წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების, 4 მლრდ ლარამდე, 15%-ით ზრდაა მოსალოდნელი – ამის შესახებ პროგნოზს Galt & taggart აკეთებს.
როგორც კვლევიდან ჩანს, 2022 წელს პირველ ადგილზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით რუსეთი იყო, რომლეზეც სრული შემოსავლის მეოთხედზე მეტი მოდის. მეორე ადგილზე 11.4%-ით თურქეთია, ხოლო სრულად ევროკავშირის წილი 9.5%-ს შეადგენს.
მონაცემების მიხედვით, დეკემბერში ქვეყანამ ჯამში 363.3 მლნ დოლარი მიიღო შემოსავლის სახით, რაც 2.9-ჯერ არის გაზრდილი წლიურად, ხოლო 67.2%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიგრანტებს [რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი] უკავიათ, რომლებიც საქართველოში ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდნენ. დეკემბრის შემოსავლებში რუსეთის წილი 30%-ს აჭარბებს, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნების წილი ჯამურად მხოლოდ 5.3%-ია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 4 703 945 ვიზიტი განხორციელდა, რაც 39%-ით ნაკლებია პანდემიამდე პერიოდთან შედარებით. წლიური ზრდა კი 173%-ს აღემატება.
საერთაშოროსო ვიზიტების კუთხით რუსეთი ლიდერობს, საიდანაც გასულ წელს 1 087 257 ვიზიტორი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ზრდა 410.5%-ით არის გაზრდილი, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელზე 26.1%-ით ნაკლებია. მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც გასულ წელს 925 561 ვიზიტი განხორციელდა. აქ წლიური ზრდა 183.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.
მესამე ადგილზე სომხეთია. აქედან 2022 წელს 742 593 ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 351%-ს შეადგენს, ხოლო 45.6%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა მოხვდა. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, გასულ წელს აქედან 271 266 ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 44%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, ხოლო წლიური ზრდა 96.6%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჯამში ქვეყანამ ტურიზმიდან შემოსავლის სახით 3.5 მილიარდი დოლარი მიიღო.