რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო იერიშის შესახებ, თუმცა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო-ს შეფასებით, ამ ეტაპზე რადიოლოგიური გაჟონვის რისკი არ დაფიქსირებულა.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის საფრთხისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანი ატომურ ენერგიას ფლობს და საომარი მოქმედებების დროს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო იერიში ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია, ამ ეტაპზე ობიექტები დაცულია და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი.
„ვიცით, რომ ირანი ფლობს ატომურ ენერგიას და საომარი მოქმედებების დროს ის ყველაზე საფრთხის მატარებელია თუ შემთხვევითი იერიში მიტანილი იქნა ატომურ ელექტროსადგურზე. ჯერჯერობით ის დაცვის ქვეშ არის და რამდენადაც ვიცი, სრული მონიტორინგი წარმოებს.
ზოგადად, რადიაციული თემა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა კონფლიქტი ასე ახლოსაა. ატომური საერთაშორისო სააგენტო ძალიან დიდ დაკვირვებას აწარმოებს ირანში მიმდინარე ომზე, რომ არ მოხდეს გაჟონვა.
მონიტორინგის სისტემა ჩვენც გვაქვს და მუდმივად ვფლობთ ინფორმაციას, რა მდგომარეობაშია ფონური მონაცემები. ამ ეტაპზე საფრთხის და პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ – განაცხადა ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
