რა როლი აქვს კარიერის მართვაში თვითშეფასებას – ფსიქოკონსულტანტი მაკა გორდელაძე სტუმრად გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“.
რაზე მოქმედებს კარიერული განვითარება?
თანამედროვე მსოფლიოში, ორგანიზაციები მეტ ყურადღებას უთმობენ დასაქმებულთა კარიერულ განვითარებას. კარიერული განვითარება აქტუალურ თემას წარმოადგენს იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს დადებითი გავლენა როგორც კომპანიის განვითარებაზე, ასევე დასაქმებულთა განვითარებაზე.
კარიერული განვითარება ამაღლებს დასაქმებულთა შრომით კმაყოფილებას, დადებითად მოქმედებს დასაქმებულებზე სტრესის შემცირების და ცხოვრებით კმაყოფილების გაზრდის კუთხით, ასევე დადებით გავლენას ახდენს კადრების დენადობის შემცირებაზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას, რომლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს არასწორად არჩეული პროფესია ან მისთვის არასასურველ ადგილსა და გარემოში ყოფნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ადამიანმა სწორად განსაზღვროს საკუთარი კარიერა, რომლის საწყის ნაბიჯს მისი შესაძლებლობების სწორად შეფასება, ანუ თვითშეფასება წარმოადგენს.
კარიერის არასწორად შერჩევისა და განვითარებისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები როგორც ორგანიზაციაზე ასევე ინდივიდზე აისახება. ერთი მხრივ, როდესაც ინდივიდი არ განიცდის კმაყოფილებას სამსახურში, ის აისახება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამასთან, იმედგაცრუება, რომელიც კარიერის არასწორად არჩევას მოჰყვება თან, პირდაპირპროპორციულად აისახება მის პირად ცხოვრებაზე. მეორე მხრივ კი, ქვეყანაში შეიძლება წარმოიშვას პროფესიონალების დეფიციტი.
რა უნდა გავაკეთოთ რომ სწორად შევარჩიოთ კარიერა?
ჯონ ჰოლანდის კარიერის არჩევანის თეორია- John Holland’s Theory of Career Choice 1966 ჯონ ჰოლანდის კვლევამ განსაკუთრებული გავლენა იქონია კარიერული მართვის პრაქტიკაზე. მისი ნაშრომის თანახმად, ინდივიდი კარიერას საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად და პიროვნული ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით ირჩევს. ჰოლანდმა შეიმუშავა პიროვნების ექვსი ტიპი (რეალისტური, კვლევითი, შემოქმედებითი, სოციალური, ინიციატივიანი და სტანდარტული), რომელსაც შეესაბამება კონკრეტული სამუშაო გარემო თითოეულ ადამიანს, მისი მახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე, იზიდავს შესაბამისი სამუშაო გარემო.
ჰოლანდისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მოხერხდა ინდივიდის პიროვნული თვისებების იდენტიფიცირება. ამასთან, თითოეულ თვისებათა ჯგუფი პროფესიულ ჯგუფებს შეუსაბამეს. ჰოლანდის თეორიის საფუძველზე შესაძლებელი გახდა თითოეული პიროვნების ტიპის კონკრეტულ კარიერასთან თავსებადობის დადგენა.
მისი თეორიის მიხედვით, რაც უფრო მაღალია თავსებადობის ხარისხი, მით მეტია პიროვნების კმაყოფილების დონე. შესაბამისად, ადამიანი ვინც დასაქმებულია თავისი პიროვნული მახასიათებლების შესაბამისად ის კმაყოფილია თავისი სამუშაოთი და ასევე ეს გავლენას ახდენს მის პირად ცხოვრებაზე და ცხოვრებით კმაყოფილებაზე.
რა უნდა გააკეთოს ინდივიდმა კარიერის სწორად მართვისთვის?
საკუთარი კარიერის მართვა არის უნარი, რომელსაც უნდა ფლობდეს ადამიანი შრომის ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად. ინდივიდი თანამედროვე კარიერის მართვის პროცესში აანალიზებს საკუთარ კარიერულ ინტერესებს, ღირებულებებს და შესაძლო ვარიანტებს. ამ გზით იგი ირჩევს ისეთ სამუშაოს, სადაც მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ დარგში, სადაც მოღვაწეობს. საქმიანი კარიერის მართვაში მნიშვნელოვანია ინდივიდი იქცეს საკუთარი თავის “მთავარ აღმასრულებელ დირექტორად რომლის დროსაც მოახდენს საკუთარი თავის თვითშეფასებას. თვითშეფასების პროცესი საშუალებას იძლევა, გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ, რაც თავის მხრივ, თვითშემეცნებას შესაძლებელს გახდის. თვითშეფასების მრავალი გზა არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია აქცენტი გავაკეთოთ შემდეგ ეტაპებზე:
1) წარსული გამოცდილების გააზრება, მიდრეკილებებისა და კომპეტენციების განსაზღვრა
2) ღირებულებების ჩამოყალიბება
3) ცხოვრებისეული მიზნების და პიროვნული ხედვების იდენტიფიცირება
4) საკუთარ ინტერესებში გარკვევა
5) საკუთარი უნარების შეფასება საკუთარი თავის შეცნობა და თვითშეფასებისა, კარიერის განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია.
ინტერესები იძლევა პასუხს კითხვაზე – რის კეთება მოგვწონს, ღირებულებები იძლევა პასუხს კითხვაზე – რის კეთება გვინდა, უნარები იძლევა პასუხს კითხვაზე, რის გაკეთება შეგიძლია. რა თქმა უნდა ამ საკითხში ადამიანს ეხმარება პიროვნული განვითარება და ქოუჩინგი, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგება და მათზე მუშაობა. მიზნების დასახვა და პროფესიული კარიერის განვითარების გეგმის შემუშავება. რის შედეგადაც ადამიანი იღებს წარმატებულ კარიერას საკუთარ ინტერესებთან და სურვილებთან შესაბამისობაში და კმაყოფილებას როგორც საქმეში ასევე პირად ცხოვრებაში.