LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში დატოვებენ მინისტრები თანამდებობებს?

106

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილებში აგიტაციის ჩატარება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვლება, რაც კანონმდებლობით აკრძალულია, ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტმა, ნინო რიჟამაძემ, განაცხადა. მისივე თქმით, კონკრეტული თანამდებობის პირებს, მოსამართლეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, სამართალდამცავებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საქველმოქმედო ან რელიგიურ ორგანიზაციებს, ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება.

“საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა სამუშაო დროს ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების პროცესში, სხვა შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კამპანიაში. გარდა ამისა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა გამოაქვეყნონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც აკრძალულია აგიტაცია და ის ადგილები, სადაც – დასაშვებია. ასევე უნდა გამოყონ სტენდები და ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალების გამოფენა იქნება შესაძლებელი” – განაცხადა ნინო რიჟამაძემ.

როგორც “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტმა განმარტა, სახელმწიფო და ადგილობრივ ი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე მკაცრად არის აკრძალული ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევა. მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა ფასეულობების ჩუქება ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად და კანონმდებლობით დაუშვებელია.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მინისტრები რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში იქნებიან, მათ თანამდებობის დატოვება მოუწევთ. რიჟამაძის განმარტებით, ეს ვალდებულება ამოქმედდება მას შემდეგ, რაც პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო სიას ოფიციალურად წარადგენს. მისივე თქმით, პარტია ვალდებულია, საარჩევნო სია წარადგინოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა.

 

magti 5g