პარასკევს რადიო ”არ დაიდარდოში” თაკოს საავტორო გადაცემის ”რადიო დუეტის” სტუმარი ქართველი როკ-ინსტრუმენტალისტი, ვირტუოზი გიტარისტი და კომპოზიტორი კაკო ვაშალომიძე იყო. საუბარი შეეხო მის მუსიკალურ კარიერას და სამომავლო გეგმებს. ასევე სტუმარმა პირდაპირ ეთერში მსმენელს რამდენიმე კომპოზიციაც შეთავაზა.
– როგორც ვიცი, თქვენ სხვადასხვა ანსამბლებში მოღვაწეობდით. როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა?
– მუსიკა ჩემი ბავშვობიდან იწყება. რაც თავი მახსოვს, სულ ვუკრავ. ჯერ იყო ეზოს ანსამბლი, შემდეგ – სკოლის. ცოტა რომ გავიზარდე, გორკის კლუბში გადავინაცვლე, სადაც ანსამბლ ”ცისკარში” ვუკრავდი. შემდეგ ჩავაბარე ინსტიტუტში და, რა თქმა უნდა, იქაც არ ვყოფილვარ მუსიკის გარეშე. ვუკრავდი ყოფილი გეპეის ორკესტრში, საიდანაც მიგვიწვიეს ფილარმონიაში. ამას მოყვა უამრავი სხვადასხვა ანსამბლი: ”კოლხეთი”, ”ენგური” და სხვები. საერთო ჯამში, ბევრი ვიმოძრავეთ. მახსოვს, ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ გავჩერებულვართ.
– მძიმე პერიოდს დაემთხვა თქვენი მოღვაწეობა ანსამბლ ”ოკეანში”, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
– დიახ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო, ეს ანსამბლი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ხალხს მხარდაჭერა ჭირდებოდა და სწორედ ამ მორალურ მხარდაჭერას გრძნობდა ჩვენგან. ”ოკეანე” გახლდათ როკ-ანსამბლი და ჩვენი ძირითადი თემები პოლიტიკური იყო, ანუ ის, რაც იმ დროს ყველაზე მეტად ანაღვლებდა ხალხს.
”ოკეანეს” მოყვა ”დიქსი ლენდი”, ”აკუსტიკური ტრიოები” და კიდევ ბევრი ექსპერიმენტი. სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრება. ბევრი მუსიკა და ბევრი საინტერესო ადამიანი.
– დღეს რომელ ანსამბლში მოღვაწეობთ?
– დღესაც ერთდროულად რამდენიმე ანსამბლში ვარ: ”75”-ის ახალი ვერსია, ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრი, ”დიქსი ლენდი თბილისი”, ”აკუსტიკური კვარტეტი”. როგორც მე ვუწოდებ ადუღებული მუსიკალური ცხოვრება მაქვს. ანუ, ვაკეთებ იმას, რისი მოთხოვნილებაც ყველაზე მეტად მაქვს.
– სამომავლოდ თუ გეგმავთ საინტერესო პროექტებს?
– მომავალში ვაპირებ რამდენიმე ახალი ალბომის გამოშვებას. ესენი იქნება: ”ცხელი გული”, რომელიც მთლიანად ქართული კომპოზიციებისგან შედგება, ასევე ”ჩემი კინომუსიკა”, ”აკუსტიკური გიტარა” და ”ბალადები”. მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს და კომპოზიციების დიდი ნაწილი ჩაწერილია. მსმენელი მათ ძალიან მალე იხილავს.
კაკო ვაშალომიძე – თუშური
გადაცემის ჩანაწერი
გადაცემის ვიდეო კოლაჟი
რადიო არ დაიდარდო. კაკო ვაშალომიძე. Live 1
რადიო არ დაიდარდო. კაკო ვაშალომიძე. Live 2
ფოტოები