LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა უნდა მომხდარიყო 2008 წლის 13 აგვისტოს ამაზე მეტი? ეს ნახევარფინალი ჩვენთვის ფინალიც იყო და სამამულო ომიც! სხვა შემთხვევას ვერ ვიხსენებ, მე და მამას ერთად გვეტიროს“ – სანდრო ელოშვილი ძიუდოისტ ირაკლი ცირეკიძის მიერ რუსი მეტოქის დამარცხებაზე

156
სანდრო ელოშვილი

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი ეხმიანება და ომის დღეებში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

სანდრო ელოშვილი ემოციურად იხსენებს იმავე დღეებში მიმდინარე პეკინის ოლიმპიურ თამაშებს და 13 აგვისტოს, როდესაც ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ ნახევარფინალში რუსი მეტოქე – ივან პერშინი დაამარცხა.

„2008 წლის აგვისტო იყო, რუსებს უკვე გორი ჰქონდათ აღებული და თბილისისკენ იწევდნენ, ცხვარიჭამიიდან დამირეკეს და მითხრეს: სამაჩაბლოდან დევნილების პირველი ნაკადი ჩამოიყვანეს და ყოფილ პიონერთა ბანაკებში შეასახლეს, იქნებ რამეთი მიეშველოთ ამ ხალხს, ტანსაცმელიც არ აქვსო…

მაშინ Facebook არ იყო ასეთი ყოვლისმომცველი, მაგრამ რაღაცნაირად შევძელით ამბის გავრცელება და ვერაზე, ჩემს ეზოში ძალიან დიდი რაოდენობით ტანსაცმელი, საკვები, სათამაშოები და ჰიგიენის საშუალებები მოვაგროვეთ… წასვლის მსურველი ბევრი არ ყოფილა, რადგანაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თბილისის გარდა ჩვენი აღარც არაფერი იყო.

მეორე მანქანა არ მახსოვს, ერთში კი მე და გიორგი საძაგლიშვილი ვიყავით…

ჩავიტანეთ, უკან დაბრუნების დროს რაღაც გზები უკვე ჩაკეტილი იყო, ამიტომაც უცნაური გზებით მოგვიწია სიარული და თბილისს ზუსტად იმ მხრიდან მოვადექით, საიდანაც მტერი უნდა წამოსულიყო…

კი მიყვარს ხოლმე გაბუქება, მაგრამ გიორგი არ მომატყუებინებს, ერთად ვნახეთ, როგორ ნაღმავდნენ მცხეთის ხიდებს ქართველი ჯარისკაცები და მსუბუქად დაჭრილი, ბინტ გადახვეული ბიჭები როგორ ამაგრებდნენ თბილისის შემოსასვლელს.

ქაოსურად მოძრაობდნენ მანქანები და გვეძახდნენ, წადით მალე, რუსი მოდის თბილისზეო…

სახლში მივედი, გაგვაფრთხილეს პროდუქტები მოიმარაგეთო, მე და მამაჩემი ჩავედით მაღაზიაში, ზუსტად მახსოვს, ერთი ყუთი არაყი და ორი ბლოკი სიგარეტი ვიყიდეთ…

რა თქმა უნდა, ტელევიზორი არ გამორთულა ის დღეები და სულ საინფორმაციო იყო ჩართული…

დედაჩემის დიპლომატიური პასპორტით შეგვიძლია ქვეყნის დატოვება, შიგნით გარკვევით წერია, ნებისმიერი მეგობრული ქვეყანა ვალდებულია მიგვიღოს და მოგვცეს თავშესაფარი… მამაჩემია უარზე! ამ იდეის გაჟღერების გამო გვლანძღავს და გვეჩხუბება…

ამ დროს ტელევიზორში კიდევ რაღაც მორიგი სისულელე გამოაცხადეს, მორიგი ჭორი, პესიმისტური, განწირული დებილობა… არადა, ომი, ფაქტობრივად, დამთავრებულია, სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებს სარკოზი, მაგრამ ღორები მაინც გვბომბავენ…

პირველად გადავრთეთ საინფორმაციოდან, რაღაცნაირი გადართვა იყო ეს… უიმედობის და დამარცხების შეგრძნება ახლდა!

მეორე არხზე ოლიმპიადას აჩვენებდნენ…

ქართველი და რუსი ჭიდაობდნენ!

იმ დროს გადავრთეთ, თუ სწორად მახსოვს ასე თქვეს, პუტინის საყვარელი ჯუდოისტიაო… ვინმე პერშინი!

ჩუმად დავიწყეთ ყურება, უემოციოდ…

და უცებ, ამ გიჟმა ბიჭმა, ასე დააწეპა ეს ღორის შვილი ტატამზე, შებოჭა და აღარც გაუშვა…

ნახევარფინალი იყო… მოიგო ამ ოქროს კაცმა ის ფინალიც, მაგრამ ეს ნახევარფინალი მაშინ ჩვენთვის ფინალიც იყო და სამამულო ომიც!

სხვა შემთხვევას ვერ ვიხსენებ მე და მამას ერთად გვეტიროს… კომენტატორის ფრაზა რომ გავიგონეთ, ცრემლები ვეღარსად დავმალეთ…

– რუსი გაკრულია ბეჭებზე! – ღრიალებდა წამყვანი… ან არ ღრიალებდა და მე ჩამესმა ასე…

რა უნდა მომხდარიყო 13 აგვისტოს ამაზე მეტი?! იმ ცრემლიან და ტკივილიან დღეს…

თუკი ვინმე იცნობს ირაკლი ცირეკიძეს!

უთხარით ჩემს მაგივრად მადლობა და ისიც დაამატეთ, რომ ამ კადრების შემდეგ დედაჩემმა, სხვა საბუთებთან ერთად ის ლურჯი პასპორტიც უკან დააბრუნა სამინისტროში და აღარასდროს გაგვიფიქრებია საქართველოს დატოვებაზე!“ – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

2008 წლის აგვისტო იყო, რუსებს უკვე გორი ჰქონდათ აღებული და თბილისისკენ იწევდნენ, ცხვარიჭამიიდან დამირეკეს და მითხრეს…

Posted by სანდრო ელოშვილი on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2024

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ, 16 წლის წინ დაწყებულ აგრესიას საქართველოში 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე. გარდაიცვალა 14 პოლიციელი. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსის მატარებელია 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებული აღმოჩნდა 5 ხეობა და 125 სოფელი – უამრავი განადგურდა – თამარაშენი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ხეითი, კეხვი, ძარწემი, ზემო და ქვემო აჩაბეთი, ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო და მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერს, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა. დღეს ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 %.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g