რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „თურქეთის ავიახაზების“ სოციალური პროექტი „ბედნიერების მარათონი – დედის დღე „თურქეთის ავიახაზებთან“ ერთად“ დასრულდა. 2 მარტს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მთავარ ოფისში, „თურქეთის ავიახაზების“ წარმომადგენლებთან ერთად, გამარჯვებულების დაჯილდოება შედგა. პროექტის ინსპირაცია სწორედ 3 მარტი გახდა, თარიღი, როდესაც საქართველოში დედის დღე აღინიშნება.
პროექტის გამარჯვებულია იზა წიგნაძე, რომელიც 3 მარტს, დედის დღეს, დედასთან შესახვედრად სწორედ „თურქეთის ავიახაზების“ დახმარებით გაემგზავრება.
პროექტის წესების მიხედვით, ერთი გამარჯვებული უნდა გამოვნელილიყო, თუმცა პროექტის ორგანიზატორებმა მიიჩნიეს, რომ შემოსული უამრავი წერილიდან, ერთი გამარჯვებულის გარდა, სამი ძალიან ემოციური და საინტერესო წერილის ავტორიც გამოევლინათ, რომლებიც კვირის რჩეულები გახდნენ და პრიზად მათთვისაც გადაეცათ ბილეთები დედის სანახავად. მარიამ ურიდია, იზა წიგნაძე და მარიამ მესხორაძე ასევე მოინახულებენ დედებს, რომლებიც საზღვარგარეთ, ემიგრაციაში არიან…
„ფორტუნას“ და „თურქეთის ავიახაზების“ ერთობლივი პროექტის დაწყების შესახებ 29 იანვარს გამოცხადდა. მისი მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოში და სხვა ქვეყანაში მყოფი დედა-შვილის ერთმანეთთან დაკავშირება. ეს მიზანი „თურქეთის ავიხაზებმა“ და რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ ერთობლივად დაისახეს. მას შემდეგ, რაც პროექტი დაიწყო, რადიოჰოლდინგმა უამრავი წერილი მიიღო, სადაც ემოციებით სავსე ამბები იყო მოთხრობილი – დიდი მანძილის, დაშორებისა და მონატრების, კვლავ ნახვის სურვილით შთაგონებული…
ყოველდღიურად რადიო „ფორტუნას“ და ,,არ დაიდარდოს” ეთერში თათა სადრაძის სპეციალურ გადაცემაში ,,ბედნიერების ერთთვიანი მარათონი” ყველაზე გამორჩეულ წერილებს აცნობდნენ რადიომსმენელს, პარასკევს კი კვირის გამარჯვებული სახელდებოდა.
წერილებს შორის, რომლებსაც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ დედას მონატრებული ადამიანები უგზავნიდნენ, რამდენიმე განსაკუთრებით შთამბეჭდავი ამბავი ამოვიკითხეთ.
„სულ ვამბობ რომ არ არსებობს, ალბათ, ადამიანი რომელსაც დედა არ უყვარს, არ ენატრება, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვილაპარაკებ საკუთარ მონატრებაზე… დედა ჩემთვის არის ის ამომავალი წერტილი, რომლის გარეშე უბრალოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, რომლის არსებობა ჩემი არსებობის წამიდან ცვლის მთელ ჩემს ცხოვრებას… ამ წერილს გწერთ ახლა და ყველა ის გრძნობა განმიახლდა, რაც დედის წასვლის შემდეგ ყოველდღიურად არსებობს ჩემში.
სოციალურმა სამყარომ შედარებით გაამარტივა ყველაფერი, ეკრანიდან მაინც შემიძლია ვუყურო მის ციმციმა თვალებს, მაგრამ… ვაი, რა ვუთხარი ისეთ ნახვას, როცა მას ვერ ეხები, ვერ ეხუტები, ვერ გრძნობ მის სუნს.. დედის სუნს ხომ სამყაროში ვერაფერი შეედრება, ყველაფერს დავთმობდი ახლა იმისთვის რომ თუნდაც 5 წუთი შევძლო მისი სუნის შეგრძნება. ზუსტად ვიცი და მჯერა რომ ძალიან მალე შევძლებ იმას რისთვისაც ამდენი ხანია ვიბრძვით .. მჯერა და მწამს იმის, რომ შევძლებთ – დედა დაბრუნდეს და სამუდამოდ ჩემთან იყოს, ჩემი ძვირფასი დედიკო…“, წერს მარიამ ურიდია, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები დედის სიახლოვის გარეშე გაატარა…
„ერთ დღეს გავიგე რომ დედა ემიგრაციაში უნდა წასულიყო, ვერ ვიჯერებდი, რადგან ეს გადაწყვეტილება ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ძალიან მიუღებელი იყო. ეს ნაბიჯი ჩემს ცხოვრებას სრულად შეცვლიდა, წარმოიდგინეთ, დედისგან მოშორებით არასდროს ვყოფილვარ. არასდროს მიგრძნია მისი სითბოს ნაკლებობა. არასდროს მიგრძნია მისი მონატრება, მაგრამ ახლა? ახლა იმავეს ვერ ვიტყვი.
ყოველთვის მესმოდა ბავშვების, რომლებსაც დედა ემიგრაციაში ჰყავდათ, მაგრამ როდესაც მე დამჭირდა, რომ ჩემი თავისთვის გამეგო, მეგონა, უძლური ვიყავი. მეგონა, ყველაზე სუსტი ადამიანი ვიქნებოდი და იცით, რატომ? იმიტომ, რომ დედა იყო ყოველთვის ჩემი საყრდენი კედელი და მაშინ, როცა ყველაზე მეტად დამჭირდებოდა – დედა გვერდით არ მეყოლებოდა…“, აღნიშნავს პროექტის კიდევ ერთი კვირის რჩეული, თამარ ქიმაძე.
ბელგიაში ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის კიდევ ერთი წერილის ავტორის, იზა წიგნაძის დედა:
„სულ შემთხვევით გავიგე რადიოში, რომ იყო ასეთი სასწაული გათამაშება და რატომღაც გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი… იქნებ, კიდევ ვნახო დედა, რომელიც უკვე დიდი ხანია არ მინახავს და არ ვიცი, საერთოდ ვნახავ თუ არა… ვერ ვეტყვი, ჩამოვიდეს, რადგან აქ ვერ ვუშველი, უბრალოდ, იმდენად მძიმედ არის, ხელებსაც ვერ ამოძრავებს ხოლმე ტკივილებისგან.
ალბათ, ყველას ძალიან უნდა დედასთან ან შვილთან ჩასვლა და ჩახუტება, მაგრამ დედას ეს დღეს ყველაფერზე მეტად სჭირდება… თან, 8 მარტს დაბადების დღე აქვს და ძალიან ბედნიერი იქნებოდა, თუკი გვერდით ვეყოლებოდით.
მადლობა ამ კომპანიებს, რომ ასეთ შესაძლებლობას გვაძლევთ. ყველას მინდა ვუსურვო წარმატება! გინდაც მე ვერ გავიმარჯვო, იმითაც ბედნიერი ვიქნები, რომ არიან ადამიანები, ვისაც გაუმართლებთ და დედას ჩაეხუტებიან…“
„მარიამი ჩემი საოცარი გოგოა, დედა გმირი და პატარა და, მათი ღიმილის და ბედნიერების მიზეზი..
ემიგრანტების შვილებს ეს ტკივილიც ჰყოფნით, ადროვეთ, შეარგეთ ღიმილი.
მათ სევდიან თვალებს ვადროოთ ღიმილი..
ერთ დროს თვალებციმციმა გოგოს დედიკო დაბრუნდება ემიგრანტობიდან, მას ჯერ კიდევ სჯერა ბავშვური ოცნებების, ჯერ კიდევ შეუძლია იყოს ბავშვი და თუ ვერ დაიბრუნებს გასულ წლებს, იმას მაინც შეძლებს ამოგზაუროს დედა დაკარგულ წლებში…“, ეს კიდევ ერთი წერილიდან ამონარიდია, რომელსაც მარიამ მესხორაძე აწერს ხელს…
პროექტის ფარგლებში მიღებული ემოციური, საინტერესო და ორიგინალური წერილები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რა მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რის შესახებაც პროექტის იდეის ავტორები და ორგანიზატორები საუბრობენ.
თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:
როგორც მოგეხსენებათ, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს „თურქეთის ავიახაზებთან“ სხვადასხვა პროექტით. შარშან, ბატონმა ქენანმა მოგვმართა თხოვნით, – მას სურდა, განსაკუთრებული სიურპრიზი გაეკეთებინა იმ ქართველი დედისთვის, რომელსაც დიდი მანძილი აშორებდა თავისი შვილისგან.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მთელი გუნდით, დიდი სიამოვნებთ ჩავერთეთ ამ ინიციატივაში და წარმატებით განვახორციელეთ ეს პროექტი.
იმდენად ემოციური და სენსიტიური ისტორიები გამჟღავნდა პროექტის მსვლელობისას, რომ ბატონმა ქენანმა გადაწყვიტა არა ერთი, როგორც თავიდანვე იყო დაანონსებული, არამედ ოთხივე კვირის გამარჯვებული კონკურსანტებისთვის გადაეცა ბილეთები დიდი ხნის უნახავი დედების სანახავად.
ჩვენი ერთობლივი პროექტის და ამ ჰუმანური იდეის შედეგად, 4 დედა-შვილი გაბედნიერდა.
ამ პროექტმა არა მხოლოდ დედა-შვილი გააბედნიერა, არამედ ყველას შეგვახსენა სიკეთისა და თანამშრომლობის ძალა!..
ქენან ინჯე, „თურქეთის ავიახაზების“ გენერალური მენეჯერი:
„ეს პროექტი ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის, რადგან ამ შემთხვევაში, „თურქეთის ავიახაზები“ წარმოდგენილი იყო არა როგორც ერთ-ერთი ლიდერი ავიაკომპანია, არამედ კომპანია, რომელიც ზრუნავს ოჯახებზე და აერთიანებს მათ გულებს. რადგან საქართველოში დედის დღე განსაკუთრებული დღესასწაულია, ჩვენც გაგვიჩნდა იდეა, რომ განსხვავებულად აღგვენიშნა ეს დღე და დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან მანძილით და დროით დაშორებული დედა-შვილი. ამ საინტერესო იდეის განხორციელება რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“ ერთად შესაძლებელი გახდა და ერთი თვის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ და წავიკითხეთ არაერთი წერილი, უფრო კარგად დავინახეთ და გავითავისეთ დედების თავდადება, თანადგომა და უსაზღვრო სიყვარული საკუთარი ოჯახების მიმართ, შედეგად კი გვყავს 4 რჩეული, რომელთაგან არცერთი დავჩაგრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ოთხივე მათგანი დავაჯილდოვოთ პრიზით – ბილეთით“.
ირინა ჟორჟოლიანი, „თურქეთის ავიახაზების“ რეგიონული გაყიდვების მენეჯერი:
„პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა, რადიო „ფორტუნას“ მთელ გუნდს, ეთერში თუ ეთერს მიღმა, ასევე ბატონ ნიკოლოზ წულუკიძეს, ჩვენს კეთილი ნების ელჩს.
ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტი და ყველა ჩვენგანისთვის აღმოჩნდა ემოციური, საინტერესო და მართლაც განსაკუთრებული. ნამდვილად გაგვიჭირდა, რადგან წერილები იყო საოცრად გულწრფელი, ემოციური და გადმოსცემდა რეალურ, ცხოვრებისეულ ისტორიებს. გარდა იმისა, რომ გადმოცემული იყო ცხოვრებისეული მომენტები, გაოცებული დავრჩი შემოქმედებითობითა და პოეტურობით, რადგან განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება ამ ემოციების წერილში გადმოტანასაც.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს!“
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თათა სადრაძე:
„დედის დღე განსაკუთრებული დღეა თითოეული შვილისა თუ დედისთვის. ბედნიერებაა, როცა დედა გვერდით გყავს და მის სითბოს გრძნობ, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც გარკვეული გარემოებების გამო, იძულებულია საქართველოდან შორს გადაიხვეწოს, რათა შვილები და ოჯახი არჩინოს. პირველად, როცა გაჟღერდა იდეა ოჯახების გაერთიანებასთან დაკავშირებით და პროექტის სლოგანიც ასეთია – „ვაერთიანებთ ოჯახებს”, ერთთვიანი მარათონის ფარგლებში, ძალიან გამიხარდა და დიდი სიამოვნებით ჩავერთე პროექტში. თუმცა მაშინ არ მიფიქრია, რაოდენ რთული აღმოჩნდებოდა ეს ერთი თვე ჩემთვის. ყოველდღე ჩემ თვალწინ ცოცხლდებოდა მონაწილეთა ისტორიები, ის გულისტკენა და მონატრება, რომელიც ზოგჯერ 5, 7 და 15 წელიც კი გრძელდება… წლები, რომლებიც გაილია უერთმანეთოდ… სიმართლე გითხრათ, არც ერთ ეთერს არ ჩაუვლია ყელში მომდგარი ბურთის გარეშე, ბევრჯერ თვალცრემლიანი გამოვსულვარ ეთერიდან, თუმცა დღეს ბედნიერი ვარ. ამაყად მინდა თქვა, რომ ჩვენ შევძელით წამიერად მაინც ამ ადამიანების გაბედნიერება. დიახ! სწორედ დედის დღეს ჩაეხუტებიან დედას შვილები და შვილებს – დედები. მადლობა „თურქეთის ავიახაზებს“, მადლობა ჰოლდინგ „ფორტუნას“, რადგან ამ დიდი ბედნიერების მონაწილე გამხადა. ეთერს ამ სიტყვებით ვასრულებდი და ახლაც გავიმეორებ – დე, დადგეს ის დღე, როცა არც ერთი ემიგრანტი აღარ გვეყოლება, ადამიანებს აღარ მოუწევთ ოჯახების დატოვება. გვიყვარხართ, გაფასებთ და საუკეთესოები ხართ – დედებ, რომლებმაც შვილების გამო შეუძლებელი შეძელით!..
ნიკოლოზ წულუკიძე, პროექტის კეთილი ნების ელჩი:
რა თქმა უნდა, დედისა და შვილის ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ძალიან დასაფასებელია წამოწყება, რომელიც სოციალური თუ სხვა პრობლემებით გაწყვეტილი კავშირის აღდგენას უწყობს ხელს. ჩემთვის დედა-შვილის ურთიერთობა ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელია, ერთგვარი ხატებაა, რომელიც უძლიერესი საყრდენია და მთელი ცხოვრება გაძლიერებს. ჩვეულებრივ, ადამიანებს ყველაფერი შენგან უნდათ, დედა კი, ერთადერთია, რომელსაც ყველაფერი შენთვის უნდა. დედა-შვილის სიყვარულს, რომელიც მარადიული და უწყვეტია, ვერც დრო ანგრევს, ვერც დისტანცია, ამიტომ ყველა წერილი დედის მისამართით ან პირიქით – გულწრფელი და საოცრად ემოციურია. ძალიან მომწონს ახალი პროექტი, რადგან ერთგვარ ზნეობრივ მაგალითს აძლევს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, მამასაც უზარმაზარი ამაგი აქვს, მაგრამ დედას სულ სხვა ემოციური კავშირი აქვს შვილთან.
მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ