LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უხერხულობას უქმნის მიშო ჯავახიშვილს ჰამლეტ გონაშვილთან შედარება: „დღეს ქართული ხალხური სიმღერის ძალიან ბევრი ისეთი მომღერალია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჩაკეტილია თავის ნაჭუჭში და მისთვის მიუღებელია ყოველგვარი სიახლე…“

116
მიშა-ჯავახიშვილი

ანსამბლ „რუსთავის“ და „ირიაოს“ სოლისტი, „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელი, მიშო ჯავახიშვილი fortuna.ge-ს ესაუბრება იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ხალხური სიმღერის შემსრულებლის წინაშე თანამედროვე ეპოქაში დგას.

მიშო, ქართული სიმღერა როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში?

საერთოდ, ჩვენი ოჯახი კულტურის მხრივ ძალიან აქტიური კავშირებით გამოირჩეოდა, დედაჩემის თუ მამაჩემის მხრიდან, ჩვენს ოჯახში მუდამ ჟღერდა ქართული ხალხური მუსიკა და კლასიკურიც, სულ იყო საუბრის საგანი ქართული კულტურა. მამა ქორეოგრაფი გახლავთ, მანამდე ცეკვავდა „სუხიშვილებში“. მუდამ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მოცეკვავეებსა თუ მომღერლებთან, დედა თეატრმცოდნე გახლდათ. ბებია მაშინდელ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მუშაობდა.

პირველად სცენაზე ჩემი გამოსვლა თეატრს უკავშირდება, გოგი თოდაძე გახლდათ თეატრ„ ბერიკების“ რეჟისორი და „პატარა უფლისწულში“ ერთ-ერთ მთავარ როლში გახლდით, პირველი სპექტაკლი ძალიან საინტერესო და ემოციური იყო, ასევე პირველი გასტროლები ბავშვთა თეატრალურ ფესტივალებზე, პირველი გამარჯვება, პირველი გრანპრი. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი…

იმ პერიოდში ჩემი ძმა, ლევან ჯავახიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი, მღეროდა ანსამბლ „მართვეში“, მამას დავყავდი მის რეპეტიციებზე. ჩემთვის ეს ყველაფერი საინტერესო აღმოჩნდა, ძალიან მალე თეატრიდან წამოვედი და ბებიამ მიმიყვანა 28-ე მუსიკალურ სკოლაში, მოსამზადებელ ჯგუფში, საიდანაც „მართვეში“ ხვდებოდნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ იმ პერიოდში დაარსდა ანსამბლი „ბიჭები“ და სწორედ იქ მოვხვდი. ეს იყო პირველი ნაბიჯები მუსიკასთან მიმართებით, 9 მაისს კი, ვაკის პარკში პირველი კონცერტი ჩატარდა, სადაც მომიწია ანსამბლის საკონცერტო შემადგენლობაში გამოსვლა…

პირველად როდის მიხვდი, რომ ქართული სიმღერის შესრულება იცი და გამოგივიდა?

როდესაც საკონცერტო შემადგენლობაში ხვდები, ეს არის პედაგოგების მხრიდან ნებართვა, რომ შენ მზად ხარ სცენაზე გამოსასვლელად. მახსოვს მალხაზ ერქვანიძის რეპეტიციები, სადაც იმერულ სიმღერებს გვასწავლიდა. დავიწყეთ ძალიან საინტერესო პროცესი, ანსამბლმა „ბიჭებმა“ მოიარა მრავალი ქვეყანა, მაშინ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში ჯადოსნური სამყარო შეიქმნა, ჩვენთვის იყო დიდი სიხარული სცენაზე ერთად დგომა.

უკვე ამ პერიოდში მუსიკალური ათწლედის უფროს კლასებში გადავედი, მოვხვდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ ათწლედში, სადაც ჩასაბერი ინსტრუმენტების მიმართულებით ვსწავლობდი, მანამდე ვიოლინოსა და კლარნეტზე დაკვრასაც ვსწავლობდი. პარალელურად, ვსწავლობდი კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედში, სადაც საგუნდო-სადირიჟორო მიმართულება იყო. ყველა ჩემს პედაგოგს, ბაღიდან დაწყებული, სკოლიდან და უმაღლესი სასწავლებლიდან დამთავრებული, ვუხდი მადლობას ჩემი და ჩემი მეგობრების სწორ გზაზე დაყენებისთვის. ჩავაბარე კონსერვატორიაში სადირიჟორო მიმართულებით…

რა არის ყველაზე რთული, როდესაც ქართული სიმღერის შემსრულებელი ხარ?

ქართული ხალხური სიმღერა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბადებოდა. ეს არ არის მოცემულობა, როცა ნაწარმოები იწერება ნოტებით და მისი შეცვლა შეუძლებელია, ქართულ სიმღერას აქვს თავისუფლება, ეს არის ის, რაც სხვადასხვა მომღერალმა გაატარა სახმო აპარატში, ემოციებში და დღემდე მოიტანა. განვითარებამ ქართული ხალხური სიმღერის ყოფაში შენარჩუნების მხრივ პრობლემა შექმნა და ის სცენამ შეინარჩუნა… დღეს, როცა მე ვმღერი ქართულ ხალხურ სიმღერას, მაქვს ჩემი ხმა, ტემბრი, გაგება ამ სიმღერის, ძველ ჩანაწერებთან დიდი კავშირი მათი მოსმენისა და გაშიფვრის კუთხით, ვგრძნობ, როგორ მღეროდნენ მას ჩვენი წინაპრები და როგორ ვასრულებთ ჩვენ. დღეს ჩვენ სხვანაირად გვიწევს ფიქრი ამ ყველაფერზე, შენარჩუნებაზე, დაცვაზე, თუნდაც კოპირებაზე, მაგრამ კარგი გაგებით. სუფრასთან ყველაფერი იყრის თავს და ქართულ სიმღერასთან დაკავშირებული ჟანრების თავმოყრა, აქ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ორგანულად ხდება, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს სცენაც და აკადემიური შესრულებაც, ამიტომ ეს არის ძალიან რთული პროცესი, რის მიღმაც არაფერი უნდა დაგრჩეს. უნდა გადასცე სწორად მომავალ თაობასაც…

შენ ხარ ტრადიციული ქართული ანსამბლის წევრიც და ისეთი ჯგუფის წევრიც, როგორიც „ირიაოა“, რომელიც ქართულ ფოლკლორსა და ჯაზს ერთმანეთს უხამებს. კრიტიკა თუ მოგისმენიათ ვერსიების გამო, რომელსაც აკეთებთ და რას პასუხობთ ხოლმე?

ვარ ანსამბლ „რუსთავის“ წევრი, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, მთელი ცხოვრება ვუსმენდი „რუსთავს“ და ანსამბლ „მართვეს“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლავართ. ჩემს ცხოვრებაში შემდგომ სხვა ჟანრებიც შემოვიდა. გამოვყოფდი ჯგუფ „ადიოს“, რომელსაც ჩემი ძმა უსმენდა, იქ ჯაზი ძალიან საინტერესოდ იყო შეხამებული ქართულ ხალხურ კილოსთან… დათო მალაზონიაა ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართული ხალხური შემოქმედება, ჰანგი დააკავშირა ჯაზთან და ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ჟანრს ეთნო-ჯაზი.

დღეს ქართული ხალხური სიმღერის ძალიან ბევრი ისეთი მომღერალია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჩაკეტილია თავის ნაჭუჭში და მისთვის მიუღებელია ყოველგვარი სიახლე. მისი მიზანია, შეასრულოს ქართული ხალხური სიმღერა სრული წესების დაცვით, ჟღერადობით, კოპირებით… ხშირად ახალგაზრდები ისე მღერიან, როგორც მღეროდა 90 წლის მხცოვანი ადამიანი. ეს არის კრიტიკის საგანი. როგორც კი ასეთ შემსრულებელთან მიხვალ და შესთავაზებ, ქართული ხალხური სიმღერა სხვანაირად დავამუშავოთ, მოვარგოთ სხვა ჟანრებიო, ეს ადამიანები იკეტებიან და ამბობენ, – არა, ეს არ შეიძლება და ამას ვერ გავაკეთებთ. არადა, ძალიან საინტერესო პროცესია, მე კი ვფიქრობ, რომ რაც დრო გადის, ის ადამიანი უფრო მეტად იხვეწება, ვინც ყველაფერს ისმენს, მდარე ხარისხის მუსიკასაც კი. „მართვეს“ წევრებს სულ ვურჩევ, ყველაფერს მოუსმინონ და თავად გამოიტანონ აზრი, რა მოსწონთ, თუმცა ისინი ისეთ საწყისზე არიან აღზრდილები, რომ ყველაფერს სწორად მიიღებენ და სწორ ადგილს მიუჩენენ ეროვნულ მუსიკალურ კულტურასაც და მსოფლიო მუსიკასაც.

ზოგჯერ ვიღაცას არ ესმის და არ მოსწონს შენი მიდგომა. მაგალითად, არ მოეწონება „ირიაოსეული“, დათო მალაზონიას არანჟირებით გაკეთებული ევროპის ჰიმნი, მეცხრე სიმფონია – როგორ შეიძლება, რომ ის გურული თემატიკით შეფუთო, გურული ჰანგით, ქართული სიტყვებით? ასევე სხვა მუსიკალური ნომრებიც, რომლებიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ქართული შემოქმედებით. ჩვენ მრავალ ქვეყანაში ვართ ნამყოფი, სადაც ხშირად მოგვისმენია შეფასებები, რომ მსგავსი არასდროს არაფერი მოუსმენიათ და „ირიაოს“ მუსიკა არაფერს ჰგავს, ის არის ორიგინალური და არ არის მასაზე გათვლილი. ძალიან კარგი, რომ მას „პაპსასთან“ ერთად ვერ დავაყენებთ, ის არის მაღალი ხელოვნება და მიხარია, რომ თამასა აწეულია. ამ მუსიკას ასრულებენ მაღალი დონის შემსრულებლები, რომლებმაც იციან ამ და სხვა მუსიკის ფასიც.

კრიტიკა მისაღებია, რა თქმა უნდა. ვიღაც შეიძლება, ამ კრიტიკას მძიმედ აღიქვამდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ და რა გვინდა, ეს იქნება „მართვე“, „ირიაო“, „რუსთავი“ თუ სოლო შესრულება. ეს გემოვნება იმდენად ჩამოყალიბებულია, რომ ვერავინ აგვიხსნის, რა და როგორ უნდა ვიმღეროთ. ვიცით, რა არის სწორი გზა, ძალიან ტრადიციულ ოჯახებში და საინტერესო მუსიკალურ მოცემულობებში გავიზარდეთ, სადაც ჟღერდა როგორც ჰამლეტ გონაშვილი და გოგი დოლიძე, ასევე მაგალითად, „მეტალიკაც“, სტინგიც და ბარი უაითიც, ვუსმენდით მოცარტს და სხვა ცნობილ კომპოზიტორებს.

კრიტიკასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიტან – „ირიაო“ მოხვდა „ევროვიზიაზე“, შეიძლება ამ კონკურსისთვის შეუფერებელი სიმღერით, რომელიც შესაძლოა, ჩვენთვისაც შეუფერებელი იყო და არ იყო ის, რასაც ჩვენ რეალურად ვაკეთებთ. დათო მალაზონიამ ძალიან საინტერესო მელოდია დაწერა, მაგრამ ამ სიმღერამ გამოიწვია მძიმე კრიტიკა, პროფესიონალი მუსიკოსებისგანაც და დილეტანტებისგანაც, რომლებსაც სურდათ, ის მომღერლები წასულიყვნენ „ევროვიზიაზე“, რომლებიც პირდაპირ ვიტყვი, მდარე ხარისხის მუსიკას ქმნიან. რა თქმა უნდა, ეს პირადად მე ძალიან განვიცადე, მაგრამ იმხელა გამოცდილება მივიღე ამ კუთხით, რომ დღეს ვისმენ მოსაზრებას, შეიძლება ეს იყოს მძიმე, ვიღაცამ შეურაცხყოფაც შეიძლება მოგაყენოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ, აქედან ამოვდივართ მეც და ჩემი მეგობრებიც.

როგორც მომღერლისთვის, ვისი აზრი არის მნიშვნელოვანი და როგორ იღებ ზოგადად, კრიტიკულ შენიშვნებს?

რა თქმა უნდა, ჩემი პედაგოგებისგან, რომლებსაც ბევრ რამეს ვეკითხები, ჩემი მეგობრებისგან, რადგან შეიძლება, რაღაც გადასარევად მიმაჩნდეს და რეალურად არ იყოს ასეთი, მათგან ვითხოვ არა რბილ შეფასებებს, არამედ ისეთს, როგორიც სინამდვილეშია, ჩემი მეუღლისგან და შვილებისგან, ჩემს მეუღლეს თუ რამე არ მოეწონება, ამას პირდაპირ მეტყვის და კითხვის ნიშნით არ შეხედავს, ჩემს ძმას ასევე ხშირად ვუსვამ კითხვებს, ჩემს თავსაც ვცდილობ მოვუსმინო, რაც ძალიან არ მიყვარს, რადგან ბევრი რამ არ მომწონს ხოლმე. დაწყებისთანავე ვთიშავ და ვცდილობ, გამოვასწორო, რაც არ მომეწონა. ეს არის საინტერესო პროცესი და მუდამ კრიტიკული ფორმით ხდება შეფასება. თუ ვინმეს მოსწონს და დადებითად აფასებს, დიდი მადლობა მათ, მიხარია…

როგორც „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელს, რა შეგიძლია თქვა, შენი ბავშვობისას უფრო მეტად პოპულარული იყო ქართულ სიმღერაზე სიარულის ტრადიცია თუ ახლა და როგორ აინტერესებთ პატარებს ქართული სიმღერით?

მაშინ, როცა „მართვე“ შეიქმნა, საოცრად არაპოპულარული იყო ქართული ხალხური სიმღერის შესრულება. ჩვენ ტრადიციებს მივყვებით, „მართვე“ ვერსად გადაუხვევს, ბავშვები მუსიკალურ გზას საწყისი რელსებით მიუყვებიან მყარი ნაბიჯებით. ანზორ ერქომაიშვილს, რამინ მიქაბერიძეს, კოტე მშვიდობაძე,ს ნათელა ჯიღაურს, თამაზ ადღულაძეს ჰქონდათ უნარი, რომ ბავშვებისთვის საინტერესოდ მიეწოდებინათ ქართული ხალხური სიმღერა. თუ დღეს ამდენი ბავშვი მღერის ქართულ ხალხურ სიმღერას, თუ ამდენ ბავშვს აცვია დედაქალაქში თუ რეგიონებში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჩოხა, თუ მსოფლიოში იცნობენ და მღერიან ხალხურ სიმღერას, ეს არის უპირველეს ყოვლისა, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლების „მართვეს“ და „რუსთავის“ დამსახურება. დღეს ბავშვები 47-ე წელია, უწყვეტად იკრიბებიან არტოს ბაღში ხალხური სიმღერის შესასრულებლად. ისინი ირჩევენ სხვა პროფესიებს, მაგრამ მათთვის ქართული სიმღერა რჩება ყოველდღიურობას, ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას ნიშნავს, ეს არის მუდმივი ფიქრისა და ყოველდღიურობის ნაწილი. ანსამბლმა „მართვემ“ გენეტიკური კოდი გაამყარა, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ამოშლის…

ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო კომპლიმენტი, რაც შენს ხმასთან დაკავშირებით მოგისმენია. არის ხოლმე შედარებებიც და ამას როგორ უყურებ?

ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, როცა ვინმე პირადად მეუბნება ან სოციალურ ქსელში მწერს, რომ ჩემი შესრულება ჰამლეტ გონაშვილს აგონებს. როცა კონკრეტულ მომღერალს მთელი ცხოვრებაა, იცნობ და უსმენ, შესაძლოა, ბუნებრივად მიემსგავსო, არავისთვის მიფიქრია, რომ ვინმესთვის მიმებაძა. ვფიქრობ, ჰამლეტ გონაშვილს საერთოდ სხვა ტემბრი ჰქონდა და უდიდესი მუსიკალური მოაზროვნე იყო, მასთან ვერც მივალთ. მახარებს, როცა პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსმენელი მოდის და მეუბნება, რომ ახსენდება ჰამლეტ გონაშვილი. დიდი ბედნიერებაა, მაგრამ წარმოუდგენელია ეს შეფასება და ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა მივიღო. ამ კუთხით ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ და ვცდილობ, ისე გავაკეთო ყველაფერი, როგორც ჩემს მსმენელს და ჩემ გვერდით მყოფ მუსიკოსებს უხარიათ. როგორც ჩვენთვის ჰამლეტ გონაშვილი და თემურ ქევხიშვილია, ვეცდებით, ჩვენც შევქმნათ და მომავალს დავუტოვოთ ჩვენი ხელოვნება, შემდეგ ბავშვები თუ იტყვიან, რომ ჩვენს ხმებზე გაიზარდნენ, ეს დიდი ბედნიერება იქნება. მიხარია კარგ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე დგომა და მსიამოვნებს ბავშვებთან ერთად სცენაზე დგომაც…

შენს ოჯახზეც გვიამბე ორი სიტყვით – მეუღლე როგორ უძლებს შენს დატვირთულ რეჟიმს და შენი ქალიშვილები თუ მღერიან?

ოჯახი ძალიან ადრე შევქმენი. ჩემი მეუღლე ანა ფანჩულიძე ინგლისურის სპეციალისტია, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და მშრომელი ადამიანია. მისი გვერდში დგომა შეუფასებელია ჩემი აქტიური რეჟიმის პირობებში. ეს არის თავდადება, რაზეც მუდამ შემიძლია ვისაუბრო და გავიხარო. მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა მას და ჩემს შვილებს, რომლებიც არიან მაგარი და სწორი შემფასებლები. ძალიან უყვართ მუსიკა. ქეთო სულ ღიღინებს მელოდიებს და მახსენდება ჩემი ბავშვობა, როცა მეც ასე ვმღეროდი, 24 საათი… ღვთის წყალობაა, როცა მუსიკა შენს ოჯახთან ახლოსაა. ქეთო „სუხიშვილებში“ ცეკვავს და სწავლობს ამ დიდ შემოქმედებას. ჩემი უფროსი ქალიშვილი, ტასო აქტიურად მღეროდა ჭოხონელიძეების სტუდიაში, კარგი სმენა აქვს, უსმენს ყველა ჟანრს. 16 წლისაა, უკვე მალე სკოლის დასრულების პერიოდთან მივალთ… ყველა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. სამივე ჩემთვის არიან ის ადამიანები, ვისთვისაც მე სცენაზე ვდგავარ და ვისი გულისთვისაც შემიძლია საქმის კეთება. ოჯახი არის ცხოვრების აზრი, რომელიც არის უმთავრესი და უპირველესი… ვერ ვიტან გასვლით კონცერტს, როცა ვიცი, რომ ჩემი მეუღლე და შვილები არ მისმენენ, მგონია, ნახევარი ადამიანი ვარ იმ სცენაზე… ძალიან მდიდარი გავდივარ სცენაზე, როცა ჩემი ოჯახის წევრები არიან დარბაზში. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს… ანსამბლ „რუსთავის“ თუ „მართვეს“ რეჟიმები ურთულესია, ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობა, „ირიაოს“ თავისი მიდგომა სჭირდება, ეს არის დიდი ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, დიდი ბედნიერებაა, როცა ოჯახი გიგებს, ბედნიერი ვარ ამ დამოკიდებულების გამო…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

magti 5g