ჩვენს სუფრაზე სალათის ფურცლები ადრეული გაზაფხულიდან ჩნდება. მისი სახელი ლათინურიდან მოდის და „მარილიან ბალახს“-ს ნიშნავს. კულტურის ისტორია შორეული წარსულიდან მომდინარეობს. ის მოჰყავდათ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში. ამჟამად კი მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილშია გავრცელებული. ზამთრის პერიოდის დასრულების შემდეგ აუცილებელია კვების რაციონში დიდი რაოდენობით ბოსტნეულის, მწვანილისა და სალათის ფოთლების ჩართვა.
სალათის ფოთლები მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და ნერვული და სისხლმბადი სისტემების მუშაობაში მონაწილეობს. მარილების საერთო შემცველობის მხრივ სალათის ფოთლები მხოლოდ ისპანახს ჩამორჩება. ის ასევე მდიდარია მიკროელემენტებით: სპილენძით, თუთიით, კობალტით, მანგანუმით, ბორით, იოდით, კალციუმით, რკინით, მაგნიუმით, ფოსფორით და დიდი რაოდენობით გოგირდით, რომელიც ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის და მჟავის ფუნქციას ითავსებს. სალათის ფოთლებში არსებულ სილიციუმთან კომბინაციაში გოგირდი და ფოსფორი აუცილებელია კანისა და მყესების ნორმალური მდგომარეობის, ასევე თმის ზრდისთვის.

სალათის ფოთლებს აქვს ამოსახველებელი, შარდმდენი და სედატიური (დამამშვიდებელი) მოქმედება. ის A და C ვიტამინების ნამდვილი საბადოა. პროდუქტში არსებული კაროტინოიდები კარგ მხედველობას გვინარჩუნებს. იგი სასარგებლოა კანისა და ლორწოვანი გარსისთვის. სალათის ფოთლებში არსებული რკინა ორგანიზმში ყველაზე აქტიური ელემენტია. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ხშირ-ხშირად განახლდეს სხვა ნებისმიერ ელემენტთან შედარებით. სალათის ფოთლებში არსებული მაგნიუმი აცოცხლებს კუნთოვან ქსოვილებს, ტვინსა და ნერვებს. მაგნიუმის ორგანული მარილები უჯრედების, ძირითადად, ნერვული სისტემისა და ფილტვის ქსოვილების საშენი მასალაა.

როგორც დიეტური და საბავშვო კვების პროდუქტი, სალათის ფოთლები სასარგებლოა დიაბეტისა და მჯდომარე ცხოვრების წესის დროს. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ამიტომ რეკომენდებულია ასაკოვანი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მძიმე და დამქანცველი ავადმყოფობა გადაიტანა. სალათის ფოთლების დაქუცმაცებული თესლის ნაყენი მეძუძურ დედებში რძის გამომუშავებას ზრდის.

