LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეკითხვებს აჩენს პრემიერისა და გაჩეჩილაძის შეხვედრა?

50

საქართველოს პრემიერმინისტრისა და მაესტროს 55%-იანი წილის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის, შეხვედრა კითხვებს აჩენს, ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა, ნინო რობაქიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა.მისი თქმით, საზოგადოებისათვის უცნობია რა იყო შეხვედრის თემა.

”მაშინ როდესაც მაესტროს საკითხი ასეთი აქტუალურია, ძნელი დასაჯერებელია, რომ გაჩეჩილაძე ახლო მეგობარს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე არ დალაპარაკებოდა. თუმცა ასევე მისასალმებელია პრემიერის ოფიციალური პოზიცია, სადაც კვირიკაშვილი მედიაში მიმდინარე პროცესების მიმართ ნეიტრალობას აფიქსირებს”- განაცხადა რობაქიძემ.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ, წინასაარჩევნოდ, კიდევ ერთი ტელეკომპანიის მმართველობის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

”რომელიმე პოლიტიკური ძალის ჩარევაზე პირდაპირ საუბარი ძნელია, თუმცა ეს არის ერთერთი ნაწილი იმ საქმეების, რომლებიც მედიაზე ზეწოლას ეხებოდა და, რომელიც ბოლო 2 წელია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ეს ყველა შემთხვევა ერთმანეთთან არის დაკავშირებული” – განაცხადა ნინო რობაქიძემ.

რაც ეხება კითხვას, ხომ არ ჩნდება მაესტროს საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევის ეჭვი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია, ისევე როგორც ამის დადასტურება არ შეიძლება.

”საეჭვოა, რომ 2014 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ამდენი პრობლემა შეექმნა მედიასაშუალებებს. პოლიტიკური ჯგუფებისგან ყოველთვის იყო მცდელობა, მედიაზე გავლენა მოეპოვებინათ და ეს პროცესები განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდებოდა” – განაცხადა ნინო რობაქიძემ.

 

magti 5g