საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკა ოლსონი ეხმაურება და ამბობს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ქვეყანაში ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა.
ჟურნალისტებმა თბილისის მერს მიმართეს, თუ როგორ შეაფასებდა ამ განცხადებას კახა კალაძე, მან კი იკითხა – თუ ვინ არის და რა თანამდებობა აქვს ოლსონს.
კალაძემ დიპლომატის რეგალიასაც გაუსვა ხაზი და იკითხა: “თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა”:
“ვინ არის, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო.
არ ვიცი, საერთოდ რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ.” – თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს შესახებ ოლსონმა ჟურნალ Foreign Policy-ს და “ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა.
ოლსონი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ აიღო სასამართლო და საარჩევნო რეფორმების ერთგულების ვალდებულება და რომ ვაშინგტონს ნამდვილად სურს, ქვეყანამ ეს ვალდებულებები შეასრულოს.
კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობის დროს მან შეაქო საქართველოს ძალისხმევა – რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, თუმცა აქვე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დემოკრატიული პროცესის ნაწილი გაანადგურა.
“ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და, როგორც პარტნიორს, გვსურს მათ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებში დავეხმაროთ.” – ასევე აღნიშნა ოლსონმა.
შეგახსენებთ, 9 ნოემბერს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 8 ნოემბერს ოლსონთან შეხვედრა ჰქონდათ და განიხილეს ყველა საკითხი.
“აქვე ვიტყვი, რომ ამ შეხვედრაზე სააკაშვილი ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, რაც არის მნიშვნელოვანი.” – თქვა მაშინ კობახიძემ.
ოლსონთან შეხვედრაზე სააკაშვილი ნახსენები არ ყოფილა, რაც არის მნიშვნელოვანი: კობახიძე