LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, თუკი „აეროსმიტის“ კონცერტზე მიდიხართ

140

20 მაისს „ბლექ სი არენას“ რიგით მეორე სეზონი გაიხსნება ლეგენდარული როკჯგუფის, „აეროსმიტის“ კონცერტზე. საკონცერტო დარბაზის დირექტორი, fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა ღონისძიების დეტალების შესახებ. ანი კავლელიშვილის თქმით, მზადება ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

ანი კავლელიშვილი:

„აეროსმიტის“ კონცერტის მზადების კუთხით ეს კვირა ყველაზე მძიმე და დატვირთული იქნება ჩვენთვის. ლეგენდარული როკჯგუფის კონცერტი ჩვენს არენაზე 20 მაისს გაიმართება. გაყიდულია 10 000-ზე მეტი ბილეთი. ოფიციალურ მონაცემებს ჩვენი პარტნიორებისგან – tkt.ge და biletebi.ge მივიღებთ კონცერტის დასრულების შემდეგ, თუმცა დაახლოებითი ინფორმაცია უკვე გვაქვს, რომ ბილეთების საკმაო ნაწილი საზღვრებს გარეთ შეიძინეს. მათ შორის ყველაზე მეტი მეზობელ ქვეყნებში – უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და რუსეთი. ასე რომ, 20 მაისისთვის საქართველოში უამრავ ტურისტს ველოდებით.

როგორც ვიცით, „აეროსმიტს“ ერთ-ერთი ყველაზე რთული მოთხოვნათა ჩამონათვალი აქვს…

დიახ, ასეა. აქვთ ძალიან მკაცრი მოთხოვნები ტექნიკისა და უსაფრთხოების მხრივ. უსაფრთხოების გაძლიერებული ნორმები შემუშავდა. ჯგუფის მოთხოვნაა, აკრედიტებული ოპერატორებისა და ფოტოგრაფების გარდა, არავის ჰქონდეს ფოტო და ვიდეოკამერები. დაშვებული იქნება მობილური ტელეფონები, თუმცა ვერ გამოიყენებთ სელფის ჯოხს. თუკი ამ ყველაფერს თან იქონიებთ, შესასვლელში ჩამოგართმევენ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მოთხოვნები მათ მარტო საქართველოში არ წამოუყენებიათ. იგივე ე.წ. რაიდერია იმ 18 ქვეყანაში, სადაც გამოსამშვიდობებელ ტურნეს ატარებენ.

ტექნიკური ნაწილიც ძალიან დატვირთულია, თუმცა საბედნიეროდ, „ბლექ სი არენას“ აქვს ისეთი მარაგი, რომელიც ამ ძალიან რთულ მოთხოვნათა სიასაც გაუმკლავდა. ჯგუფს შედარებით ლოიალური მიდგომა აქვს გამასპინძლების ნაწილში, დათანხმდნენ, ის პროდუქტები, რომლებიც ჩამონათვალში ჰქონდათ და საქართველოში არ არის, აქ არსებულით ჩაენაცვლებინათ, რასაც სხვა არტისტები არ თანხმდებიან ხოლმე.

როდის და რამხელა სამუშაო ჯგუფით ჩამოდის „აეროსმიტი“?

50-მდე ადამიანი ჩამოდის. სხვადასვა ჯგუფი 17 მაისიდან დაიწყებს საქართველოში ჩამოსვლას, თავად „აეროსმიტის“ წევრების ჩამოსვლის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. ზოგადად, თითქმის ყველაფერი კონფიდენციალურია.

მათ შორის იმ სიმღერათა ჩამონათვალიც, რომლებსაც კონცერტზე მოვისმენთ?

დიახ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ყველა იმ სიმღერას მოისმენთ, რომელიც ჯგუფის თაყვანისმცემლებს უყვართ. „აეროსმიტს“ თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში უამრავი ჰიტი აქვს შექმნილი და მათი თაყვანისმცემლებისთვის კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო იქნება ამ კონცერტზე დასწრება (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g