადებიდან მეორე დღეს, დილას რომ გავიღვიძე, სრულიად სოციალურ ქსელი მოიცვა, ყველგან „გავარდა“ და დიდი ემოციები გამოიწვია ჩემში, რა თქმა უნდა.

მუსიკით როდის დაინტერესდი?
ეს ნიჭი მშობლებმა შეამჩნიეს. დედაც მღერის და მამაც, დიდი ბებიაც მღეროდა და ალბათ, ეს ნიჭი გენეტიკურია. ბავშვობიდან ჩემთვის ვმღეროდი. მაშინ „ბასტი ბუბუს“ სიმღერები იყო მოდაში და ვყვებოდი. შემიყვანეს ფორტეპიანოზე, შვიდწლედი დავამთავრე, მაგრამ კოვიდის პერიოდი დაემთხვა და სრულფასოვნად მაინც ვერ შევძელი სწავლა, როგორც საჭირო იყო. ჩემს მუსიკალურ ნიჭს მერე ვეღარ მიეცა განვითარება. არ იყო წრე, სადაც შევიდოდი და ვოკალს შევისწავლიდი. არაერთი ნიჭიერი მომღერალი გვყავს, მაგალითად, ჰამლეტ გონაშვილი, ვუსმენდი და მისგან თუ სხვებისგან ვიღებდი იმას, სწორად როგორ უნდა მემღერა.
ხალხური არის შენი მთავარი ჟანრი?
კი, ასეა, უფრო გამომდის, მაგრამ რთულია ესტრადასთან შედარებით. მინდა, რომ ბოლომდე ხალხური ვიმღერო.
ახალ ჰამლეტ გონაშვილს რომ გეძახიან ინტერნეტში, ამ შეფასებას როგორ უყურებ? შენ, ბიჭი, რომელიც სწორედ ჰამლეტის სიმღერებზე გაიზარდა…
სიმართლე რომ გითხრათ, ეს ფაქტი ძალიან მახარებს, რომ ჰამლეტ გონაშვილის მადარებენ. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჰამლეტი ახსოვს ხალხს და ძალიან უყვარს, ეს უფრო მახარებს. საქართველოში არ მეგულება მსგავსი ხმის პატრონი. ალბათ, მისი შესრულებები საუკუნეებს გაუძლებს. ღმერთმა გამოგვიგზავნოს მისი ხმისნაირი ადამიანი, რომ კიდევ დაგვატკბოს. რა თქმა უნდა, მოტივაციას მაძლევს, როცა ჰამლეტს მადარებენ, თუმცა როცა მას მადარებენ, მაინც არ ვიღებ ჩემს თავზე… მე მაინც ვცდილობ, ჩემებურად ვიმღერო.
აბიტურიენტი ხარ. საით გიჭირავს გეზი?
სკოლაში სწავლას მალე დავამთავრებ. სიმღერა ჩემი ყოველდღიური რუტინაა. სულ ვმღერი, რომ გათენდება, საკრავების კუთხესთან მივდივარ, ჯერ ფორტეპიანოზე ვუკრავ, მერე გიტარასა თუ ფანდურზე. ასე ვიწყებ დილას. როცა სახლში ვბრუნდები, ისევ საკრავების კუთხესთან მივდივარ. კონსერვატორიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არც ფოლკლორის, არც ესტრადის მიმართულება არ აქვს. ახლა ვეძებ, კარგი რამე ვნახო ფოლკლორის მიმართულებით.

შენი ცხოვრება მაინც სიმღერას უკავშირდება, ასე გამოდის…
კი, მაგრამ პარალელურად მინდა, ზოგადი ფსიქოლოგია შევისწავლო.
რას აკეთებ თავისუფალ დროს, გარდა საკრავებზე დაკვრისა და სიმღერისა?
სპორტი მიყვარს, ფეხბურთი. ყოველთვის ვთამაშობ ხოლმე. ნაკრებს ვგულშემატკივრობ, განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას და მასთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ვისურვებდი…
გარდა ჰამლეტ გონაშვილთან შედარებისა, რას გწერ მსმენელი?
ზოგი მწერს, ზოგი მირეკავს. წარმატებას მისურვებენ, რა თქმა უნდა და მხოლოდ კარგი სურვილები აქვთ. ასევე მწერდნენ, „საქართველოს ხმაში“ რომ გავსულიყავი. ვახარე ეს სასიხარულო ამბავი, კასტინგებზე გავდივარ-მეთქი.

როგორ წარმოგიდგენია შენი თავი 10 წლის შემდეგ?
მივყვები დროს და საით წავალ, მეც მაინტერესებს. ჩემი თავი მომავალში წარმომიდგენია კარგ ხალხურ ანსამბლში.
მშობლებს როგორ მოსწონთ ინტერნეტში შენი ასეთი პოპულარობა?
ძალიან მოსწონთ, მაგრამ ხშირად მიწევს მათი დაწყნარება, რადგან განიცდიან უარყოფით კომენტარებს. მწერდნენ, რომ არ არის ჩემი ხმა და დადებული მაქვს ზემოდან. ასეთ უარყოფით კომენტარებს არ ვპასუხობ. ზოგადად, კრიტიკა ჩემთვის მისაღებია, თუ სწორადაა მოწოდებული…
ჯერ ჩემი ხმა ჩამოყალიბების გზაზეა… ვოკალის პედაგოგებმა მითხრეს, რომ ხმა ჯერ ისევ მუტაციის პერიოდში მაქვს, იმდენი არ შეუძლია ჩემს ხმას, რაც რეალობაშია. რასაც ახლა ვერ ვასრულებ, ჩემი ხმით შევასრულებ, როცა ჩამოყალიბდება, მას შემდეგ.
რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც შენს სიმღერას იწონებს?
პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას. დასაფასებელია ყოველდღიურად ამდენი დადებითი შეფასების წაკითხვა, დღეს მილამაზებენ… ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როდესაც ჩემი პირველი დადებული სიმღერა ასე შეაფასეს და ამდენი ხალხის სიყვარული მივიღე…
ფოტო: დათუნა აგასი
