ჰელიოთერაპიის ანუ გარუჯვის შედეგი, ადამიანს მეტად მომხიბვლელს ხდის, თუმცა ბევრი სასარგებლო თვისების მქონე მზის სხივები სწორად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. ქერათმიან და წითურ პირებში პიგმენტი მელანინი უფრო მცირე რაოდენობითაა, ვიდრე მუქთმიანებში, ამიტომ ისინი ცუდად ირუჯებიან და მალე იწვებიან გარუჯვის დაწყების პირველივე დღეებში.
მეცნიერთა აზრით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ოზონის შრის გათხელების გამო ულტრაიისფერი დასხივების ინტენსივობა 3-10 %-ითაა გაზრდილი, რამაც ღია კანის მატარებელ პირებში კანის კიბოს სიხშირის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია.

მზის დამწვრობა ულტრაიისფერი სხივების გადამეტებული ზემოქმედებით გამოწვეული კანის ანთებაა. ადრეულ ასაკში მიღებული მზის დამწვრობა მომავალში კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, გადამეტებული განმეორებითი ულტრაიისფერი დასხივება ზოგჯერ ნაწიბურებსა და ე.წ. ჭორფლს ტოვებს, იწვევს კანის სიმშრალესა და ნაადრევ დაბერებას. ყველაზე ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივება აღინიშნება შუადღეს 10-დან 15 საათამდე, განსაკუთრებით – გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში, თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ზამთრის სუსტმა მზემაც კი შეიძლება ავნოს კანს. მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ზღვაში ბანაობის დროსაც გრძელდება. წყლის ზედაპირზე გაშიშვლებული სხეული უფრო მეტად სხივდება, ვიდრე ხმელეთზე, ვინაიდან წყალს მზის სხივების მნიშვნელოვანი ნაწილის არეკვლის უნარი გააჩნია.

მზის ზემოქმედებიდან რამდენიმე დღეში კანი შესაძლოა სითხით სავსე ბუშტუკებით დაიფაროს, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს გამონაყარიც, კანის დამწვარი უბანი წითლდება და ანთებას განიცდის, მასთან შეხება მტკივნეულია;ზოგჯერ იმატებს სხეულის ტემპერატურა, ასეთ დროს იზრდება ორგანიზმის გაუწყლოების რისკი. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ცხელება, თავბრუსხვევა, გულისრევა, პულსის აჩქარება, სუნთქვის გახშირება, ცნობიერების დაკარგვა. მზის დაკვრაზე ეჭვის მიტანისთანავე აუცილებელია დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. საშუალო სიმძიმის დამწვრობისას ადამიანმა ბევრი წყალი უნდა დალიოს. აუცილებელია გრილი კომპრესები. დაზარალებულს შეუძლია მიიღოს გრილი აბაზანა საპნისა და სხვა დასაბანი საშუალებების გარეშე, რადგან მათი გამოყენება კიდევ უფრო აძლიერებს კანის გაღიზიანებას. აბაზანის მიღების შემდეგ არ შეიძლება კანის საგულდაგულოდ გამშრალება. ძლიერი დისკომფორტისას შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.