რაჭა- ლეჩხუმსა და სვანეთში ხანძრები ლიკვიდირებულია. რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველების მიერ განხორციელებულმა ოპერატიულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო და ხანძრის ყველა კერა რეგიონის მასშტაბით აღმოფხვრილია.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა მეხანძრე-მაშველს და ადგილობრივ მოსახლეობას, სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული ოპერატიული და ეფექტიანი სამუშაოებისთვის. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ სიფრთხილე, სტიქიით მოსალოდნელი რისკების, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური ზიანის თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს გოჩა ენუქიძე ჟურნალისტებთან საუბარში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს დილით რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დარჩენილი იყო ხანძრის 2 კერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.