LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვიცით განათლების ახალ მინისტრ ალექსანდრე წულაძეზე?

270
ალექსანდრე წულაძე

„ძალიან კვალიფიციური, ერუდირებული და გამოცდილი ადამიანი“, – ასე წარადგინა დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი შეცვალა. 

„პირადად მან და ასევე გუნდმა მიიჩნია, რომ აღნიშნული თანამდებობისთვის ის საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ალექსანდრე წულაძე 1984 წლის 7 ივნისს ბათუმში დაიბადა. დაამთავრა თბილისის #58-ე საჯარო სკოლა. განათლებით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტი. 2016 წლიდან ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს.

სხვადასხვა წლის განმავლობაში ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტში. იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი; მოპოვებული აქვს მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის (ჰამბურგი, გერმანია) კვლევითი გრანტი.

2018-2023 წლებში იყო ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2011-2019 წლებში კი ​​ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

2018-2020 წლებში იკავებდა­ სამართლისა და ეკონომიკის საუნივერსიტეტო ცენტრის ​​აკადემიური დირექტორის თანამდებობას; 2015 წელს იყო ​​საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ლექტორი;

ალექსანდრე წულაძის საქმიანობის უდიდესი ნაწილი მის პროფესიას – იურისპრუდენციას უკავშირდება:

სხვადასხვა წლებში ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას – იყო ადვოკატი კერძო სექტორში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობდა საჯარო სამსახურში.

2007-2009 წლებში იყო იურიდიული კომპანიის იურისტი;

2010-2011 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსის თანამდებობას იკავებდა;

იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი და ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.

ალექსანდრე წულაძე 2019 წელს პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, ის აღნიშნულ თანამდებობას 2023 წლამდე იკავებდა.

2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე იყო განათლების მინისტრის პირველი მოადგილე. 2024 წლის აგვისტოდან კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g