მას შემდეგ, რაც ვაქცინის წარმოება და მიწოდება გაიზრდება შესაძლებელია, კერძო სექტორსაც გარკვეული როლი ჰქონდეს ვაქცინაციის პროცესში. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით დღეისათვის, გლობალურ ბაზარზე ვაქცინის გაყიდვა მკაცრად რეგულირდება და ასევე, განმარტა მექანიზმები, რომლითაც სახელმწიფოს ვაქცინის მიღება შეუძლია.
”ვაქცინის გაყიდვა დღეს გლობალურ ბაზარზე სხვადასხვა მექანიზმით ძალიან მკაცრად არის რეგულირებული. ერთი მექანიზმი არის ”კოვაქსი”, რომელიც სახელმწიფო დონეზე რეგულირდება არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ, ზოგადად ეს არის სახელმწიფო დონის შეთანხმება. ასევე, არის ისევ სახელმწიფოს დონეზე ბილატერალური ხელშეკრულებები ქვეყნებს და მწარმოებლებს შორის, ასეთი ბილატერალური ხელშეკრულებები ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, ასევე, სხვა ქვეყნებსაც. ჩვენთვის ვაქცინის მიღების მესამე მექანიზმი არის სამმხრივი მოლაპარაკება მწარმოებელს, ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთი წილი ვაქცინა სახელმწიფოს გაუზიარონ.
ამ მექანიზმებში კერძო სექტორის წილი, პრაქტიკულად არ იკვეთება და აქამდე რაც მოხდა, ყველაფერი ეს არის სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკების დონეზე. სამომავლოდ, როდესაც მიწოდება და წარმოება მეტი იქნება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ კერძო სექტორსაც გარკვეული როლი მიენიჭოს და ამ ბაზარზე მეტად კომერციულ სეგმენტზე ვისაუბროთ”. – აღნიშნა, გაბუნიამ.