მარკეტინგში ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა ინტეგრაციამ ინდუსტრია რადიკალურად შეცვალა. კამპანიები, რომლებიც ადრე კვირებსა და თვეებს მოითხოვდა, ახლა საათებში იქმნება – ალგორითმები წყვეტენ, ვის რა უნდა ვაჩვენოთ, რა ტონით და რა დროს. თუმცა ამ პროცესში ჩნდება კითხვა: ხდება თუ არა მარკეტინგი ამით უფრო ეფექტიანი?
გიორგი ტუღუში, ნეირომარკეტინგის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტი:
– დღეს მარკეტინგში ხელოვნური ინტელექტი, ძირითადად, ოთხ რამეს აკეთებს:
– სად და როგორ აკუმულირდება ცოდნა ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენების თაობაზე?
– ამ თვალსაზრისით 2025 წელი იყო საკმაოდ დატვირთული, ძალიან ბევრი კონფერენცია, ფორუმი და მსგავსი ტიპის ღონისძიება ჩატარდა ხელოვნური ინტელექტის მარკეტინგში ინტეგრაციის თემაზე. მქონდა საშუალება რამდენიმე მათგანს დავსწრებოდი, ზოგან კი სპიკერიც ვყოფილიყავი ან პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა.
მაგალითად, მილანში, იტალიის ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი ფორუმი, სადაც ისეთი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილნი, როგორებიც არიან Dell, NVIDIA, Google. იქ საუბარი წარიმართა არა „ლამაზ იდეებზე“, არამედ რეალურ ფულზე, რეალურ შედეგებზე. ამ ფორუმზე არაერთი აქცენტი დაისვა, რომელთა შორის მთავარი იყო აქცენტი მომსახურებაზე და მომხმარებელთან კომუნიკაციაზე – როგორ დავუბრუნოთ პასუხი სწრაფად, კონკრეტულად და მის ენაზე. წარმოვიდგინოთ ასეთი სქემა: მომხმარებელი ხედავს რეკლამას ან ვიდეოს, აჭერს და შედის გვერდზე, უჩნდება კითხვა და გვწერს/გვირეკავს, ელოდება პასუხს, იღებს გადაწყვეტილებას: ჩვენთან იყიდოს თუ სხვასთან. თუ მომხმარებელს რეკლამაში ერთ რამეს ვეუბნებით, მაგრამ გვერდზე სხვა რამ ხვდება; თუ პასუხს გვიან დავუბრუნებთ; თუ პასუხი ზოგადია და მის კონკრეტულ კითხვას არ პასუხობს – იგი სხვა კომპანიასთან ინაცვლებს.
მილანში კიდევ ერთი საინტერესო აზრი გავიგე: ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში არ უნდა დარჩეს „ტექსტის დამწერად“. ის უნდა იყოს პროცესის ნაწილი. მაგალითად, დაგეხმაროს მომხმარებლის შეტყობინებების დახარისხებაში, შეკითხვების სწორ ჯგუფებად დაყოფაში, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე სწრაფი და სწორი პასუხების მომზადებაში. ანუ მიზანი არის: ნაკლები ქაოსი, ნაკლები დაგვიანება და უფრო ზუსტი კომუნიკაცია.

საინტერესო გამოცდილება შევიძინე ციურიხშიც. იქ ჩატარებული ღონისძიების მთავარი იდეა იყო მარტივი: დღეს მარკეტინგში იმარჯვებს ის, ვინც სწრაფად მოქმედებს. ანუ ერთ იდეას კვირებით აღარ „ვუფრთხილდებით“, ვაკეთებთ რამდენიმე განსხვავებულ ვარიანტს – ტექსტს, სურათს/ვიდეოს, შეთავაზებას და სწრაფად ვარკვევთ, რომელი მუშაობს უკეთ. ამ პროცესს ხელოვნური ინტელექტი ძალიან აჩქარებს: გეხმარება სხვადასხვა ფორმულირება გააკეთო, ერთი და იგივე აზრი მოკლედ თქვა ან უფრო დეტალურად, უფრო ოფიციალურად ან უფრო მარტივი ენით.
იქ საინტერესო დისკუსია წარიმართა კიდევ ერთ თემაზე: თუ ბიზნესს არ აქვს წესრიგი, მაგალითად, არ ვიცით მომხმარებელი საიდან მოვიდა, რა ვუპასუხეთ, შემდეგი ნაბიჯი რა არის, მაშინ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ დაგიგროვებს ბევრ ტექსტს და იდეას, შედეგი კი „გაგექცევა“.
გამოვყოფდი კიდევ ერთ ღონისძიებას, რომელიც შემოდგომაზე ბერლინში ჩატარდა. მისი მთავარი თემა იყო გაზომვა – როგორ გავიგოთ რეალურად, რა მუშაობს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ერთი რეალური მაგალითი, რომელიც მარტივი ენით ასე აიხსნება: დიდ კომპანიაში (PAYBACK) შექმნეს ხელსაწყო, რომელიც ამოწმებს: რეკლამის გაშვების წინ სწორად არის თუ არა შერჩეული მიზნობრივი აუდიტორია. რას ნიშნავს ეს? მარკეტერი შეიძლება ამბობს: „მინდა რეკლამა ვაჩვენო კონკრეტული ასაკის, ინტერესების, ქცევის მქონე მომხმარებელს“, მაგრამ როცა რეკლამას ტექნიკურად აწყობ, შეიძლება პატარა შეცდომა გაგეპაროს: ერთი პარამეტრი დაგრჩეს გამოტოვებული ან ერთი პირობა არასწორად ჩაიწეროს. შედეგად, რეკლამა შეიძლება გავიდეს არასწორ აუდიტორიაზე და ბიუჯეტი დაიხარჯოს ფუჭად. ეს ხელსაწყო სწორედ ამას ამოწმებს წინასწარ: ადარებს „რას ვგეგმავთ ადამიანურად“ და „როგორ არის დაყენებული ტექნიკურად“. თუ შეუსაბამობაა, შეცდომას გაჩვენებს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კამპანია დაიწყება. ანუ მიზანი არის პრაქტიკული: ნაკლები შეცდომა კამპანიაში, ნაკლები ფუჭად დახარჯული ბიუჯეტი და მიზანში უფრო სწორად მოხვედრა.
– რა ვითარება გვაქვს საქართველოში მარკეტინგში ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით?
– ჩვენს ქვეყანაში ცოტათი ჩამოვრჩებით რეალობას, თუმცა უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საინტერესოდ საუბრობენ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში ეფექტიანად. ჩემი დაკვირვებით დღევანდელ რეალობასთან გვჭირდება ადაპტირება, მით უფრო, რომ გაჩნდა ხელსაწყოები, რომლები უკვე სწრაფად ქმნიან სარეკლამო კონტენტს. შენ წერ ტექსტს, სისტემა ამზადებს, მაგალითად, ვიდეოს. რაც ადრე ვიდეოგრაფთან 2-3 ათასი ლარი ჯდებოდა, ახლა შეიძლება ათჯერ ნაკლებ ფასში გაკეთდეს. მართალია, გამოსახულების ხარისხი ჯერ კიდევ არ არის გამორჩეულად მაღალი (თუმცა დროთა განმავლობაში ჰოლივუდის დონეს მიაღწევს), მაგრამ სოციალური ქსელებისთვის სრულად საკმარისია. კარგი იქნებოდა, მეტი ტრენინგი ტარდებოდეს საქართველოში, უფრო სწრაფად რომ ავუწყოთ ფეხი ტენდენციებს.
– რა ტენდენციებზეა საუბარი?
– გამოვყოფ სამ ტენდენციას, რომლებიც 2025 წელს ყველაზე მეტად განიხილებოდა პროფესიულ წრეებში:
ერთი სიტყვით, ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისთვის სწორი დავალებების მიცემა. თუ ეს ყველაფერი შეძლეს მარკეტერებმა, ბევრად გაუადვილდებათ მუშაობა, დაზოგავენ დროს და გაზრდიან პროდუქტის, თუ სერვისის ხარისხს.
– რას ვერ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი?
– ბრენდის ენას ვერ შეისწავლის, კვლევებს ვერ ჩაატარებს, ადამიანებს დამოუკიდებლად ვერ დაელაპარაკება. ხელოვნური ინტელექტი არ არის ჯადოსნობა, ის არის გამაძლიერებელი. როცა ბიზნესი მუშაობს მოდელით: მომხმარებლის გზა + სწრაფი პასუხი + გაზომვა, ხელოვნური ინტელექტი შედეგს მხოლოდ აჩქარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქაოსსა და შეცდომებს იწვევს.