LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვნახოთ შარმ ელ შეიხში

360
შარმ ელ შეიხი

ქართველი დამსვენებლისთვის ეგვიპტე წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპულარული მიმართულება ხდება,გამომდინარე ფასიდან,კლიმატიდან და ისტორიული სანახაობებიდან. მხოლოდ პირამიდების ხილვა რად ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტები ეგვიპტეს უმეტესად ზღვის სანაპიროს გამო სტუმრობენ აქტიური შვებულების მოყვარულები ცდილობენ მეტი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სახლებში. “ბონ ვოიაჟი” შარმ ელ შეიხში მიემგზავრება და აქვე გაგაცნობთ იმ ადგილებს,რომელიც თუკი ტურს სწორედ ეგვიპტეში გეგმავთ მოსანახულებელი სანახაობების სიაში უნდა შეიყვანოთ. აქვე მოკლედ შარმ ელ შეიხის შესახებ. ქალაქი ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.ესაზღვრება წითელ ზღვა.ის  საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული, მოსახლეობა 35 000 ადამიანს შეადგენს.

რას მუჰამედის ეროვნული პარკი

დავიწყოთ რას მუჰამედის ეროვნული პარკით,რომელიც მდებარეობს შარმ ელ შეიხიდან 25 კილომეტრში. მისი სახელი ითარგმნება,როგორც “მუჰამედის თავი”. ერთ -ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ადგილი წითელი ზღვის სანაპიროზე, ნაკრძალში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ათასზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი, მარჯნის რიფები, განსაკუთრებული ფლორა და განთქმული მარილის ტბა,სადაც ბანაობა განსაკუთრებულად სასარგებლოა კანისთვის.

სინას მთა

მნიშვნელოვანი რელიგიური ლოკაცია ქრისტიანებისთვის, ებრაელებისთვის და მუსლიმებისთვის. გადმოცემის მიხედვით მოსემ სწორედ  ამ მთაზე მიიღო უფლისგან 10 მცნება. სინას მთაზე შარმ ელ შეიხიდან 2.5-ში მოხვდებით. ეს ადგილი იწოდება უფლის მთად. აქაურობა საოცრად მისტიკურია.საოცარია ზღვის დონიდან 2285 მ სიმაღლეზე მზის ამოსვლით ტკბობა. მთაზე ასასვლელად ძველი გზა შეგიძლიათ გამოიყენოთ,მაგრამ ამ შემთხვევაში 3750 საფეხურის ავლა მოგიწევთ,თუმცა მასზე ასავლელი სხვა გზაც არსებობს და იქ უპრობლემოდ მოხვდებით.

ტუტანხამონის მუზეუმი

თუკი ეგვიპტელების ცხოვრება,ტრადიციები და ძველი მოვლენები გაინტერესებთ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ტუტენხამონის მუზეუმს. გიდი საინტერესო ტურს მოგიწყობთ და ბევრ მნიშვნელოვან ფაქტს გაგაცნობთ არტეფაქტებტან ერთად.

ნაამას ყურე

ეგვიპტეში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ნაამის ყურე. ამ ადგილს ტურისტების დიდი რაოდენობა სტუმრობს,საოცარი სანაპიროსა და მრავალფეროვანი გართობისა და ინფრასტრუქტურის გამო. მყუდრო კაფეები,ხმაურიანი კლუბები,უამრავი სხვადასხვა დონის სასტუმრო ამ ყველაფრის მიზეზია. ულამაზესი და ფართო სანაპირო ზონა ბევრს იზიდავს. ეგვიპტის სხვა სანაპიროებისგან განსხვავებით ნაამას ყურეს აქვს სუფთა ფსკერი მარჯნის გარეშე, ხოლო წყალქვეშა სილამაზე სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრია. დაივინგი აქ განსაკუთრებულად შთამბეჭდავია.

ალ-მუსტაფას მეჩეთი

ალ-მუსტაფას მეჩეთი საკულტო ნაგებობაა, რომელიც ღამე განსაკუთრებულად ნათდება. მასში შესვლა არ შეიძლება,თუმცა გარედან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაათვალიეროთ. შენობა სხვა შენობებს შორის გამოირჩევა ორი მინარეთით, რომელთა სიმაღლე 26 მ-ია.

და რა თქმა უნდა ეგვიპტის სავიზიტო ბარათი პირამიდები,რომელთა მონახულებაც განსაკუთრებულად აღგაფრთოვანებთ,თუმცა ამისთვის ცალკე ტურის დაგეგმვა ჯობს.

გირჩევთ ისარგებლოთ ბედუინების ტურით და აზიის საუცხოო ტრადიციები შეიტყოთ,რომლის ფასიც 50 ევროა. ტური მთის ფერდობზე მზის ჩასვლის მონახულების და ვარსკვლავებზე ტელესკოპით დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.

წყალქვეშა სამყაროს მოყვარულთათვის განსაკუთრებულად სანახაობრივი და შთამბეჭდავია ე.წ. ცისფერი ხვრელი.ადგილამდე ჯერ ტრანსპორტით და შემდეგ აქლემებით მიგიყვანენ ოაზისის გავლით,რაც კიდევ ერთ სანახაობად ღირს.

უამრავი წყლის პარკი,წყალქვეშა ტური,საოცარი სუვენირების მაღაზიები და სავაჭრო ადგილები კიდევ უფრო გაახალისებს თქვენს დასვენებას. აქვე გირჩევთ ადგილობრივ ვაჭრებს ყოველთვის ევაჭროთ ფასებზე,მათთვის ეს ერთგვარი ხელოვნებაა და ამის გარეშე ნაწყენებიც კი დაგრჩებიან. რა თქმა უნდა ტრადიციული სამზარეულო გასინჯვა მოგზაურობის ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები