LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვიცით ადაპტირებულ ვაქცინაზე, რა ეტაპზეა კვლევები და როდის შეიძლება ის საქართველოში შემოვიდეს

113
Untitled design - 2022-02-15T143516.983

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც უამრავი კითხვა ჯერ კიდევ არსებობს. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ არსებულ ვაქცინებს გვერდს უვლის და შესაბამისად, ბევრი საუბრობს ადაპტირებული ვაქცინის აუცილებლობაზე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საქართველოს ადაპტირებული ვაქცინების მოლოდინები აქვს.

თუმცა, რადგან ვაქცინის პროცესი ჯერ არ არის ბოლომდე დასრულებული, შესაბამისად ვერც ქვეყანაში მისი შემოტანის თარიღი სახელდება.

ადაპტირებულ ვაქცინასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც.

„იცით, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებით „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც კონკრეტულად „ომიკრონის“ შტამზე მუშაობს“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა

„ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია რა ეტაპზეა ადაპტირებული ვაქცინა, რა მოლოდინებია მასთან დაკავშირებით და როდის შეიძლება მისი გამოყენება დაიწყონ.

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ადაპტირებულ ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მისი ლოდინი კარგს არაფერს მოგვიტანს:

„ჯერ ადაპტირებული ვაქცინის შექმნაზე მიდის საუბარი და საქართველოში შემოსვლაზე საუბარი ნაადრევია. ამ ეტაპზე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მისი გამოყენება და აქედან გამომდინარე  საქართველოში შემოტანაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. ჯერ უნდა მოხდეს მისი აღიარება და მერე უკვე ექნება, ალბათ, საქართველოს იმის შესაძლებლობა, რომ შემოიტანოს და მოსახლეობა აცრას“. – განმარტავს გოგინავა.

კითხვაზე, რომელი კომპანია მუშაობს ადაპტირებულ ვაქცინაზე, გოგინავა პასუხობს:

„რამდენიმე კომპანიაა ჩართული მის შექმნაში, მათ შორის „ფაიზერიც“. როგორც კი გავრცელდა „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია, მაშინვე დაიწყეს ადაპტირებულ ვაქცინაზე მუშაობა. თუმცა, ამ ეტაპზე საუბარი იმაზე, რომ ის ჩაანაცვლებს სხვა ვაქცინებს ნაადრევია.

საუბარი მიდის, რომ შეიქმნას ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის ყველა შტამის მიმართ იქნება ეფექტიანი და უკვე არსებულს ჩაანაცვლებს. ამაზე თავიდანვე იყო საუბარი, ვაქცინები შეიქმნა, რომელიც  ეფექტიანი იყო, თუმცა ახალ ვაქცინებზე მუშაობა არ შეწყვეტილა.

ამ ეტაპზე ის ვაქცინები, რაც გავრცელებულია და საქართველოშიც ხელმისაწვდომია, საკმაოდ ეფექტურია „ომიკრონის“ შემთხვევაშიც, ანუ ამცირებს დაავადების მძიმედ მიმდინარეობასა და ჰოსპიტალიზაციის რისკებს და ამ შემთხვევაში ადაპტირებული ვაქცინის ლოდინი კარგს არაფერს მოგვიტანს. სამომავლოდ კი თუ საჭიროება ისევ იქნება, კარგი იქნება ადაპტირებული ვაქცინის გამოყენებაც.

მაგრამ ახლა, რა რეალობაშიც ვართ, უკეთესია, არსებული ვაქცინები გამოვიყენოთ, კორონავირუსის მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად“. – ამბობს გოგინავა ჩვენთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა „ბიონტექსა“ და „ფაიზერს“ კორონავირუსის ახალ „ომიკრონის“ შტამზე ადაპტირებული ვაქცინის დიდი პარტია ჯერ კიდევ დეკემბერში შეუკვეთა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩვენი კონტრაქტები ითვალისწინებს, რომ კომპანიები 100 დღის განმავლობაში საჭიროებისამებრ შეიმუშავებენ ადაპტირებულ ვაქცინებს. წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ ადაპტირებული ვაქცინების 180 მილიონი დოზის პირველი ტრანშის გაშვებაზე, ჩვენი, რიგით მესამე კონტრაქტის მიხედვით, BioNTech/Pfizer-თან“, – განაცხადა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“.

ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ ფონ დერ ლაიენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, გერმანულ კომპანიასთან და ამერიკულ კონცერნთან დადებული კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე ვაქცინის 1,8 მილიარდი დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.

„ვიცით, რომ „ომიკრონი“ ჩვენთვის რეალური საფრთხეა“, – განაცხადა მან.

რამდენიმე დღის წინ კი საჩინ ნაგრანიმ ადაპტირებული ვაქცინის კვლევის შესახებ, ისაუბრა, რომელიც 18-55 წლამდე ადამიანებში ჩატარდა.

ინტერვიუს დროს ნაგრანიმ ადაპტირებულ ვაქცინაზე ისაუბრა, რომელიც ჯერ კიდევ, კვლევის პროცესშია და საბოლოო შედეგი ჯერ არ „დადებულა“.

„COVID-19-ის უთანასწორობის კვლევების უმეტესობა ფოკუსირებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე, მაგრამ ცოტამ თუ გამოიკვლია კომპლექსური ურთიერთობები მრავალ ფაქტორს შორის, რაც ადამიანებს უფრო დაუცველს ტოვებს პანდემიის მიმართ და მის მიერ შექმნილ პირობებს შორის“, – აცხადებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დოქტორანტი, არიადნა კაპასო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g