LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ტიპის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ და საშიშია თუ არა კვანძის არსებობა – დიაგნოსტიკა და მკურნალობა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

183
მარიკა-ბეგიაშვილი&ნანა-კარტოზია

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგიური ცენტრის 4&8 წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნანა კარტოზია და ხელმძღვანელი, მარიკა ბეგიაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს, კვლევის და მკურნალობის მეთოდებს დაეთმო. განვიხილეთ, თუ რა ტიპის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ, რამდენად საშიშია კვანძის არსებობა, რა განსხვავებაა ჰიპოთირეოზს და ჰიპერთირეოზს შორის და როგორია მათი სიმპტომები. ენდოკრინოლოგიური ცენტრის 4&8 ხელმძღვანელმა კლინიკის საინტერესო შეთავაზებები და აქციებიც გაგვიზიარა.

ქალბატონო ნანა, რა ფუნქცია აქვს ფარისებრ ჯირკვალს და რა ტიპის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მისი ფუნქციის დარღვევამ?

სამწუხაროდ, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები ბანალური არ არის, რადგან ფარისებრი ჯირკვალი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად, ყველაზე დიდ ენდოკრინულ ჯირკვალს და ის, ასე ვთქვათ, მთელი ორგანიზმის დირიჟორია. ფარისებრ ჯირკვალზეა დამოკიდებული მეტაბოლური დარღვევები, მეტაბოლური ცვლა, ენერგეტიკული ცვლა, ბავშვებში ზრდა-განვითარება, ასევე გონებრივი განვითარება. ფარისებრი არის თერმორეგულატორი, ის განაპირობებს ორგანიზმის თერმორეგულაციას. მას ძირითადი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, პულსზე, შეუძლია, განაპირობოს ტაქიკარდია, ბრადიკარდია და ა.შ. შესაბამისად, ორგანიზმში თითქმის არ არსებობს ისეთი ბიოქიმიური პროცესი, რომელშიც ფარისებრი ჯირკვალი არ მონაწილეობს. ასე რომ, ამ, ერთი შეხედვით, პატარა ჯირკვალს საკმაოდ დიდი დანიშნულება და ფუნქციები აქვს.

ფარისებრში მიმდინარეობს D-ვიტამინის გარდაქმნაც. ფარისებრ ჯირკვალს ძალიან დიდი გავლენა აქვს ძვალსახსროვან სისტემაზე, რეპროდუქციულ სისტემაზე.

რაც შეეხება იმას, თუ რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს, ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პროცესები შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვეულებრივი ბაქტერიული ან ვირუსული ეტიოლოგიით, ასევე ავტოიმუნური პროცესებით. ავტოიმუნურ პროცესებში იგულისხმება, როდესაც საკუთარი იმუნური სისტემა პათოლოგიურ ანტისხეულებს გამოიმუშავებს, ანუ პრობლემა ფარისებრ ჯირკვალში კი არ არის, უბრალოდ, იმუნური სისტემა აღიქვამს საკუთარ ჯირკვალს უცხო სხეულად და იწყებს საკუთარი ქსოვილის რღვევას. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა საქართველოში.

ხშირად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შესაბამისად, სასურველია, რომ ფარისები ჯირკვლის კვლევა წელიწადში ერთხელ მაინც გაიკეთოს ადამიანმა, თუნდაც ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზე ჰქონდეს?

დიახ, აუცილებლად. საბედნიეროდ, ჯანდაცვის სისტემა იმ დონეზე არის საქართველოში, რომ მოსახლეობამ წელიწადში ერთხელ მაინც მოახერხოს კვლევის ჩატარება. აღსანიშნავია, რომ თუ წელიწადში ერთხელ ვიტარებთ კვლევას, სასურველია, რომ ეს შემოდგომის შუა თვეებში მოხდეს.

თქვენ სწორად ბრძანეთ, ხშირად აღნიშნული პრობლემა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუ უკვე არ არის ჩამოყალიბებული ჰორმონალური დისბალანსი, საკმაოდ ღრმა ფორმით. მას საწყის ფორმაში ჩივილები არ აქვს, უფრო სწორად, იმ ჩივილებს, რომელიც აქვს, ადამიანები ამა თუ იმ საპატიო მიზეზებში მოიაზრებენ. მაგალითისთვის, ჩივილებიდან ავიღოთ, თუნდაც, წონის წონის პრობლემები, წონის მატება ან კლება, სისუსტე, დაღლილობა, ოფლიანობა, თმის ცვენა, რადგან თითქოს, ეს სიმპტომები უფრო ბანალურია, თან ეს ყველაფერი შეიძლება, რომ სხვა მიზეზითაც იყოს განპირობებული, ამიტომ პირდაპირ ფარისებრთან გაიგივება და იმის აღქმა, რომ ნამდვილად ფარისებრი ჯირკვალია დამნაშავე ნაკლებად ხდება. პრობლემა მაინც ოჯახის ექიმების და თერაპევტების სიყოჩაღით ვლინდება, როდესაც ისინი გადამოწმების მიზნით, კვლევაზე უშვებენ პაციენტებს და აღმოაჩენენ დესტრუქციულ, სტრუქტურულ და ჰორმონალურ ცვლილებებს.

აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არ არის ჰორმონალური და სტრუქტურული ცვლილებები ერთად იყოს განვითარებული. შეძლება, იყოს ჰორმონალური დისბალანსი ისე, რომ სტრუქტურული ცვლილებები არ იყოს და ფარისებრი ჯირკვალი იყოს არაჩვეულებრივი ან შეიძლება, ის სტრუქტურულად იყოს არაერთგვაროვანი, ვასკულარიზებული, იყოს სითხოვანი თუ კვანძოვანი ჩანართები, მაგრამ არ იყოს ჰორმონალური დისბალანსი, ამას თავისი დიფერენცირება სჭირდება, მიზეზებიც, რა თქმა უნდა, სხვადასხვაა, ამიტომ ეს ყველაფერი აუცილებლად სპეციალისტმა უნდა შეაფასოს.

რამდენად საშიშია კვანძის არსებობა?

საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში, კვანძოვანი წარმონაქმნი უფრო ავტოიმუნური თირეოიდიტის ერთ-ერთი შედეგი არის ხოლმე, რაც შედარებით ნაკლებად საშიშია, მაგრამ კვანძს სწორი შეფასება სჭირდება, ის მხოლოდ სიდიდით არ ფასდება, აუცილებელია ჯირკვლის სტრუქტურული შეფასება, თუ როგორი მარცვლოვანება აქვს მას, როგორი ვასკულარიზაცია, როგორია ეხოგენობა, როგორი არის თვითონ ეს კვანძი სტრუქტურულად, არის სითხოვანი, ქსოვილოვანი, არის თუ არა გამკვრივება, არის თუ არა კვანძში კალცინატები, არის თუ არა მალიგნიზაცია წასული, ამაზე მინიშნებას ექოსკოპისტები იძლევიან.

შეიძლება, კვანძი იყოს 4 მმ-იანი და ძალიან საშიში, შეიძლება იყოს 20 მმ-იანი კვანძი და არ იყოს არაფერი. შესაბამისად, ყოველთვის სასურველია, რომ სიტუაცია სპეციალისტმა შეაფასოს.

ყველაზე ხშირად, დაშვებული შეცდომა არის, როდესაც ენდოკრინოლოგი ნახულობს ულტრასონოგრაფიას, აფასებს და პაციენტს ეუბნება, ნუ გეშინია, ეს კვანძი საშიში არ არის, ავტოიმუნურია და მთავარია, არ გაიზარდოს. ამის გამო, პაციენტებს მხედველობიდან ეპარებათ ის, რომ კვანძი დინამიკაში დაკვირვებას საჭიროებს და წლების მერე, ვიღებთ იმ შედეგს, რომ კვანძი თურმე გააქტიურებულია, თურმე წავიდა ზრდა, გადაგვარების პროცესი და ა.შ. ეს ყველაფერი კი პაციენტებში აღშფოთებას იწვევს, რომ გავეფრთხილებინეთ, ეთქვათ დაკვირვებაზე, მე ხომ თადარიგს დავიჭერდიო.

ნახეთ, ექიმებიც დაბნეულები ვართ, რადგან ქართველები ცოტა ემოციური ხალხი ვართ, ცოტა ზედმეტი ყურადღება თუ მიაქციე პრობლემას და პაციენტი თუ შეშინდა, ეს შეიძლება, ცუდად აისახოს ექიმის ავტორიტეტზე, „რატომ შემაშინა, არაფერი არ იყო“ და ა.შ. თუ ცოტა უფრო გაუმარტივე სიტუაცია, მსუბუქად უთხარი, სრულ იგნორში გადადის პაციენტი. აქ ოქროს შუალედია საპოვნელი, კონტროლი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რამეზე ვინერვიულოთ. დაკვირვება და შეფასება ყოველთვის ყველაფრისგან დაგვიცავს, ამიტომ გეგმური სამედიცინო შემოწმება, წელიწადში ერთხელ მაინც, საუკეთესო გამოსავალია, მით უმეტეს, ბევრი ჰორმონალური ანალიზი საყოველთაო დაზღვევით ზოგისთვის უფასოა, ზოგისთვის არც თუ ისე ხარჯიანი. ჯობია, რომ ყოველთვის ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის, მით უმეტეს, მაშინ, როცა უკვე ვიცით პრობლემის არსებობის შესახებ. 

ქრონიკული თირეოდიტების თავიდან აცილება შესაძლებელია. არსებობს ბაქტერიული და ვირუსული ეტიოლოგიის მწვავე და ქვემწვავე თირეოიდიტები, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მწვავე და ქვემწვავე ანთებითი პროცესები, რომელთა ჩივილებიც ხშირად არის ხველა, დისფაგია, დისფონია, რასაც ყელ-ყურის დაავადებებთან აიგივებენ. შესაძლოა, ეს ყველაფერი ვირუსთან თანხვედრაში მოდიოდეს, ყელი გტკიოდეს და სამწუხაროდ, წასული იყოს თირეოიდიტიც, რაც ცოტა რთულად დიფერენცირებადია, რადგან როდესაც ყელ-ყურს ვმკურნალობთ, ფარისებრი ჯირკვლის ანთებაც შეიძლება, რომ ნაწილობრივ ჩაქრეს, მაგრამ სრულად არა და გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში.

რა განსხვავებაა ჰიპოთირეოზს და ჰიპერთირეოზს შორის, რა ტიპის ჩვენებები აქვთ აღნიშნულ პათოლოგიებს, სიმპტომების თვალსაზრისით თუ განსხვავდება ისინი და რომელი კვლევით რომელი პათოლოგია განისაზღვრება?

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა არის ჰიპოთირეოზი, რომელიც იწვევს ჭარბ წონას, შეშუპებას, ადინამიას, სისუსტეს ბრადიკარდიას. ისეთი შეშუპება იცის ჰიპოთირეოზმა, რომ მიქსედემაც ვითარდება. ჰიპოთირეოზი ძირითადად სწორედ სტრუქტურულად დაზიანებული ჯირკვლისაგან ვითარდება, თუმცა შეიძლება, ჯირკვალი სტრუქტურულად აბსოლუტურად ნორმალური იყოს. ჰიპოთირეოზის დროს ხდება ან თიროზინის სეკრეტის დაქვეითებული წარმოქმნა ან მისი გაააქტიურების შემცირება, ამიტომ გამზადებული ფორმის ჰორმონს ვაწვდით ხოლმე, რადგან როგორც მოგახსენეთ, არცერთი ბიოქიმიური რეაქცია ამ ჰორმონის მონაწილეობის გარეშე, არ მიმდინარეობს, ეს ორგანიზმისთვის აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონია.

ჰიპოთირეოზი არის სხვადასხვა სახის, პირველადი, მეორადი და პერიფერიული. მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ერთ შემთხვევაში, ექიმი ნიშნავს უბრალოდ მინერალებს, რომლებიც თვითონ აამუშავებს ჯირკვალს, სხვა შემთხვევაში კი, აუცილებლად ნიშნავს ჰორმონს. ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა აქვს, აქვს თუ არა რესურსი ფარისებრს, ასევე, პირველ ეტაპზე, ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა დონის ჰიპოთირეოზია. თუ მცირედ გამოხატული ჰიპოთირეოზია, შესაძლოა, ეცადო, რომ ფარისებრი ჯირკვალი აამუშაო ორგანული იოდის, სელენის ფერმენტების გამოყენებით, გადახედო, თუ როგორია ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, ხომ არ არის რკინის ან ფერიტინის დეფიციტი, რამაც გარკვეული პროვოცირება მისცა ამ დისფუნქციას. როგორც გითხარით, ერთ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ ფარისებრი ჯირკვალი გააქტიურო და საოცარი შედეგი დადო, რაზეც პაციენტმა შეიძლება თქვას, სხვა ექიმი ჰორმონს დამინიშნავდაო, მაგრამ არა, ჰორმონს არ დანიშნავდა, ყველა იმავეს ეცდებოდა. პაციენტები ამ შეფასებებს დიაგნოზიდან გამომდინარე აკეთებენ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიპოთირეოზი სხვადასხვანაირია, ზოგი აუცილებლად ჰორმონდამოკიდებული ფორმაა, ზოგ შემთხვევაში, კი შესაძლოა, რომ ჯირკვალი აამუშაო და ჰორმონის გამოყენება აიცილო.

ჰიპერთირეოზი კატეგორიულად განსხვავდება ჰიპოფუნქციური უკმარისობისგან და ის, საბედნიეროდ, ხშირად არ გვხვდება. როგორც წესი, ის პროვოცირებულია ან ვირუსული ან რადიაციული ან სხვა რაიმე ფონით. თუ ჰიპოთირეოზი შეიძლება, რომ გამოეპაროს პაციენტს, ჰიპერთირეოზი არასდროს გამოეპარება, რადგან ამ დროს, ის ძალიან ცუდადაა, აქვს ტაქიკარდია, ტრემორი, წონის კლება, ეგზოფთალმი, თვალები თითქოს დიდდება და აწვება. ამ შემთხვევაში, თერაპია გულისხმობს არა სტიმულაციას, არამედ პირიქით, მაბლოკირებელს. ფარისებრი ჯირკვლის მიერ პროდუქცირებული ჰორმონი ორგანიზმზე მოქმედებს როგორც ტოქსინი, ინტოქსიკაციას იწვევს და დაახლოებით, ისეთი სიმპტომები აქვს, როგორიც მწვავე მოწამვლას. შესაბამისად, საჭიროა, რომ მაქსიმალური ბლოკირება გავუკეთოთ ფარისებრ ჯირკვალს, რომ მან არ გამოყოს ჰორმონები. ამის შემდგომ, იწყება შენაცვლებითი თერაპია, როდესაც მაბლოკირებელი ჰორმონები თავის საქმეს შეასრულებს და კარგად გაანეიტრალებს ფარისებრს, შემდეგ, იწყება გამზადებული ჰორმონების მიწოდება, როგორც ჰიპოთირეოზის დროს.

ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ორსულობა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების გავლენა ნაყოფზე. როგორც წესი, ამ ტიპის კვლევებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ორსულობის პირველ ტრიმესტრში და შემდგომ ეტაპზეც ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია შეიძლება, გახდეს სხვადასხვა ტიპის პათოლოგიების წარმოქმნის, ნაყოფის გულისცემის შეწყვეტის მიზეზი. მართალია, რომ მაჩვენებლები, რომლებიც უნდა იყოს ნორმაში ლაბორატორიულად, განსხვავდება ორსულებში?

თითქმის განახევრებულია. დავუშვათ, TSH-ს ნორმა ჩვეულებრივი ადამიანისთვის თუ არის 4.8, ორსულობის პერიოდში 2.5-ის ზევით როცა არის TSH-ის მაჩვენებელი, არ გვიყვარს.

თუ ორსულთან ეს მაჩვენებელი თქვენს მიერ აღნიშნულ ზღვარს ზევით არის, მაშინ რა ხდება?

ამ შემთხვევაში, აუცილებლად ინიშნება ჰორმონი, რომ ნაყოფი სწორად განვითარდეს. ეს ყველაფერი თვითონ ნაყოფისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, დედას არ უქმნის საფრთხეს. ის ნაყოფს უფრო უქმნის საფრთხეს ჩამოყალიბებაში, ზრდა-განვითარებაში. მკურნალობა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ დაიბადოს თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით, რომელმაც სხვათა შორის, კრეტინიზმი იცის.

ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როცა ისინი ჰორმონალურ პრეპარატებს იღებდნენ, განსაკუთრებით მომატებული TSH-ს დროს, წონასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყოთ. ეს მითია თუ რეალობა?

ეს რეალობაა და გეტყვით რატომ, თვითონ ჰიპოთირეოზი იწვევს წონის მატებას, ანუ როდესაც ფუნქციური უკმარისობაა, უჯრედშიდა სითხის შეკავება და უჯრედშიდა ცხიმის შეკავება ხდება და სწორედ ამიტომ იცის შეშუპება და წონის მატება. ეს თუ მოიხსნა, მაშინ პირიქით. წონის მატებას უფრო სტეროიდული ჰორმონები იწვევენ და მათთან უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ჰორმონის დოზის გადაჭარბება, პირიქით, წონის კლებას, სწრაფ ტოქსიკოზს, ტაქიკარდიას, სითხის დაკარგვას, ფაღარათს იწვევს. ძალიან ბევრი წამლისმიერი ტოქსიკოზია.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატის დოზის შერჩევა ერთჯერადად არ ხდება. ვინაიდან ფარისებრი თერმორეგულაციას განაგებს, ამიტომ ფარისებრს თითქოს სეზონური მუშაობა აქვს და მისი მუშაობა კლიმატზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში, ორგანიზმს მეტი დოზა სჭირდება, ზოგ შემთხვევაში, ნაკლები. სიცხის დროს, შედარებით ნაკლები დოზაა საჭირო, სიცივის დროს, მეტი. როდესაც პაციენტმა ერთხელ აიღო ანალიზი და დაენიშნა ჰორმონი და ამ ჰორმონს სვამს წლები, ისე, რომ არ იკონტროლებს ანალიზებს, აღმოჩნდება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, წამალი მოქმედებს, როგორც წამალი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, როგორც ტოქსინი, რადგან დოზა გადაჭარბებულია. წამალმა რომ თავისი შედეგი დადოს, დოზა არც გადაჭარბებული უნდა იყოს და არც მისი უკმარისობა უნდა იყოს, ამას ნიშნავს მკურნალობა.

რა პირველადი კვლევებია საჭირო იმისთვის, რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები გამოვავლინოთ და კავშირშია თუ არა ისეთი ტიპის პათოლოგიები, როგორიცაა ინსულინრეზისტენტობა, პრედიაბეტი, დიაბეტი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებთან?

დასაწყისში ბევრი კვლევა არ ინიშნება, აუცილებელია ულტრასონოგრაფია და ჰორმონალური სპექტრის შეფასება, თუ როგორია ჰიპოფიზის ჰორმონის, თირეოტროპული ჰორმონის და თავისუფალი თიროქსინის ურთიერთ თანდგომა. თუ დაფიქსირდა პათოლოგია, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ექიმმა დამატებით მოითხოვოს დამატებითი ჰორმონების ჩაშლა. რა თქმა უნდა, ბევრი კვლევა არსებობს, თუმცა ჩვენ ექიმები პირდაპირ ყველა კვლევას არ ვნიშნავთ, რადგან ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. დამატებითი კვლევები ანამნეზის მიხედვით ინიშნება. აუცილებლად უნდა შეფასდეს D ვიტამინი. თუ პაციენტთან ჭარბი წონაა, უნდა შეფასდეს გლუკოზირებული და HOMA ინდექსი, მაგრამ თუ თანდგომით გამოიკვლევა ტოქსიკოზისკენ მიდრეკილება, ამ შემთხვევაში, საქმე იმაშია, რომ ტოქსიკოზი არსებობს გარდამავალიც, დამოუკიდებელიც, ავტოიმუნურიც, ამიტომ ექიმმა რომ დიაგნოზი დასვას, უნდა  მოახდინოს დიფერენცირება, თუ რასთან აქვს საქმე. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ანტი-TG, ანტისხეულები, TSH, FT4, FT3-თან მიმართებაში. მოდით, ასე ვთქვათ, კვლევები არც ბევრია და არც ცოტა.

არასწორი დიაგნოზით, შეცდომით თუ წავიდა ექიმი, პაციენტი უფრო შეიძლება დაზიანდეს, ამიტომ ყოველთვის ჯობია, რომ თავში, დასაწყისში შეფასდეს მდგომარეობა და შემდგომ, დინამიკაში უკვე ისეთი ფართო მასშტაბის აღარ იქნება კვლევები.

ქალბატონი მარიკა, რა ტიპის მომსახურებას მიიღებს ადამიანი ენდოკრინოლოგიურ ცენტრში 4&8 და ენდოკრინოლოგიური პროფილის გარდა, სხვა მიმართულებითაც თუ მუშაობთ?

ჩვენი წამყვანი პროფილი გახლავთ ენდოკრინოლოგია, თუმცა ენდოკრინოლოგიური მიმართულების გარდა, კლინიკაში გვაქვს ისეთის სპეციალობები, რომლებიც აუცილებელია ენდოკრინოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების გადასამისამართებლად. ჩვენ გვყავს კარდიოლოგები, რეპროდუქტოლოგიები, გინეკოლოგები, მამოლოგები, დერმატოლოგები, უროლოგები, ალერგოლოგები, ანუ მულტიპროფილური, ამბულატორიული დაწესებულება ვართ. რა თქმა უნდა, გვაქვს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, სრული სპექტრი, ასევე გვაქვს ექოსკოპიური გამოკვლევები, ინსტრუმენტული კვლევებიდან, საინტერესო არის, რომ გვაქვს 24 საათიანი კარდიომონიტორინგი და წნევის მონიტორინგი, ასევე გვაქვს ალერგიული სინჯები კანზე და გვაქვს სპირომეტრია.

ყველაზე დიდი მომართვიანობა რა მიმართულებითაა და რა არის ის მთავარი ბირთვი, რაზეც თქვენ ეწყობით, როგორც კლინიკა?

ყველაზე დიდი მომართვიანობა მაინც, რა თქმა უნდა, ჩვენი წამყვანი პროფილის მიხედვით არის, ენდოკრინოლოგიას აქვს ყველა დიდი მომართვიანობა. ჩვენ გვყავს ექვსი ენდოკრინოლოგი, მათ შორის, გვყავს ბავშვთა ენდოკრინოლოგიც, რაც ძალიან მოთხოვნადი სპეციალობა გახლავთ და ძალიან მაღალი მომართვიანობით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, ენდოკრინოლოგია მრავალ პრობლემას ეხება, დაწყებული ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით, შაქრიანი თუ უშაქრო დიაბეტით, მეტაბოლური დარღვევებით, რაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ძალიან გახშირებულია, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. ყველა ამ მიმართულებით ჩვენი სპეციალისტების მულტიფუნქციური გუნდი ერთობლივად ზრუნავს პაციენტის სწორ დიაგნოსტირებაზე და სათანადო მკურნალობის დანიშვნაზე და ეს ყველაფერი მართლაც არაჩვეულებრივად კომფორტულ გარემოში ხდება. კლინიკა ისე არის მოწყობილი, რომ პაციენტს დამატებითი დაძაბულობა არ შეექმნას.

პაციენტები ენდოკრინოლოგიური პროფილიდან ინაცვლებენ სხვა სპეციალისტებთან თუ შესაძლებელია პირდაპირ, მაგალითად, კარდიოლოგთან, კანის ექიმთან მისვლა?

გარდა იმისა, რომ ენდოკრინოლოგთან მოსული პაციენტის სათანადო პროფილის ექიმთან გადამისამართება ხდება, პაციენტები დამოუკიდებლადაც მიმართავენ კარდიოლოგს, ანგიოლოგს და ა.შ. გვყავს ფლებოლოგი, რომელიც ქვედა კიდურების სისხლძარღვების პათოლოგიებს მკურნალობს, მათ შორის, გვაქვს სკლეროთერაპია, რაც არის კაპილარების უმტკივნეულო მოშორება და რაც ასევე ძალიან მოთხოვნადია. რა თქმა უნდა, ხშირად მომართავენ გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგს. გვაქვს არაჩვეულებრივი ოფთალმოლოგიური კაბინეტი, აღჭურვილი ყველა ტიპის გამოკვლევით, რაც შეიძლება, რომ ამბოლატორიულ პირობებში ჩატარდეს და ვემსახურებით როგორ ბავშვებს, ისე მოზრდილებს. ადგილზე ხდება სათვალეების და ლინზების შერჩევაც, გვყავს კონტრაქტორი და ამ კუთხითაც, მაქსიმალურ კომფორტს ვთავაზობთ პაციენტს.

მინდა, როგორც კლინიკის ხელმძღვანელს, გკითხოთ, თქვენი დაკვირვებით, რა არის პაციენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა იზიდავს მას, ცნობადი ექიმი, კომფორტული გარემო თუ მაღალტექნოლოგიური აპარატურა, ანუ რა წარმოადგენს კლინიკის წარმატების მთავარ ასპექტს?

რეალურად, ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს, რისი დეფიციტიც ყველაზე მეტად აქვთ პაციენტებს, არის დრო, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სერვისის ხელმისაწვდომობა. ექიმის კვალიფიციურობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი გულისხმიერებაც. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია აპარატურაც, რადგან სწორი დიაგნოზი განსაზღვრავს სწორ მკურნალობას. ეს ყველაფერი ერთად, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ და არა ცალკე აღებული რომელიმე ფაქტორი.

რამდენად ხშირად გაქვთ სხვადასხვა სახის აქციები, შეთავაზებები პაციენტებისთვის?

რა თქმა უნდა, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამედიცინო სერვისი, სწორედ ამის გათვალისწინებით, სეზონურობის და აქტუალობის გათვალისწინებით, გვაქვს სხვადასხვა ტიპის აქციები. აქციები ამჟამადაც გვაქვს და რა თქმა უნდა, მომავალშიც გვექნება. მაგალითად, სულ ახლახან გვქონდა წინასასკოლო აქციები ბავშვებისთვის, ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, ნევროლოგის კონსულტაცია, ვიტამინების განსაზღვრა. მართალია, წინასასკოლო მოსამზადებელი პერიოდი დასრულდა, მაგრამ ოფთალმოლოგიურ გამოკვლევაზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ აქცია ოქტომბრის ბოლომდე გავახანგრძლივეთ. გვაქვს აქციები ქალბატონებისთვისაც, გინეკოლოგიური სკრინინგის სახით, როგორც ვრცელი სკრინინგი, ისე შეკვეცილი. მამაკაცებისთვის გვაქვს უროლოგიური სკრინინგები. გვაქვს შეთავაზებები მეტაბოლური დარღვევების შემთხვევაში. საინტერესოა, რომ ჩვენს ცენტრს აქვს თავისი შვილობილი კომპანიის პილატესის და იოგას დარბაზი და მეტაბოლური დარღვევების მქონე პაციენტებს, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით და გამოკვლევების პარალელურად, ვთავაზობთ შესაბამის ფიზიკურ აქტივობას, უკეთესი ეფექტის მისაღებად. ასევე, გვაქვს კარდიოლოგიური სკრინინგები, სხვადასხვა ტიპის პაკეტებით. მინდა დავძინო, რომ გვაქვს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში, როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს, როგორც ინსულინდამოკიდებული, ისე ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის და უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებს შეუძლიათ, სრული სახელმწიფო დაფინანსებით ან მნიშვნელოვანი თანაგადახდით მიიღონ მომსახურება.

რა მიგაჩნიათ თანამედროვე მედიცინაში და თანამედროვე კლინიკების ბიზნესში მთავარ გამოწვევად, რაზეც კიდევ გინდათ გააგრძელოთ მუშაობა და რას ისურვებდით, რას შეცვლიდით, რას დაამატებდით აღნიშნული მიმართულებით და ბოლოს, რას უსურვებდით პაციენტებს?

ძალიან მნიშვნელოვანი არის უწყვეტი სამედიცინო განათლება და ექიმებს ვუსურვებდი, რომ მუდამ ჰქონდეთ ამის მოტივაცია, მუდამ განაგრძონ სწავლა და პიროვნული განვითარება, რადგან მედიცინა ისეთი სფერო გახლავთ, რომ სულ წინ მიდის, სულ ვითარდება და არ უნდა ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტენდენციებს.

აქვე ვიტყვი, რომ გვაქვს დაგეგმილი დიაბეტის სკოლა, რომელიც პაციენტებისთვის იქნება გამიზნული და მათ მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რომ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მართონ თავიანთი დიაგნოზი და დაავადება.

პაციენტებს ვუსურვებ ჯანმრთელ, ლაღ და ბედნიერ სიცოცხლეს.