21 დეკემბერს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა 21-დან 25 დეკემბრამდე არსებული მნიშვნელოვანი განახლების პერიოდი, ენერგეტიკული წმენდა და ენერგეტიკული თავდაცვა გახლდათ. ანზორ ოდიშარიამ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო რეკომენდაცია გაგვიზიარა.
ანზორ ოდიშარია: დღეს, 21 დეკემბერს დაიწყო ათვლა დღეებისა, როცა მზე ცოტათი უფრო სუსტი, მინელებულია და მისი ენერგია არ არის ისეთი ძლიერი, როგორც აქამდე იყო. იწყება შობის პერიოდი და 25 დეკემბერს მზე იქნება უკვე ცოცხალი, ახალი ძალებით, ახალი ციკლით შემოვა ჩვენს სამყაროში. 25 დეკემბერს კარგია ახალი მოქმედებების, გეგმების, სურვილების ჩაფიქრება და ზოგადად, განახლება. თუ ჩვენ ამ დღეს მივცემთ იმპულსს, რომ ჩვენც გარკვეულწილად გადავინაცვლეთ, ვტრანსფორმირდით, ეს იქნება ძალიან კარგი მოქმედება, რომელიც დაგვეხმარება მთელი 2023 წლის განმავლობაში. ამ დღეს უნდა მოხდეს ემოციური მდგომარეობის გარკვეული ცვლილება, რაც უფრო აქტიურები, ხალისიანები ვიქნებით, მით უკეთ წარიმართება ჩვენი მომდევნო პერიოდი. ეს დღეები ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დღეებში ხდება ენერგეტიკული დაცვა, ენერგეტიკული წმენდა, ფინანსების, მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვა და ა.შ. ხშირად მეკითხებიან, რა საჭიროა ენერგეტიკული დაცვა. როცა ადამიანი გარეთ გამოდის, თუ მას არაფერი იცავს, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგალითად, უბედური შემთხვევა. რამდენი საფრთხე, წინააღმდეგობა და ბოროტებაა ჩვენს ირგვლივ, რამდენი აგრესიული ადამიანი და რატომღაც ჩვენ ეს ყველაფერი არ გვეხება, არ მოგვდის, ესე იგი ჩვენ ენერგეტიკულად დაცულები ვართ. არაფერი რომ არ ვთქვათ, ძალიან საშიში პრობლემაა ენერგო ვამპირებიც. არის შემთხვევები, როცა დაქალი თავის ქალას ართმევს ბედისწერას. გოგო წარმატებულია კარიერაში, პირად ცხოვრებაში და უცებ დაქალი ართმევს ამ კეთილდღეობას. გადის 9 თვე ერთი წელი და ეს გოგო იწყებს მისი ცხოვრებით ცხოვრებას, ის გოგო კი ცარიელდება და რჩება არაფრით, ვისაც უყვარდა, მასაც აღარ უყვარს, ვინც ემეგობრებოდა, ისიც აღარ ემეგობრება და ა.შ. არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, არიან ადამიანები, ვისაც ეს ენერგეტიკული დაცვა თავიდანვე აქვთ, რომელთაც თავიანთი საგვარეულო, ანგელოზები მფარველობენ, მაგრამ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტაა. რაც უფრო დიდია ადამიანის მისია ამ ცხოვრებაში, მით უფრო დიდი ენერგეტიკული დაცვა აქვთ ხოლმე მათ. ადამიანებისთვის, რომელთაც არ აქვთ დაცვა, სპეციალური თილისმები, ამულეტები არსებობს. ვინც მღერის, ცეკვავს, ხალხის წინ გამოდის, მათ უფრო ძლიერი დაცვა სჭირდებათ. კეთდება 12 წლიანი ან 20 წლიანი ენერგეტიკული დაცვა. ენერგეტიკულად ყველაზე დაზიანებულები არიან ადამიანები, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ, რომელთაც მუდმივად ხალხთან აქვთ შეხება. ენერგეტიკული დაცვა აუცილებელია და როგორც უკვე აღვნიშნეთ აუცილებელია, რომ 21-დან 25 დეკემბრამდე პერიოდში ჩადოთ ის მუხტი, რისი მიღებაც სამომავლოდ გსურთ. თუ თქვენ ხართ სუსტი, გრძნობთ, რომ რაღაც შიშები, ფობიები, ემოციები, სტრესი გაწუხებთ, ვერ პოულობთ ადგილს და შინაგანი დამოუკიდებლობის და მთლიანობის განცდა არ გაქვთ, მაშინ ამ პერიოდში უნდა მოიკრიბოთ ძალა და ისეთი უნარები მოიკრიბოთ, რომელიც სრულფასოვნების განცდას მოგცემთ. თუ თქვენ მეტად გაქვთ აგრესიულობა, ნეგატიურობა, თავადვე გაწუხებთ თქვენი თავი, უმჯობესია მეტი პოზიტივი გამოიჩინოთ. ზოგადად, აგრესიულები არიან ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად ეშინიათ, ყველაზე მეტად აწუხებთ შინაგანი შიშები. მან, ვინც თავის თავში დარწმუნებულია, იცის, რომ ყველა სირთულეს გაუმკლავდება.
ალბათ, უმჯობესია, რომ ნეგატიურ და აგრესიულ ხალხს არც მივაქციოთ ყურადღება…
მთლად ასეც ვერ ვიტყვით, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. უნდა გვესმოდეს და ვიცოდეთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ხომ არ გამოვიწვიეთ და ვაფორმირეთ ეს აგრესია, ჩვენ ვართ ამაში დამნაშავეები თუ უბრალოდ ამ პიროვნებისგან გამომდინარეა ეს აგრესია. შეუმჩნევლობა და სიტუაციის არ აღქმა, ყოველთვის არ არის სწორი გამოსავალი.
ძირითადად ადამიანებს მაინც უყვართ გადაბრალება და ფიქრობენ, რომ ყველაფერი სხვისი ბრალია.
ბევრი ფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი ამბობს, რომ ყველაფერი თქვენი ბრალია, ყველაფერი თქვენზეა, ყველაფერში თქვენ ხართ დამნაშავე და ეს სადღაც გვსტრესავს, რადგან ყველაფერი ხომ მართლა ჩვენზე არ არის, რაღაცებმა ხელი უნდა შეგვიწყოს. თუ შენ კარგი, კეთილი ადამიანი ხარ და აღმოჩნდი სივრცეში, სადაც ბოროტები არიან, ორი ვარიანტი გაქვს, დარჩე კეთილად და გაეცალო და მეორე – გახდე ბოროტი და შეუერთდე.
რატომ უყვართ ადამიანებს საკუთარი პიროვნების „შეფუთვა“ და სხვა სახით წარმოჩენა?
საზოგადოება აწესებს ამ მოთხოვნას. თუ შენ კეთილი ხარ მისაღები ხარ, თუ შენ ბოროტი ხარ და ამას მიჩვენებ, მაშინ პრობლემაა. ადამიანებს იმისთვის, რომ ადაპტირდნენ, კომუნიკაცია ჰქონდეთ, განვითარდნენ და მიწაზე თავიანთი პატარა ადგილი იპოვონ, სჭირდებათ, რომ ისეთი როლი მოირგონ, როგორიც საზოგადოებამ დაუწესა.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად